გადაწყვეტილება №21417/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21417/2/2023
31 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 26.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21417/2/2023).
დავის საგანი:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2023 წლის 1) №ELC28832, 2) №ELC28833, 3) №ELC28834 და 4) №ELC28835 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
3. შემოსავლების სამსახურის 24.02.2021 წლის №4743 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28759 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 4 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, 5.01.2021 წელს ------ის (პასპორტის №-----) სახელზე შემოტანილ 4 სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ ------; ს/ნ -----; ს/ნ ------; ს/ნ -----) დაირღვა გამოცხადების/დეკლარირების ვადა (ბოლო ვადა 6.03.2021 წ). აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ზონიდან გაყვანა განახორციელა მომჩივანმა, რომელიც წარმოადგენდა ------ის (პასპორტის №------) წარმომადგენელს.
საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის შემდეგ აიღო მათი გადაზიდვის პასუხისმგებლობა და რადგან მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტებზე, 2.11.2023 წელს შედგენილ იქნა №ELC28832, №ELC28833, №ELC28834 და №ELC28835 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.11.2023 წლის №28759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო მომჩივანის მიმართ გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 შეტყობინება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 შეტყობინება (საბაჟო დეპარტამენტის 31.01.2021 წლის №EL125170 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან ერთად) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.02.2021 წლის №4743 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საბაჟო დეპარტამენტის 31.01.2021 წლის №EL125170 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება და შემოსავლების სამსახურის 24.02.2021 წლის №4743 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.06.2021 წლის №12542/2/2021 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბაჟო დეპარტამენტის 31.01.2021 წლის №EL125170 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების და შემოსავლების სამსახურის 24.02.2021 წლის №4743 ბრძანების თაობაზე მომჩივნის მიერ 12.10.2021 წელს საბჭოში განმეორებით წარმოდგენილია საჩივარი (რეგისტრაციის №14724/2/2021). საბჭოს 29.10.2021 წლის №14724/2/2021 გადაწყვტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28759 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, მომჩივანი ასევე არ ეთანხმება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლზე, 71-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 165-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის -------ის (პასპორტის №-----) წარმომადგენელის - -------ს (პ/ნ -----) მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ოთხ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო გამოცხადებისა და დეკლარირების ვადები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტებს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაცემულია სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებისთვის, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გაცემული მინდობილობის საფუძველზე კი, ------ს (პ/ნ -----), როგორც წარმომადგენელს, უფლება ჰქონდა განეხორციელებინა --------ის სახელზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი, გაფორმება, გაყიდვა, დაგირავება და საკუთარ სახელზე გადაფორმება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის ევაკუატორის მძღოლი და ახდენს მანქანების გადაყვანას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რამდენიმე მანქანა, რომლის ტრანსპორტირება მოახდინა თბილისამდე არ განბაჟდა და არ გაიარა დეკლარირება. ეს მანქანები პატრონებს ჩააბარა, ასე ხდება მის საქმიანობაში, აბარებს მეპატრონეებს და ისინი ანბაჟებენ მანქანებს, რადგან არცერთი მეპატრონე არ აძლევს იმის უფლებას, რომ განაბაჟოს რომელიმე მანქანა. ეს მანქანები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, მისი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ მანქანების ტრანსპორტირებას. საბაჟო ორგანო ითხოვს იმ მანქანების განბაჟებას, რომლებიც წლების წინ დაუტოვა მეპატრონეებს, მათ ვის სახელზეც იყო ჩამოსული ეს მანქანები. მთელი ცხოვრება კანონმორჩილი ადამიანია, იხდის ყველა გადასახადს, რაც ეკისრებოდა სახელმწიფოს წინაშე, ამდენი წლის განმავლობაში მსგავსი პრობლემის წინაშე არასოდეს ყოფილა, ამ ამბავმა უდიდესი ფსიქოლოგიური ზიანი მოუტანა მას და მისი ოჯახის წევრებს, ერთადერთი გამოსავალი, რაც იპოვა არის ის, რომ აღარ ემსახურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რადგან ასეთი პრობლემა მხოლოდ მათ მანქანებზე შეექმნა.
სავარაუდოდ ამ მანქანებს შლიან და ყიდიან ნაწილებად, რითიც შეუძლია დახმარება მაქსიმალურად ეცდება. ცადა მეპატრონეებთან დაკავშირება, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ეუბნებიან საქართველოში არ იმყოფებიან, მეტიც ზოგიერთი მათგანი არის ძებნაში. ითხოვს დახმარებას.
ბრძანებაში, რომელიც გაიგზავნა rs.ge-ზე, სადაც არ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა წერია, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამ მანქანების განბაჟება 2020 წელს უნდა მომხდარიყო წარმოდგენა არ ჰქონდა თუ მომხმარებლები მანქანებს არ ანბაჟებდნენ, ამ ყველაფერს ერთდროულად 2023 წელს გებულობს.
უფრო ადრე რომ ცოდნოდა და შეეტყობინებინათ ეს მომენტალურად შეწყვეტდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე მანქანების გამოყვანას პორტიდან, არ აძლევს მომხმარებელი იმის უფლებას, რომ განუბაჟოს მანქანები, მაშინ შეიცვალოს გამოყვანის ფორმა (მინდობილობა), სადაც არ დაეკისრება მსგავსი პასუხისმგებლობა, რომ თავიდან აირიდოს ასეთი გაუგებრობა. რაც შეეხება ------ს მოქალაქე -------ს მისი მინდობილობა გადანდობის უფლებით ჰქონდა, სადაც საქართველოს მოქალაქე ------მ (პ/ნ -----) როგორც -------ს წარმომადგენელმა მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო -------ს წარმომადგენელი.
სწორედ ამ ადამიანს ენდო, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აუცილებლად დაურთავს მინდობილობას.
სავარაუდოდ ეს ორი ადამიანი ერთად შლის მანქანას, ------ზე რაც გაარკვია არის ის, რომ არ იმყოფება საქართველოში, ქვეყანაში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულების გამო. საქმიანობა გრძელდება, მაგრამ თავის სახელზე ვერ გამოყავს მანქანები და ამ ამბის მერე, როცა გაიგო როგორც უნდა მოქცეულიყო განბაჟებასთან დაკავშირებით მის საქმიანობას პრობლემა არ შექმნია, რადგან იცის, რომ ეკისრება განბაჟების ვალდებულება, აღარ მიჰყავს მანქანები სხვა ქვეყნის მოქალაქეების სახელზე.
როგორც ახლა ოპერატიულად მოსდის აქ ამ პრობლემებზე შეტყობინება წლების წინაც ასე რომ ყოფილიყო, ამხელა პრობლემის წინაშე არ იქნებოდა.
არ იცის სად არის ეს მანქანები, თითოეული მეპატრონეს ჩააბარა და თუ საჭიროდ ჩაითვლება ნებისმიერ დროს მზად არის თანამშრომლობისთვის.
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ------- არის მათი პირდაპირი წარმომადგენელი. საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საბაჟო ფორმალობის განხორციელებისას ირიბ წარმომადგენელს ეკისრება ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორიც დაეკისრებოდა შესაბამისი დავალების მიმცემ პირს. საბაჟო კოდექსით პირდაპირ წარმომადგენელს პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე არ ეკისრება. საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.
მხოლოდ სამ შემთხვევაში მიიჩნევა პირი ირიბ წარმომადგენლად: 1. როდესაც პირი განაცხადებს, რომ არის ირიბი წარმომადგენელი, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია; 2. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, რასაც ასევე არ აქვს მოცემულ შემთხვევაში ადგილი, რადგან მან წარადგინა საბაჟო დეპარტამენტში მინდობილობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოქმედებდა მარწმუნებლის სახელით და 3. აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, რასაც ასევე არ აქვს ადგილი, რადგან მას თან ჰქონდა მინდობილობა, რომელიც წარადგინა საბაჟო დეპარტამენტში, შესაბამისად, გააჩნდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი მხრიდან მინდობილობის წარდგენით ნათლად და მკაფიოდ იყო გაცხადებული საბაჟო დეპარტამენტისათვის, რომ იყო პირდაპირი წარმომადგენელი.
ტერმინი პირდაპირი და ირიბი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მისთვის უცნობი იყო, რადგან არ არის იურისტი და არ იცის საბაჟო რეგულაციები და არც ევალებოდა მისი ცოდნა, რადგან ავტომობილი მას არ ჩამოუყვანია უცხოეთიდან, მას არ უნდა განებაჟებინა იგი და არც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა გარდა ავტომობილების ტრანსპორტირებისა, შესაბამისად, არც მოეთხოვებოდა, რომ გარკვეული ყოფილიყო საბაჟო კანონმდებლობაში.
შესაბამისად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არ იყო პირი ვისაც შეიძლება დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, საბაჟო დეპარტამენტმა და არც შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულზე საერთოდ არ იმსჯელა, არ განსაზღვრეს თუ რა ტიპის წარმომადგენელი იყო, პირდაპირი თუ ირიბი და შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე მიიღეს ზემოაღნიშნული. თუნდაც განხილულიყო ირიბ წარმომადგენლად, იმის გამო, რომ არ აქვს და არც მოეთხოვებოდა საქმიანობიდან გამომდინარე საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა და რაიმე დარღვევას განზრახ არ ჩაიდენდა, უნდა გაეთავისუფლებინა შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს პასუხისმგებლობისაგან, რადგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნული ავტომობილები არ იცის სად არის და რა მოუვიდა მათ. ის არასოდეს იყო არც მისი საკუთრება და არც ჩამოყვანით ჩამოუყვანია მას, შესაბამისად, გაურკვეველია როგორ უნდა წარმოადგინოს ავტომობილი და საიდან უნდა ფლობდეს ინფორმაციას ავტომობილის ადგილსამყოფელის შესახებ. თუ ვის გადასცა ავტომობილები ამას კონკრეტულად უთითებს და ასევე თუ ვის ეკუთვნოდა ავტომობილი, აგრეთვე, წარმოდგენილი აქვს მინდობილობა. მინდობილობა, რომ არ ჰქონოდა წარდგენილი იმის გამო, რომ არ იცის საბაჟო კანონმდებლობა, თავად საბაჟო დეპარტამენტს შეეძლო და უნდა მოეთხოვა მინდობილობა საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, მისი მხრიდან წარდგენილი იყო მინდობილობა და მიუხედავად ამისა მაინც დაეკისრა პასუხისმგებლობა, როცა მას დარღვევა არ ჩაუდენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად არის განსაზღვრულ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
არასოდეს განუბაჟებია მომხმარებლის მანქანა ,რადგან ამის უფლებას მეპატრონეები არ აძლევენ (თავად ანბაჟებდნენ) არ იცოდა თუ ამისთვის უნდა მიექცია ყურადღება. რაც ამ პრობლემის წინაში დადგა მკაცრად აკონტროლებს განბაჟების პროცესებს.
ითხოვს სრულად გათავისუფლდეს არსებული ჯარიმებისგან, რადგან მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე არ იცოდა, რომ მანქანების განბაჟების პასუხისმგებლობა უნდა აეღო საკუთარ თავზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28759 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების ნაწილი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას აიღო მისი შემდგომი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის ამ ნაწილში საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი ასევე ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა 16.03.2021 წელს წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რაზეც მიღებულია საბჭოს 4.06.2021 წლის №12542/2/2021 გადაწყვეტილება. ასევე, საბჭოში მომჩივნის მიერ 12.10.2021 წელს რეგისტრირებული საჩივრით (რეგისტრაციის №14724/2/2021) მოთხოვნილი იყო შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმება, რაც საბჭოს 29.10.2021 წლის №14724/2/2021 გადაწყვეტილებით დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2.02.2021 წლის №064-197 შეტყობინება, არაერთგზის გასაჩივრებულია, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და მიღებულია გადაწყვეტილებები აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, 5.01.2021 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე შემოტანილ 4 სატრანსპორტო საშუალებაზე დაირღვა გამოცხადების/დეკლარირების ვადა (ბოლო ვადა 6.03.2021 წ). აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ზონიდან გაყვანა განახორციელა მომჩივანმა, რომელიც წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელს. საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მომჩივანმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების შემოტანის შემდეგ აიღო მათი გადაზიდვის პასუხისმგებლობა და რადგან მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტებზე, 2.11.2023 წელს შედგენილ იქნა №ELC28832, №ELC28833, №ELC28834 და №ELC28835 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28759 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, უზრუნველყოფის ღონისძიების გასაჩივრების ნაწილი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ზ".
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 14, 71(1)(2), 165.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.