ბრძანება N 29385
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29385
28 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,----- -ის “ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა შპს ,,------ -ის “ (ს/ნ "------") №84270/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №125-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. მომჩივანი ითხოვს შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ანგარიშიდან განხორციელებული გადარიცხვის საფუძველზე, ამერიკული საიტებიდან შეძენილ პროდუქციაზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებას.
2. მომჩივანი ითხოვს უკან მობრუნებული, გამოუსადეგარი ტელეფონების ჩამოწერის აქტების გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6425 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,------ ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 11 ოქტომბრის №25292 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე წლის 12 ოქტომბრის №125-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 186 545 ლარი, მათ შორის გადასახადი 108 677 ლარი, ჯარიმა 52 735 ლარი და საურავი 25 133 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.12.2015 წელს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 11.10.2016 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა, როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა. საქმიანობას ახორციელებს ქალაქ "------" ში , იჯარით აღებულ ფართებში. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადასახადის გადამხდელი არ აღრიცხავს რეალიზებული საქონლის ჩამოწერას. ამასთან, განვადებით რეალიზაციისას ვერ ხერხდება საქონლის იდენტიფიცირება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილით და შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფრმაციო სისტემის მონაცემებზე და გადამხდელის მიერ წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული (ასაევე გადამხდელის მიერ წერილობით დადასტურებული) ფასნამატი 10%. ზემოთ აღნიშნული პრინციპით დაანგარიშებულ იქნა შემოსავალი, რომელიც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159- ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების მიერ ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლები და საბანკო ამონაწერები. ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული გაწეული ხარჯი, გაცემული ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. კომპანიას საქონელი შეძენილი აქვს ონლაინ ბაზარზე (EBAY). სადაც გადარიცხული აქვს თანხები როგორც ფიზიკური პირის, ასევე კომპანიის ანგარიშებიდან, შესაბამისად, ვერ იდენტიფიცირდება შპს ,,------ - ის “ მიერ შეძენილი საქონელი. გადამხდელის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი შეძენის და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე ,,კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების თანახმად განისაზღვრა ხარჯი (75%). რომელიც ჩართული იქნა გამოსაქვით ხარჯში. შედეგად, გამოვლინდა 103 598 ლარი განკარგვადი თანხა. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, ,,სხვა ჯარიმების“ გამოყენების შესახებ N2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად პირი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას საქონელი შეძენილი აქვს ონლაინ ბაზარზე (EBAY). სადაც გადარიცხული აქვს თანხები როგორც ფიზიკური პირის, ასევე კომპანიის ანგარიშებიდან, შესაბამისად, ვერ იდენტიფიცირდება შპს ,,------ -ის “ მიერ შეძენილი საქონელი. გადამხდელის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი შეძენის და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, პირი, რიგ შემთხვევებში, ვერ ახერხებდა ამერიკულ საიტებზე სმფ-ის შესაძენად თანხის გადარიცხვას კომპანიის ანგარიშიდან, ამიტომ თანხა გადარიცხული აქვს ფიზიკური პირის ანგარიშიდან და აღნიშნული ხარჯი არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხით შეძენილი საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული ხარჯის გათვალისწინება, ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანია, საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად, აწარმოებს უკან მობრუნებული გამოუსადეგარი ტელეფონების ჩამოწერის აქტებს, აღნიშნული აქტები არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების მიერ. გადამხდელი ითხოვს მათი გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,------ - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხით შეძენილი საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული ხარჯის გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი ითხოვს შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ანგარიშიდან განხორციელებული გადარიცხვის საფუძველზე, ამერიკული საიტებიდან შეძენილ პროდუქციაზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებას.
2. მომჩივანი ითხოვს გამოუსადეგარი ტელეფონების ჩამოწერის აქტების გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით,დაანგარიშებულ იქნა შემოსავალი, რომელიც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. შედეგად,გაიზარდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა განკარგვადი თანხა.აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.ამასთან, ,,სხვა ჯარიმების“ გამოყენების შესახებ N2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად პირი დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,159,163,164.