გადაწყვეტილება №22192/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22192/2/2024
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------სი“ (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ის“ 8.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22192/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №094-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №829 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 16 407 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 16 070
საურავი - 337
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 16 070 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა (ელ. ფაქტურები ეა------- (დღგ 14 758 ლარი) და ეა-------- (დღგ 1 311 ლარი).
2023 წლის 2 ნოემბერს მომჩივანს გაეგზავნა შეტყობინება დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ, რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია და დასაბეგრ სხვაობაზე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 27 ნოემბერს №002217 ბრძანების შესაბამისად, მოხდა 16 070 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა საურავი 337 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე გამოიცა 2023 წლის 27 ნოემბრის №094-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2023 წლის 25 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №829 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 43-ე, 61-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები. შედეგად გამოვლინდა სხვაობა 16 070 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება საურავს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საურავი კანონშესაბამისია და არ ექვემდებარება შემცირებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხული დღგ-ის ოდენობას (16 070 ლარი) მომჩივანი არ ეთანხმება, ასევე არ ეთანხმება დაკისრებულ საურავს. მისი გაანგარიშებით, ძირითადი თანხა შეადგენს მცირე რაოდენობას - 14 070 ლარს და საჭიროებს გადაანგარიშებას. ითხოვს დაკორექტირდეს დარიცხული დღგ-ის თანხა 14 070 ლარზე და სრულად გაუქმდეს დაკისრებული საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.02.2024 წლის №13843-21-12 წერილით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 16 070 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. 2023 წლის 2 ნოემბერს მომჩივანს გაეგზავნა შეტყობინება დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ, რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია და დასაბეგრ სხვაობაზე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მოხდა 16 070 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა.
მომჩივანი ითხოვს დარიცხული დღგ-ის კორექტირებას, თუმცა არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტირებულ დასაბუთებას, რაც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი. ამასთან, დადგენილ ვადაში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, მომჩივანს დაეკისრა სანქცია საურავის სახით.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საურავისგან გათავისუფლებასაც.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის 2023 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 16 070 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა.
2023 წლის 2 ნოემბერს მომჩივანს გაეგზავნა შეტყობინება დასაბეგრი დოკუმენტების შესახებ, რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია და დასაბეგრ სხვაობაზე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, №002217 ბრძანების შესაბამისად, მოხდა 16 070 ლარის დღგ-ის თანხის დარიცხვა. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა საურავი 337 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე გამოიცა №094-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №829 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 269(7);