გადაწყვეტილება №25532/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25532/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25532/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 29.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25532/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში აღრიცხული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა;

2. ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხებიდან საწვავის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №022-6 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14270 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 158 560,49 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 89 543,05

დღგ - 186,05

საშემოსავლო გადასახადი - 88 938,4

ქონების გადასახადი - 418,6

ჯარიმა - 44 564,8

საურავი - 24 452,64

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №022-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14270 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში აღრიცხული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სალაროს მოძრაობასთან, აგრეთვე ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 878,71 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის დებულებების გათვალისწინებით დაანგარიშებულმა ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2 526,17 ლარი. დარჩენილი არაგონივრული ნაშთი (103 352,54 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს სალაროს მოძრაობის ანალიზის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 879 ლარს, საიდანაც ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2 526,17 ლარი, ხოლო დარჩენილი არაგონივრული ნაშთი (103 352,54 ლარი), განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან კომპანია თანხის ხარჯვის ნაწილში უცხოეთში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ახდენს ნაღდი ანგარიშსწორებით, ანგარიშვალდებულ პირზე მუდმივად რჩება თანხა ნაშთად, რეისის დაწყებიდან დასრულებამდე, ასევე ხარჯების დოკუმენტების მოწოდება ხდება ეტაპობრივად საქართველოში შემოსვლისას, ამიტომ გათვალისწინებული უნდა იქნას ეს ფაქტი და გაუქმდეს აღნიშნულ საკითხზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 878,71 ლარს. ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2 526,17 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით ხელფასად მიჩნეული თანხის ნაშთი გამოვლენილია სალაროს მოძრაობასთან და ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით, ხოლო მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხებიდან საწვავის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხის ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო საწვავის შეძენა საქართველოში დასტურდება მიღებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით. საზღვარგარეთ (თურქეთში და აზერბაიჯანში) შეძენილი საწვავის ხარჯის დასადასტურებლად კი გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საწვავის შეძენისას მიღებული ჩეკები, რომელთა აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის ხარჯის შესაბამის მუხლში ახდენს მხოლოდ ღირებულებით და შესაბამის ჩეკებში მითითებული თანხების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ვერ უზრუნველყოფს საწვავზე დანახარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურებას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად მოხდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება. ამისათვის გაზიარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საწვავის ხარჯვის საშუალო ნორმებზე (34-35 ლიტრი - დატვირთულ და 27-28 ლიტრი - ტვირთის გარეშე მდგომარეობაში, ყოველ 100 კმ-ზე) - დასტურდება ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემებით. როგორც დატვირთულ, ისე ტვირთის გარეშე გავლილი დისტანციების შეფასება კი მოხდა წარმოდგენილი სატრანსპორტო ინვოისების მონაცემების საფუძველზე, თითოეული ავტომობილის მიხედვით, google.maps-ის მონაცემების გათვალისწინებით. ანგარიშის შედეგების რელევანტურობა დასტურდება საქართველოში დოკუმენტური შეძენების და უცხოეთში საწვავის შეძენის ჩეკების მიხედვით დადასტურებული რაოდენობრივი პარამეტრების მიხედვითაც. ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი ----) საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება ზემოაღნიშნული წესით გამოანგარიშებული საწვავის ღირებულებას, ჩაითვალა ამ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს გადასახადის გარდა დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოწმებით დადგენლია, რომ საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის ხარჯის დასადასტურებლად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის შეძენისას მიღებული ჩეკები, რომელთა აღრიცხვაც საბუღალტრო პროგრამის ხარჯის შესაბამის მუხლში ხდება მხოლოდ ღირებულებითად და შესაბამის ჩეკებში მითითებული თანხების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ვერ უზრუნველყოფს საწვავზე დანახარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურებას. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის ხარჯებში გაერთიანებული აქვს მივლინების ხარჯებიც, რომელთან დაკავშირებითაც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.

შემოწმების მიერ მოხდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება და ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, რომელიც აღემატებოდა შემოწმებით გამოანგარიშებული საწვავის ღირებულებას, ჩაითვალა ამ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური მიუთითებს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 5.04.2005 წლის №220 ბრძანების პირველ, მე-3 და 31 მუხლებზე, „სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 6.09.2011 წლის №7545 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-2 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 5.04.2005 წლის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საზღვარგარეთ შეძენილი საწვავები ასახულია თანხობრივად, რადგან ძირითად შემთხვევებში შეძენის ქვითრებში არ ჩანს ლიტრაჟობა, ასევე კომპანიას აღნიშნულ ხარჯში გაერთიანებული აქვს მივლინების ხარჯები, რომლებზეც არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. წარმოდგენს სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაციას დანართის სახით (შემდგომ) და ითხოვს მიღებულ იქნას მხედველობაში და გაუუქმდეს აღნიშნული დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა. სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საზღვარგარეთ (თურქეთში და აზერბაიჯანში) შეძენილი საწვავის ხარჯის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საწვავის შეძენისას მიღებული ჩეკები, რომელთა აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამის ხარჯის შესაბამის მუხლში განხორციელებულია მხოლოდ ღირებულებით და შესაბამის ჩეკებში მითითებული თანხების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა ვერ უზრუნველყოფს საწვავზე დანახარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურებას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად მოხდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება. ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება გამოანგარიშებული საწვავის ღირებულებას, ჩაითვალა გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ საზღვარგარეთ შეძენილი საწვავები ასახულია თანხობრივად, რადგან ძირითად შემთხვევებში შეძენის ქვითრებში არ ჩანს ლიტრაჟობა, ასევე კომპანიას აღნიშნულ ხარჯში გაერთიანებული აქვს მივლინების ხარჯები.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14270 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 5.04.2005 წლის №220 ბრძანების მიხედვით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14270 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში აღრიცხული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა;

2. ანგარიშვალდებულ პირზე საწვავის შესაძენად გაცემული თანხებიდან საწვავის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სალაროს მოძრაობასთან, აგრეთვე ანგარიშვალდებულ პირებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებულ პირებთან და სალაროში ბუღალტრულად დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 105 878,71 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის დებულებების გათვალისწინებით დაანგარიშებულმა ნაღდი ფულის გონივრულმა ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 2 526,17 ლარი. დარჩენილი არაგონივრული ნაშთი (103 352,54 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით.

კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო საწვავის შეძენა საქართველოში დასტურდება მიღებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით. საზღვარგარეთ (თურქეთში და აზერბაიჯანში) შეძენილი საწვავის ხარჯის დასადასტურებლად კი გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საწვავის შეძენისას მიღებული ჩეკები, რომელთა აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის ხარჯის შესაბამის მუხლში ახდენს მხოლოდ ღირებულებით და შესაბამის ჩეკებში მითითებული თანხების მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

შემოწმების შედეგად მოხდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობრივი და ღირებულებითი შეფასება. ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) საწვავის შესაძენად გაცემული თანხების ის ნაწილი, ჩაითვალა ამ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4,9); 101 (1); 154 (1).