ბრძანება N 7672
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7672
07.04.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 20 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 იანვრის №78257/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №052-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9752 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32416 ბრძანება და ამავე თარიღის №052-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 116 481 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 213 ლარი, ჯარიმა 35 807 ლარი, საურავი 9 461 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა (ბენზინი/დიზელი) აგს-ის მეშვეობით შპს „----------“-გან იჯარით აღებულ ფართში და ბენზინგასამართი სადგურების დასუფთავება. 2021 წლის თებერვლის თვიდან ახორციელებს მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურების დასუფთავებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. კომპანია ბუღალტერიას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, შესაბამისად ვერ დგინდება ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, გათვალისწინებულია საწვავის რეალიზაციით და გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები და საბანკო ამონაწერები, ასევე ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები, კრედიტორებზე გადახდილი თანხები, სახელფასო განაცემები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შედეგად, გამოვლინდა 284 855 ლარი განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საწვავის რეალიზაციით და გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლების, საბანკო ამონაწერების, დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების, კრედიტორებზე გადახდილი თანხების, სახელფასო განაცემების, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, რის შედეგადაც შემოწმებით დადგინდა 284 855 ლარი განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირების ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ 284 855 ლარი გახარჯულია და საჩივარს თან ერთვის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ თანხის გახარჯვას. კომპანიას ჰყავს ორი დამფუძნებელი, რომელთა მიერ მოხდა თანხების განთავსება საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით და წარმოქმნილი ზარალის დასაფარად. დავალიანება დამფუძნებლების წინაშე ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, რაც რევიზიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იქნა გასტუმრებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განკარგვადი თანხის ოდენობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განკარგვადი თანხის ოდენობა განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განკარგვადი თანხის ოდენობა განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, გათვალისწინებულია საწვავის რეალიზაციით და გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები და საბანკო ამონაწერები, ასევე ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები, კრედიტორებზე გადახდილი თანხები, სახელფასო განაცემები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შედეგად, გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განკარგვადი თანხის ოდენობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განკარგვადი თანხის ოდენობა განსაზღვროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275; 291