ბრძანება N 5408
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5408
12 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 6 თებერვლისა და 4 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2026 წლის 6 თებერვლის №100599/1/2026 და 4 მარტის №101107/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №068-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ შესყიდვის აქტებში ასახული ყველა მონაცემი არის რეალური და შეესაბამება სინამდვილეს. განმარტავს, რომ გაურკვეველია რამდენი პირის გამოკითხის საფუძველზე განხორციელდა თანხების დარიცხვა. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №963 და 22 დეკემბრის №27947 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28669 ბრძანება და 29 დეკემბრის №068-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 637 040 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 568 193 ლარი, ჯარიმა 784 025 ლარი, საურავი 284 822 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის შეძენა/ექსპორტი. გადამხდელი ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისაგან გამარტივებული შესყიდვის აქტების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმება დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა პირების (საქონლის მომწოდებლების და ანგარიშვალდებული პირის) გამოკითხვის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ფიზიკური პირებისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენისას შესყიდვის აქტებში ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტში არსებულ ოპერაციებს. ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები არსებითად განსხვავდება გამარტივებული შესყიდვის აქტებში და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემებისგან. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განბაჟებისას დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით დადასტურებულია საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია (ექსპორტი), ასევე, უდავოა შესაბამისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა. შესაბამისად, ფიზიკური პირებისაგან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონლის ხარჯების საწარმოს ფულად განაცემებში ნაწილობრივი გათვალისწინების მიზნით, გაანალიზდა საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი გამოკითხვის მასალები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამარტივებული შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და შემოწმებისთვის ცნობილი სხვა მონაცემები, რომლის შედეგად გადახდილად მიჩნეული საქონლის შეძენის ღირებულების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის „დებიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9- ის შესაბამისად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისაგან გამარტივებული შესყიდვის აქტების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმება საქართველოს დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა პირების (საქონლის მომწოდებლების და ანგარიშვალდებული პირის) გამოკითხვის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ფიზიკური პირებისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენისას შესყიდვის აქტებში ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტში არსებულ ოპერაციებს. ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები არსებითად განსხვავდება გამარტივებული შესყიდვის აქტებში და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემებისგან. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, ფიზიკური პირებისაგან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონლის ხარჯების საწარმოს ფულად განაცემებში ნაწილობრივი გათვალისწინების მიზნით, გაანალიზდა საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი გამოკითხვის მასალები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამარტივებული შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და შემოწმებისთვის ცნობილი სხვა მონაცემები, რომლის შედეგად გადახდილად მიჩნეული საქონლის შეძენის ღირებულების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის „დებიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად და სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი შესყიდვის აქტებში საქონლის შეძენის ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტებში არსებულ ოპერაციებს, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის შეძენა/ექსპორტი. გადამხდელი ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისაგან გამარტივებული შესყიდვის აქტების საფუძველზე. პროდუქტების შეძენისას შესყიდვის აქტებში ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტში არსებულ ოპერაციებს. ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები არსებითად განსხვავდება გამარტივებული შესყიდვის აქტებში და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემებისგან. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ფიზიკური პირებისაგან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონლის ხარჯების საწარმოს ფულად განაცემებში ნაწილობრივი გათვალისწინების მიზნით, გაანალიზდა საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი გამოკითხვის მასალები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამარტივებული შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და შემოწმებისთვის ცნობილი სხვა მონაცემები, რომლის შედეგად გადახდილად მიჩნეული საქონლის შეძენის ღირებულების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154;