გადაწყვეტილება №26084/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.11.2025
№ დოკუმენტი 26084/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26084/2/2025

18 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ძე (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ძის 27.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26084/2/2025).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21506 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 11 498 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

13.09.2025 წელს -----ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-------“ ჩამოფრენილმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს. რენტგენული ინსპექტირების აპარატზე ხელბარგის და ბარგის დასკანერების შემდეგ, გადაწყდა მომჩივნის კუთვნილი ნივთების დეტალური დათვალიერება. მომჩივანს კუთვნილი ხელბარგის და ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - 1 ცალი ოქროს მონეტა (41.7 გრამი), რომლის საბაჟო ღირებულებამ 13.09.2025 წლის №------2025 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 11 498 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2025 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 11 498 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული ოქროს მონეტა ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №-------) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა ------ის აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.10.2025 წლის №21506 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლზე, 168-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მან არასწორი ინფორმაციია მიაწოდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზეპირი გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის ძვირფასეულობას - ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, -----ძემ განაცხადა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს. საქმეზე არსებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა გარკვევით და გააზრებულად უპასუხა მებაჟე ოფიცრის მიერ დასმულ ყველა კითხვას. ასევე ირკვევა, რომ განმეორებით დასმულ კითხვაზე მომჩივანმა კვლავ უპასუხა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს და ოქრო არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

13.09.2025 წელს -----დან ჩამოფრინდა, რა დროსაც თან ჰქონდა ბებიის, ----ის მიერ ნაჩუქარი ოქროს მონეტა და ვერცხლის ნივთები. აღნიშნული ოქროს მონეტა ბებიას აჩუქა მისმა გარდაცვლილმა, მეუღლემ, ---, როგორც ძვირფასი მოგონება და ოჯახური სენტიმენტი. ბებიამ შვილიშვილს მონეტა საქართველოში გამოატანა მხოლოდ ემოციური ღირებულებით და არა როგორც ძვირფასი ან კომერციული ნივთი.

საქართველოში ჩამოფრენის შემდგომ, როდესაც აეროპორტში ბარგს ელოდებოდა, მასთან მივიდა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი ბარგი ექვემდებარებოდა კონტროლს და შეეკითხა, გადააადგილებდა თუ არა ოქროს, ვერცხლს ან ძვირფას ლითონს. ჩემოდანში ედო მხოლოდ ვერცხლი, ხოლო მონეტა ხელჩანთაში ჰქონდა. გულწრფელად ეგონა, რომ კითხვა ეხებოდა მხოლოდ ბარგს და არა ხელჩანთის შიგთავსს, ამიტომ განაცხადა, რომ თან ჰქონდა მხოლოდ ვერცხლი. დაბნეული იყო და არ ეგონა, თუკი მის ხელჩანთაში არსებული მონეტა საჭიროებდა დეკლარირებას.

არანაირი დამალვის და მოტყუების განზრახვა არ ჰქონია. ისედაც ნათელია, რომ აეროპორტში რაიმეს დამალვა შეუძლებელია - იქ ყველა ბარგი დეტალურად მოწმდება. მომჩივნისთვის არც მონეტის ზუსტი ფასი/საბაზრო ღირებულება იყო ცნობილი, რადგან მონეტა მისთვის აღიქმებოდა, როგორც ოჯახის ისტორიული საჩუქარი და არა როგორც ძვირფასი ნივთი/ქონება.

აღნიშნული გაუგებრობის შედეგად დაეკისრა 11 498 ლარის ოდენობის ჯარიმა, რაც შექმნილ ვითარებასთან შედარებით, არაპროპორციულად მძიმეა და სრულად გამორიცხავს განზრახ დანაშაულებრივ ქმედებას.

მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას, ჯარიმის გაუქმებას, მხოლოდ საბაჟო გადასახადის გადახდას, რომელიც დეკლარირების არქონის შემთხვევაში, კანონით დადგენილია. აცნობიერებს საბაჟო წესების მნიშვნელობას და მზადაა, მომავალში სრულად დაიცვას ყველა მოთხოვნა და ეს კონკრეტული შეთხვევა კი შეფასდეს, როგორც ადამიანური შეცდომა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ო“ და „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება;

ვალდებული პირი არის ის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება;

ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება;

თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას ხელბარგში აღმოაჩნდა 41.7 გრამი, 11 498 ლარის საბაჟო ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს მონეტა, რაზეც შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 11 498 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 3.11.2025 წლის №---21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ:

მომჩივანი საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა მწვანე დერეფნის გავლით და მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების მიზნით, არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, მომჩივანს კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების შედეგად ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი – 1 ცალი ოქროს მონეტის (41.7 გრამი), შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალიდან დგინდება, რომ მომჩივანმა გარკვევით და გააზრებულად უპასუხა მებაჟე ოფიცრის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ასევე განმეორებით დასმულ კითხვაზე მან კვლავ უპასუხა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს და ოქრო არ ჰქონდა.

მომჩივნის განმარტებით, 13.09.2025 წელს ---დან ჩამოფრინდა, რა დროსაც თან ჰქონდა ბებიის, ---ძის მიერ ნაჩუქარი ოქროს მონეტა და ვერცხლის ნივთები. აღნიშნული ოქროს მონეტა ბებიას აჩუქა მისმა გარდაცვლილმა, მეუღლემ, -. საქართველოში ჩამოფრენის შემდგომ, როდესაც აეროპორტში ბარგს ელოდებოდა, მასთან მივიდა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი ბარგი ექვემდებარებოდა კონტროლს და შეეკითხა, გადააადგილებდა თუ არა ოქროს, ვერცხლს ან ძვირფას ლითონს. ჩემოდანში ედო მხოლოდ ვერცხლი, ხოლო მონეტა ხელჩანთაში ჰქონდა. გულწრფელად ეგონა, რომ კითხვა ეხებოდა მხოლოდ ბარგს და არა ხელჩანთის შიგთავსს, ამიტომ განაცხადა, რომ თან ჰქონდა მხოლოდ ვერცხლი. დაბნეული იყო და არ ეგონა, თუკი მის ხელჩანთაში არსებული მონეტა საჭიროებდა დეკლარირებას.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ შემოტანილი საქონელი - 1 ცალი ოქროს მონეტა (41.7 გრამი) საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, მოაქციოს თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური და აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში და გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური;

3. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2025 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს. რენტგენული ინსპექტირების აპარატზე ხელბარგის და ბარგის დასკანერების შემდეგ, გადაწყდა მომჩივნის კუთვნილი ნივთების დეტალური დათვალიერება. მომჩივანს კუთვნილი ხელბარგის და ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი , რომლის საბაჟო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 11 498 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 11 498 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული ნივთი ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმით) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №21506 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, მის მიერ შემოტანილი საქონელი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, მოაქციოს თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები და შესაბამისი საფასური და აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1.11); 168(1);