ბრძანება N 793
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 793
23 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 26 დეკემბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 26 დეკემბრის №99668/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ნოემბრის №249-41 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს ჩინეთიდან, ყველა შეძენილ საქონელზე გააჩნია შეძენის დამადასტურებელი საბუთები (ინვოისი), სადაც დაფიქსირებულია რაოდენობა და ფასი, ხდება საქონლის თვითღირებულების გამოთვლა შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით (სასაქონლო ინვოისი, სატრანსპორტო ინვოისი), საქონელზე მითითებულია კოდი, რომლითაც ხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება და თანხობრივი ჩამოწერა, ყოველი დღის ჭრილში ხდება საკონტროლო ჩეკების გაშიფვრა, თუ რომელი ჩეკით რომელი საქონელია რეალიზებული და თვის ბოლოს ხდება თანხობრივად ჩამოწერა ბუღალტრულ პროგრამა ,,ინფოში“, რომელიც წარმოდგენილი იქნება მატერიალური ფორმით. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატის (45%) გამოყენებას, აღნიშნული ფასნამატის გავრცელებას სამი ჯგუფისთვის გაანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დასაბეგრი ბრუნვის გადანაწილებას დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის განკარგვადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ სალაროში დაფიქსირებული არაგონივრული ნაშთი 56 153 ლარი არ უნდა დაკვალიფიცირდეს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რადგანაც კომპანიას გააჩნია ვალდებულება კომპანიის დამფუძნებლის და ამავდროულად დირექტორის მიმართ, დირექტორს შემოტანილი აქვს სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად თანხები, რითაც შეძენილია სასაქონლო მარაგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12993 და 10 ნოემბრის №24747 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 24 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ნოემბრის №26128 ბრძანება და ამავე თარიღის №249-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 96 722 ლარი, მათ შორის გადასახადი 49 508 ლარი, ჯარიმა 38 571 ლარი და საურავი 8 643 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1.შპს „---“ რეგისტრირებულია 2023 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე თარიღიდან. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა პოლიესტერის ქსოვილებით და ერთსაწოლიანი და ორსაწოლიანი თეთრეულის კომპლექტით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელი საქონლის იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან. გადასახადის გადამხდელს რეგისტრირებული აქვს ერთი საკონტროლო სალარო აპარატი იურიდიულ მისამართზე: ---ის რაიონი, სოფ.--- (დისტრიბუცია) (DY----). გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილია----ს ქუჩა (---ს ბაზრობის ტერიტორია, ე.წ. ჩინელების ბაზარი). გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ინფოში“. აღნიშნული პროგრამა შეიცავს ისეთი სახის ხარვეზებს, რომ ვერ იქნა გამოყენებული დაბეგვრის ობიექტის დასადგენად. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალები (მ.შ. ბანკის ამონაწერები), საარქივო სამმართველოდან მიღებული საბაჟო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14147 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგადაც ფაქტობრივად აღირიცხა 996 854 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ს ნაშთი. ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 635 385 ლარი (საშუალო ფასნამატი 33%). დანართი №16-ში მითითებული საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასები შედარებულ იქნა ინვენტარიზაციის თარიღიდან უახლოეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციამდე პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებულ იმავე დასახელების საქონლის ერთეულის ღირებულებებთან. უმრავლეს შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საქონელი რეალიზებული აქვს დანართ №16-ში მითითებული საბაზრო ფასებისგან განსხვავებულ ფასებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის შედეგები გამოყენებულ იქნა მხოლოდ ფაქტიური ნაშთის დადგენის ნაწილში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, ვინაიდან ობიექტი დახვდათ დაკეტილი. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატია 19%. შემოწმების პროცესში დეტალურად შესწავლილ იქნა საქონლის შეძენის ინვოისები. ინვოისების მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ერთი და იგივე დასახელების საქონელი, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენა და შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის გარკვევა. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №10-ის (პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა იმ აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი (45%), რომელიც საქმიანობს იმავე ტერიტორიაზე და იმავე ქვეყნიდან ახორციელებს მსგავსი/იდენტური საქონლის იმპორტს.
აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა სამი ჯგუფისთვის გაანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები, ვინაიდან ობიექტი დახვდათ დაკეტილი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, საკასო შემოსავლად ჩაითვალა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავლის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 56 153 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოწმების პროცესში დეტალურად შესწავლილ იქნა საქონლის შეძენის ინვოისები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ერთი და იგივე დასახელების საქონელი, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენა და შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის გარკვევა. შედეგად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი (45%), რომელიც გავრცელდა სამი ჯგუფისთვის გაანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს ჩინეთიდან, ყველა შეძენილ საქონელზე გააჩნია შეძენის დამადასტურებელი საბუთები (ინვოისი), სადაც დაფიქსირებულია რაოდენობა და ფასი, ხდება საქონლის თვითღირებულების გამოთვლა შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით (სასაქონლო ინვოისი, სატრანსპორტო ინვოისი), საქონელზე მითითებულია კოდი, რომლითაც ხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული აქვს საქონელი საბაზრო ფასებით 400 071 ლარის დღგ-ის ჩათვლით, სადაც ფიქსირდება რეალიზაცია სასაქონლო კოდებით, რომელიც ყოველ მიღებულ საქონელზე მინიჭებულია თვითღირებულების გამოთვლის დროს. აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი და ყოველდღიური ჩეკების გაშიფვრით ჩამოწერილი საქონლის ფასნამატი ერთი და იგივეა. შესაბამისად, აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატის (45%) გამოყენება არამართლზომიერია.
ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანხართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებული ფასნამატის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობოთ დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვისა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ ჩატარდა აღნიშნული პროცედურები. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი.
შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 56 153 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნავს, რომ კომპანიას გააჩნია ვალდებულება დამფუძნებლის და ამავდროულად დირექტორის მიმართ, დირექტორს შემოტანილი აქვს სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად თანხები, რომლითაც შეძენილია სასაქონლო მარაგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის განკარგვადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოწმების პროცესში დეტალურად შესწავლილ იქნა საქონლის შეძენის ინვოისები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ერთი და იგივე დასახელების საქონელი, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენა და შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის გარკვევა. შედეგად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი (45%), რომელიც გავრცელდა სამი ჯგუფისთვის გაანგარიშებულ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე და დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის ოდენობამ შეადგინა 56 153 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებული ფასნამატის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობოთ დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად შეისწავლოს დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).