გადაწყვეტილება №26568/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26568/2/2026
02 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 3.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26568/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №037-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №10 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 679 198.93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 402 038.84
დღგ - 291 262.74
საშემოსავლო გადასახადი - 110 776.10
ჯარიმა - 198 677.60
საურავი - 78 482.49
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ქ. ----ში საწვავის შეძენა და საცალო/საბითუმო რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11701 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №23429 ბრძანება და №037-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 679 198.93 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 10 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 8 იანვრის №10 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №10 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენს 34%-ს, დეკლარირებული ბრუნვა - 9 519 818 ლარს, ფასნამატი - 8%-ს. კომპანია 2025 წლის იანვრის შემდგომ აღარ ახორციელებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ უფიქსირდება არც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები და არც სალარო ან ბანკით პროდუქციის რეალიზაცია.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. საწარმოს საქმიანობის შეჩერების მომენტისთვის (იანვრის შემდგომ პერიოდში) უფიქსირდებოდა ნაშთები, რომელიც შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდეგ გადასაადის გადამხდელმა დაადეკლარირა/დაბეგრა შემდგომ პერიოდში (მაისი, ივნისი). საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა აღნიშნული ნაშთების რეალიზაცია შესაბამის პერიოდებში, საცალო რეალიზაციების პროპორციულად.
საგადასაადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და კომპანიის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით) არსებული ნაშთების რეალიზაციისას მიმდინარე პერიოდებში არსებული საცალო ფასები საწვავის სახეობების მიხედვით გაავრცელა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებზე. აღნიშნული ნაშთების და საცალო ფასების მიხედვით გაანგარიშდა პერიოდის ბოლოსთვის არსებული საწვავის ნაშთებიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შემოსავალში.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული საწვავის ბუნებრივი დანაკარგები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ჩანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, რაც გულისხმობს: საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობის ან/და წინაპირობათა ერთობლიობის არსებობას - ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს სრულყოფილად, სმფ-ის ნაშთების აღრიცხვა ხდება სრულად, ზუსტად და სისტემატიურად, პერიოდული ინვენტარიზაციების გამოყენებით, არ ფიქსირდება სამართალდარღვევები. თუ უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი (ფასნამატის მეთოდით გამოთვლილი შემოსავლის გადანაწილება) - გაუგებარია რამდენად სწორად არის გათვალისწინებული ფასნამატის მეთოდის ეტაპები: მაგ. დაჯგუფება, ვინაიდან აქვს სხვადასხვა ნომენკლატურა და არ არის გამოყენებული შეწონილი ფასნამატი ნაშთის მიმართ. ასევე, გაუგებარია რამდენად სწორად ხდება იდენტიფიცირებადი რეალიზაციის გამიჯვნა;
2. არ მომხდარა აუდიტის პროცესში სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომელიც დაადგენდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების არარსებობას (დანაკლისს). კომპანია ფაქტობრივად ფლობდა სმფ-ების იმ ნაშთს, რომლის რეალიზაციაც მოხდა აუდიტის შემდგომ პერიოდში და დადეკლარირდა შესაბამისად. ფაქტობრივად, შემმოწმებელი შეფასებით ნაწილში თავადაც აღნიშნავს იგივეს: „შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით) არსებული ნაშთების რეალიზაციისას მიმდინარე პერიოდებში არსებული საცალო ფასები საწვავის სახეობების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებზე“.
3. კომპანიის საქმიანობის დროებითი შეჩერება გამოწვეული იყო შიდა აუდიტის პროცედურების მიმდინარეობით;
4. საწარმომ თავად გამოავლინა დანაკლისი და დაბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
5. სმფ-ების მაის-ივნისში რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრებით ხდება მიმდინარე ვალდებულებების, მ.შ. კრედიტორული და სხვა დავალიანების დაფარვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2026 წლის №---21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ საწარმო 2025 წლის იანვრის შემდგომ აღარ ახორციელებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას. შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ უფიქსირდება არც დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები და არც სალარო ან ბანკით პროდუქციის რეალიზაცია. შემოწმების ფარგლებში გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაციები. კომპანიას საქმიანობის შეჩერების მომენტისთვის (იანვრის შემდგომ პერიოდში) უფიქსირდებოდა ნაშთები, რომელიც შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდეგ დაადეკლარირა/დაბეგრა შემდგომ პერიოდში (მაისი, ივნისი). საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა აღნიშნული ნაშთების რეალიზაცია შესაბამის პერიოდებში, საცალო რეალიზაციების პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით) არსებული ნაშთების რეალიზაციისას მიმდინარე პერიოდებში არსებული საცალო ფასები საწვავის სახეობების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებზე. აღნიშნული ნაშთების და საცალო ფასების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა პერიოდის ბოლოსთვის არსებული საწვავის ნაშთებიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა დღგ. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს იანვრის შემდგომ პერიოდში აღარ უფიქსირდება საქმიანობა, შეწყდა საიჯარო ხელშეკრულებაც. აღნიშნული ნაშთის დაბეგვრა განხორციელდა მომჩივნის მიერ შემოწმების ბრძანების გაცნობის შემდგომ. გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ნაშთების, რომელიც ქონდა შემოწმების ვადის ბოლოს, როგორც პროგრამულად, ასევე დეკლარირებულ მონაცემებშიც, რეალიზება მოხდა შესამოწმებელ პერიოდებში საცალო რეალიზაციების პროპორციულად და აღნიშნულ ნაშთებზე გავრცელებულ იქნა საცალო სარეალიზაციო ფასები.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, განგარიშდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა (443 104 ლარი (553 880 აგროსილი)). შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი ორივე მხარის მიერ დამოწმებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია (არ არის წარდგენილი ცნობები). მიჩნეულ იქნა, რომ თანხები სრულად არის გადახდილი მომწოდებლებთან (როგორც ნავთობპროდუქტების მომწოდებელ კომპანიებთან, ასევე გამსესხებელ კომპანიასთან - შპს „--თან“ (ს/ნ ----)). ფულის მოძრაობისას ასევე გათვალისწინებულია დამფუძნებლის შემონატანების ფარგლებში დარჩენილი დავალიანების გადახდა. 2025 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. პირველ საკითხში აღნიშნული გარემოება - რეალიზაციის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, არასწორი ფასნამატი, ასევე, ბუნებრივი დანაკარგის უგულებელყოფა, გავლენას ახდენს რეალიზაციის და შესაბამისად, კომპანიაში შემოსული თანხის (საკასო შემოსავლის) ოდენობაზე;
2. კომპანიისთვის არ ყოფილა ხელმისაწვდომი შემმოწმებლის მიერ შედგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებები, თუმცა დამატებით დარიცხული გადასახადებისა და შემმოწმებლის შეფასებების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშება არასწორია რიგი ხარჯის მუხლების გაუთვალისწინებლობის/ნაწილობრივ გათვალისწინების გამოც.
მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაევალოს შემოსავლების სამსახურს მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება). კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, შემმოწმებელთან აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების პროცესში, უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების/არგუმენტების წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილია საინფორმაციო მასალები/გაანგარიშებები (2026 წლის 3 თებერვლის ელ. წერილი ---), რომელთა საფუძველზეც განხორციელდა დასაბეგრი ბაზების გაანგარიშება და დამატებით გადასახადების დარიცხვა. აღნიშნული მასალების მიწოდებისთანავე, გონივრულ ვადაში, კომპანია უზრუნველყოფს მათ შესწავლა/დამუშავებას და შეძლებს დაზუსტებული საჩივრის წარმოდგენას.
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ნაწილობრივ/სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2026 წლის №--21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი არის -----ი (პ/ნ ----). პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის შემოწმების ბოლოს დარჩენილ ნავთობპროდუქტების ნაშთზე 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 443 104 ლარი (553 880 აგროსილი). შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი ორივე მხარის მიერ დამოწმებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია (არ არის წარდგენილი ცნობები). მიჩნეულ იქნა, რომ თანხები სრულად არის გადახდილი მომწოდებლებთან (როგორც ნავთობპროდუქტების მომწოდებელ კომპანიებთან, ასევე გამსესხებელ კომპანიასთან - შპს --თან (ს/ნ ----)). ფულის მოძრაობისას ასევე გათვალისწინებულია დამფუძნებლის შემონატანების ფარგლებში დარჩენილი დავალიანების გადახდა. 2025 წლის 6 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 73-ე მუხლების შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე - -----ზე გაცემულ ხელფასად 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11701 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23429 ბრძანება და №037-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 679 198.93 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწვავის ბუნებრივი დანაკარგები განსაზღვროს „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №10 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ ); 163(1.2); 164(1);