გადაწყვეტილება №26011/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26011/2/2025
18 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 11.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26011/2/2025).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა;
2. ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №041-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20401 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 158 966,56 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 103 414,60
ჯარიმა - 51 707,50
საურავი - 3 844,46
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები) ჩინეთიდან იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.01.2024 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 26.01.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 26.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე 27.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14023 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №041-20 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.09.2025 წლის №20401 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციადოკუმენტაცია. გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა (საწარმოს შემოსავლად განესაზღვრა დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვების ჯამი), რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება და საბაჟოზე გადახდილი დღგ). აღნიშნული მეთოდით გამოთვლის შედეგად საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 158 582 ლარი, რაც ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საქონლის იმპორტი ჩინეთიდან და ადგილობრივი რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა შემოწმების მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა (საწარმოს შემოსავლად განესაზღვრა დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვების ჯამი) და გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება და საბაჟოზე გადახდილი დღგ). აღნიშნული მეთოდით დათვლილი საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ხარჯებში გათვალისწინებულია მხოლოდ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხები და ითხოვს მიეცეს ხარჯების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ვინაიდან ხარჯებში იქნა გათვალისწინებული, მხოლოდ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული თანხები. ასევე ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული ხარჯები. ასევე არასწორად მიიჩნევს ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. ,,აგროსვას" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20401 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს.
საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ გადამხდელი ახორციელებდა საქონლის იმპორტს. საზოგადოებას ჩინეთიდან მიღებული ჰქონდა 1 517 417 ლარის (საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით) საქონელი, ხოლო საბანკო ამონაწერის მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული ჰქონდა თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 255 076 ლარის ეკვივალენტით მეტი. გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი ბანკის ამონაწერების მიხედვით, ბოლო გადარიცხვა ფიქსირდებოდა 2024 წლის 7 ნოემბერს 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საბაჟოზე ბოლოს საქონელი მიღებული და დეკლარირებული იყო 2024 წლის 25 ოქტომბერს. საწარმოს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა. ამასთან, შემოწმებისას დადგინდა, რომ პირს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდებოდა ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.
ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიას არარეზიდენტ მომწოდებელთან გადარიცხული ჰქონდა თანხა საქონლის საინვოისო ღირებულებაზე ჯამში 255 076 ლარის ეკვივალენტით მეტი. საწარმოს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა, თუმცა გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდებოდა ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი. გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხული ავანსების დაბეგვრას, ვინაიდან აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს ავანსს და უბრალოდ მისი გადახდა მოხდა დაგვიანებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საჩივარში აღნიშნულია, შემოსავლების სამსახურის მიერ ავანსად განხილული თანხა არ იყო ავანსი, რეალურად ამ თანხის გადახდა მოხდა დაგვიანებით. საჩივარს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მომჩივნის პოზიციას, შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა;
2. ავანსის თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა (საწარმოს შემოსავლად განესაზღვრა დღგ-ის დეკლარაციაში ასახული ბრუნვების ჯამი) და გათვალისწინებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, დოკუმენტურად შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება და საბაჟოზე გადახდილი დღგ).
აღნიშნული მეთოდით დათვლილი საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საწარმოს უფიქსირდებოდა საქონლის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ავანსის გადახდა. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს, ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება. ასევე, არ დასტურდებოდა ავანსის მიმღები პირის მხრიდან ავანსის თანხის/თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი.
აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსი/ავანსის ნაწილი, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტიც არ იქნა დადასტურებული საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მომენტისთვის, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).