გადაწყვეტილება №25889/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.12.2025
№ დოკუმენტი 25889/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25889/2/2025

10 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 23.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25889/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. სალაროში ფულის გონივრული ნაშთის გაუთვალისწინებლობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №002-83 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18668 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 197 764,72 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 125 160,25

დღგ - 94 116,35

საშემოსავლო გადასახადი - 31 043,90

ჯარიმა - 69 209,20

საურავი - 3 395,27

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2023 წლის 16 აგვისტოდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 23 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13609 ბრძანება და №002-83 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18668 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა სრულად ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, დროულად წარადგინა შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაცია, მ.შ. ფასნამატზე ექსელის ფაილი და საბანკო ამონაწერები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7713 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მასალებით საწყობის ნაშთები 0-ის ტოლია. დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრული სტანდარტების შესაბამის აღრიცხვას. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს, რაც იწვევს დასაბეგრი ბრუნვების ზრდას. მოცემული გარემოება გახდა საწარმოს მიმართ, არადოკუმენტური რეალიზაციის სეგმენტში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტური სეგმენტის რეალიზაციაზე. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული რეალიზაციის თანხა არადოკუმენტურ ნაწილში (646 538 ლარი) დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მთლიანად საანგარიშო პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 862 392 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლიდან 16 აგვისტოდან 2023 წლის 26 ნოემბრამდე კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა სიგარეტებითა და სასურსათო პროდუქციით (კერძოდ: შოკოლადები, ჩიფსები, გამაგრილებელი/ალკოჰოლური სასმელები და სხვა). 2024 წლის 17 იანვრიდან კი შპს --- -ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობას სიგარეტებით, ელექტრო სიგარეტებით და სხვა თამბაქოს ნაწარმით. სიგარეტზე ფასნამატი შეადგენდა 1.5%-ს, რამდენიმე გაწერილი ზედნადებიც ფიქსირდება რომლითაც ეს ფასნამატი დასტურდება, შემოწმებამ კი გაიანგარიშა საბითუმო ვაჭრობაზე 3%, რაც კონკურენციის შემთხვევაში გამორიცხულია. შემოწმებამ არ გაითვალისწინა სალაროში ფულის გონივრული ნაშთები. სიგარეტებზე/თამბაქოზე საბითუმო ვაჭრობის ფასნამატი 1,5%-ს არ აღემატება, შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული. ზედნადებით ფიქსირდება რეალიზაცია სიგარეტების/თამბაქოს 1%-მდე ფასნამატით და შემოწმებამ გაავრცელა 3 %. სალაროში არ არის გათვალისწინებული შემოწმების ბოლოს ფულის გონივრული ნაშთის ოდენობა. ასევე არ ეთანხმება დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით ჩამოწერილი თვითღირებულებას და ითხოვს შესწავლას. ელექტრონულ სიგარეტებზე 9% აქვს გათვალისწინებული და ზოგიერთ მათგანზე ნაკლებიცაა და შესაბამისი თვითღირებულებით არის ჩამოსაწერი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმებისას რეალიზებულ საქონელზე (სიგარეტი/თამბაქო) გავრცელებულია 3 პროცენტიანი ფასნამატი, რაც არასწორად მიაჩნია და ითხოვს 1,5 %-იანი ფასნამატის გავრცელებას. ასევე, ელექტრონულ სიგარეტზე ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 9 პროცენტისა, ითხოვს 6 პროცენტიანი ფასნამატის გავრცელებას. კერძოდ, მისი საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად გამოყენებულია საქონლის იმპორტიორი საწარმოს ფასნამატი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან სიგარეტი/თამბაქოს შემთხვევაში არ არსებობდა დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისად, გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი (ადგილობრივი) პირის მიმართ გამოყენებული აუდირებული ფასნამატი. რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტზე გავრცელებულ ფასნამატს, ვინაიდან აღნიშნულ სეგმენტზე არსებობდა დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენა მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროში ფულის გონივრული ნაშთის გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე (სმფ-ის შეძენა, საწყისი და საბოლოო ნაშთები) გამოანგარიშდა დოკუმენტურ და არადოკუმენტურ სეგმენტში რეალიზებული საქონლის ღირებულებისაგან მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა და არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავალი, რომელიც არ ფიქსირდება საწარმოს სალაროში. აღნიშნული ნამეტი თანხა 155 220 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული, ამასთან, არც ფაქტიურად გააჩნდა, აღნიშნული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახადებთან ერთად დაეკისრა ჯარიმა 69 209,20 ლარის და საურავი 3 395,27 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას (გადაანგარიშებას) და ჯარიმა საურავის პატიებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. სალაროში ფულის გონივრული ნაშთის გაუთვალისწინებლობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრული სტანდარტების შესაბამის აღრიცხვას. საწარმოს საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთებისა და დღგ-ის დეკლარირებული თანხების დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი აღემატება მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, შესაბამისად აღნიშნული იწვევს დასაბეგრი ბრუნვების ზრდას. მოცემული გარემოება გახდა საწარმოს მიმართ, არადოკუმენტური რეალიზაციის სეგმენტში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.

პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე გამოანგარიშდა დოკუმენტურ და არადოკუმენტურ სეგმენტში რეალიზებული საქონლის ღირებულებისაგან მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა და არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავალი, რომელიც არ ფიქსირდება საწარმოს სალაროში. აღნიშნული (ნამეტი) თანხა ჩაითვალა სააწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101 (1); 154 (1); 269 (7).