გადაწყვეტილება №18694/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18694/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" 19.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18694/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №021-104 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33925 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 93 429,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 37 844.96
დღგ - 5772,96
იმპორტის გადასახადი - 32 072
ჯარიმა - 46 939,22
საურავი - 8 645,36
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №26564 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ------- (ს/ნ ---------) №------------ (28.05.2020 წ), №1------------ (29.07.2020 წ), №1------------ (23.10.2020 წ), №1------------ (29.03.2021 წ), №------------ (25.06.2021 წ), №------------ (13.10.2021 წ), №------------ (15.10.2021 წ), №------------ (10.12.2021 წ) და №------------ (7.03.2022 წ) საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.
შპს ----------- (ს/ნ ----------) მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში გამოყენებული ჰქონდა წარმოშობის სერტიფიკატები EUR.----------- (15.05.2020 წ), EUR.----------- (14.07.2020 წ), EUR.----------- (7.10.2020 წ), EUR.1 ----------- (19.03.2021 წ), ----------- (11.06.2021 წ), EUR.----------- (4.11.2021 წ), EUR.----------- (25.11.2021 წ) და EUR.1 ----------- (21.02.2022 წ), რომლის საფუძველზეც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (საქონლის იმპორტი) გათავისუფლებული იყო იმპორტის გადასახადისაგან.
ზემოხსენებული EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმებულ იქნა ექსპორტიორ ქვეყანაში (-------).
6.10.2022 წელს ჩეხეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებულია (შემ. №181818/21-10) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა მოცემული საქონლის წარმოშობის შესახებ საკმარისი დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ ყველა პროდუქტი, რომელიც აღნიშნულია EUR.---------- (15.05.2020 წ), EUR.---------- (14.07.2020 წ), EUR.---------- (7.10.2020 წ), EUR.---------- (19.03.2021 წ), EUR.---------- (11.06.2021 წ), EUR.---------- (4.11.2021 წ), EUR.---------- (25.11.2021 წ) და EUR.---------- (21.02.2022 წ) სერტიფიკატებში უნდა ჩაითვალოს გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტად, ხოლო წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის მოქმედი შეღავათით სარგებლობისთვის.
შესაბამისად, ჩეხეთის საბაჟო სამსახურის მიერ აღნიშნული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების დამოწმებული ასლების მე-14 გრაფები უარყოფითად არის შევსებული (უკანა გვერდზე).
მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოირკვა, რომ გადამხდელის მიერ წარმოშობის სერტიფიკატები - EUR.--------- (15.05.2020 წ), EUR.--------- (14.07.2020 წ), EUR.--------- (7.10.2020 წ), EUR.--------- (19.03.2021 წ), EUR.--------- (11.06.2021 წ), EUR.--------- (4.11.2021 წ), EUR.--------- (25.11.2021 წ) და EUR.--------- (21.02.2022 წ) არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება ჯამში 37 844,96 ლარით, მათ შორის იმპორტის გადასახადი - 32 072 ლარი, დღგ - 5 772,96 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს გაეგზავნა 24.10.2022 წლის №ა192-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტი, რომლის მიხედვითაც შპს --------- (ს/ნ---------) №--------- (28.05.2020 წ), №--------- (29.07.2020 წ), №1--------- (23.10.2020 წ), №--------- (29.03.2021 წ), №--------- (25.06.2021 წ), №--------- (13.10.2021 წ), №--------- (15.10.2021 წ), №--------- (10.12.2021 წ) და №--------- (7.03.2022 წ) საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი - 37 844,96 ლარი, მათ შორის იმპორტის გადასახადი - 32 072 ლარი, დღგ - 5 772,96 ლარი, ხოლო ჯარიმა - 28 750,7 ლარი საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და რადგან შპს --------- (ს/ნ --------- ) 10.01.2022 წლის №ა2-21-10 აქტით, 12.01.2022 წლის №210 ბრძანებით და 13.01.2022 წლის №021-1 საგადასახადო მოთხოვნით დაჯარიმებული იყო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით, №--------- (7.03.2022 წ) საბაჟო დეკლარაციაზე სანქცია ჯარიმის სახით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა - 18 188,52 ლარი. ასევე, გაეგზავნა 26.10.2022 წლის №27065 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 26.10.2022 წლის №021-104 საგადასახადო მოთხოვნა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
საბაჟო დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2022 წლის №33925 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 64- ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 36-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ ჩეხეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებული წერილის მიხედვით, ექსპორტიორმა ვერ წარადგინა საქონლის წარმოშობის შესახებ საკმარისი დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ, ყველა პროდუქტი, რომელიც აღნიშნულია სერტიფიკატებში ითვლება გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტად, ხოლო წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის მოქმედი შეღავათით სარგებლობისთვის. შესაბამისად, ჩეხეთის საბაჟო სამსახურის მიერ აღნიშნული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების დამოწმებული ასლების (უკანა გვერდზე) მე-14 გრაფები უარყოფითად არის შევსებული. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოშობის სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული, წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით სანქციის დაკისრება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ივნის არგუმენტაცია 24.10.2022 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტი.
საქართველოს საბაჟოს მიერ, მომწოდებლის ----------ისგან მიღებული EURO1 დოკუმენტების გადამოწმება მოხდა ჩეხეთის საბაჟოსთან. საუბარია 9 EURO1-ზე. ჩეხეთის საბაჟოდან მოვიდა პასუხი, რომ კომპანია --------მა ვერ შეძლო ან არ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია მასზე, რომ ის პროდუქცია, რასაც ის აწარმოებს, სრულიად არის ევროპაში წარმოებული, რის შედეგადაც გაიცემა EURO1 სერტიფიკატი, რის შედეგადაც საქართველოს საბაჟომ დააჯარიმა და მოითხოვა იმპორტის უკან დაბრუნება, სადაც ერთი ჯარიმა იყო განმეორებითი შემთხვევის გამოც, თუმცა წინა შემთხვევაზე გაირკვა, რომ ეს არ იყო კომპანიის ბრალი და ის ჯარიმა მოეხსნა.
საქონლის მომწოდებლის და ჩეხეთის საბაჟოს შორის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ყველა საკითხებს აგვარებენ, რამდენიმე Euro1 უკვე დაადასტურეს და საქართველოს საბაჟო სამსახურსაც გადმოეგზავნება განახლებული ინფორმაცია. კომპანიის მომწოდებლის მტკიცებით, ყველა საბუთი იქნება ჩეხეთის საბაჟოს მიერ დადასტურებული და ეს საკითხები მოგვარებული. კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ ჰქონდეს მსგავსი შემთხვევები და შესაბამისად არ თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი პრობლემები შეუქმნან. მომწოდებელს რაც შეეხება, არის ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური და მაღალი დონის საწარმოო კომპანია, შესაბამისად ადგილი აქვს მცირედ გაუგებრობას საბაჟოსა და მათ შორის, რასაც უკვე აგვარებენ და რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ყველა საბუთი დადასტურდეს და საქართველომ მიიღოს ჩეხეთის საბაჟოდან დამაკმაყოფილებელი პასუხი მასზედ, რომ ყველა მოწოდებული საბუთი არის ვალიდური და ოფიციალურად ყველა კანონის და წესის დაცვით გაცემული.
უნდა გაუქმდეს ჯარიმა, ვინაიდან კომპანიის ბრალეულობა აქ არ იკვეთება. რაც შეეხება იმპორტის გადასახადს, აუცილებლად დაამტკიცებს, რომ ყველა საბუთი დამოწმებულია და მიღებული იქნება შესაბამისი ოფიციალურ წერილი ჩეხეთის საბაჟოდან, სადაც გაირკვევა, რომ ყველა საბუთი, რაც წარმოადგინეს იმპორტის გადასახადის შემცირებისთვის, იყო აბსოლუტურად კანონიერი და ოფიციალური.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი.
ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებში გამოყენებული ჰქონდა წარმოშობის სერტიფიკატები EUR.1---------- (15.05.2020 წ), EUR.1 ---------- (14.07.2020 წ), EUR.1 ---------- (7.10.2020 წ), EUR.1 ---------- (19.03.2021 წ), EUR.1 ---------- (11.06.2021 წ), EUR.1 ---------- (4.11.2021 წ), EUR.--------- (25.11.2021 წ) და EUR.1 ---------- (21.02.2022 წ), რომლის საფუძველზეც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (საქონლის იმპორტი) გათავისუფლებული იყო იმპორტის გადასახადისაგან. ჩეხეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებული წერილის მიხედვით, ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა მოცემული საქონლის წარმოშობის შესახებ საკმარისი დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ ყველა პროდუქტი, რომელიც აღნიშნულია ამ სერტიფიკატებში უნდა ჩაითვალოს გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტად, ხოლო წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის მოქმედი შეღავათით სარგებლობისთვის. მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოირკვა, რომ გადამხდელის მიერ წარმოშობის სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამოწმების შემდეგ ჩეხეთის საბაჟო ორგანოს არ უარყვია, რომ დოკუმენტი გაცემული იყო მათ მიერ, თუმცა მასში მითითებულ საქონელზე საბუთები გადამოწმდა მწარმოებელთან, რაც ვერ იქნა სრულყოფილად მიწოდებული. შესაბამისად, ჩეხეთის საბაჟო ორგანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად მათ მიერ სერტიფიკატის გაცემისა, მასში მითითებულ საქონელზე ვერ დაადასტურებენ, რომ საქონლის წარმოშობის ქვეყანაა ჩეხეთი. სერტიფიკატის უკანა მხარეზე მონიშნულია უარყოფის გრაფა. პრეფერნციული მიზნებისთვის სერტიფიკატები ამ ეტაპისთვის ვერ იქნება გამოყენებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 167-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს ამავე კოდექსის 167-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.