გადაწყვეტილება №26164/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 26164/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26164/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 13.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26164/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის №081-232 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.10.2025 წლის №23372 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 63 217,28 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 39 042,95

დღგ - 8 542,99

საშემოსავლო გადასახადი - 30 377,26

ქონების გადასახადი - 122,70

ჯარიმა - 19 358,20

საურავი - 4 816,13

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.09.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის №081-232 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.10.2025 წლის №23372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა,რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 8.09.2023 წელს. საზოგადოებას ქ. „--------“-ში,იჯარით აღებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ „--------“), განხორციელებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობის მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან („--------“(პ/ნ „--------“). აღნიშნული ხელშეკრულების,შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. გადახდის წყაროსთან დასაკავებელი განაცემებისა და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის შემოწმებით დადგენილი ოდენობა, შედარდა დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 25 სექტემბერს 14:30 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 2 ოქტომბერსა და 9 ოქტომბერს, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვებზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობა, ხოლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მასალები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. შესაბამისად, იჯარის მომსახურების თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხის გადახდის წყაროსთან დაუკავებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მეიჯარე ფიზიკური პირი (უცხო ქვეყნის მოქალაქე) აღნიშნულ პერიოდში არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული და არც დეკლარირებული აქვს მონაცემები, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ვალდებულება გადახდის წყაროსთან დაეკავებინა იჯარის მომსახურების თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანმა გაასაჩივრა აქტი შემოსავლების სამსახურში, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი იმ პერიოდში სამკურნალოდ იმყოფებოდა უცხოეთში ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება და წარმომადგენლისათვის მინდობილობის გადაცემა, შესაბამისად მათმა წარმომადგენელმა ვერ მიიღო შემოსავლების სამსახურის მიერ დავებში მონაწილეობა, თუმცა მათ შეეძლოთ მათი სწორი პოზიციის გათვალისწინებით საქმე დაებრუნებინათ აუდიტის დეპარტამენტში და მათ დამატებით განეხილათ საჩივარში დასმული საკითხები.

პირველი საკითხი, მომჩივნის პოზიცია: საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან („--------“-სთან 9200 ლარზე თვეში (პ.ნ „--------“). შესაბამისად ასრულებდა კიდეც საგადასახადო აგენტის ვალდებულებას და მომჩივანი იხდიდა კიდეც საშემოსავლო გადასახადებს, თუმცა, როდესაც მეიჯარის შემოსავლებმა მიაღწია უწყვეტად 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარს, რის გამოც მეიჯარე ვალდებული იყო დღგ-ის გადამხდელად დამდგარიყო, რათა შესაბამისად მოეხდინათ დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად მომჩივანი აღარ იყო ვალდებული საგადასახადო აგენტის ფუნქცია შეესრულებინა, რაც სიტყვიერად აცნობეს კიდეც. აქედან გამომდინარე შეწყვიტეს მის მაგივრად დეკლარაციის წარდგენა და ბიუჯეტში ფულის გადახდაც, რაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით მართებულად მივიჩნიეთ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2025 წლის №„--------“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში, ქ. „--------“„--------“, იჯარით აღებულ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი „--------“), განხორციელებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობის მშენებლობა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან („--------“ (პ.ნ „--------“) უცხო ქვეყნის მოქალაქე). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. ამასთან მოიჯარე ფიზიკური პირი („--------“ (პ.ნ „--------“) უცხო ქვეყნის მოქალაქე) აღნიშნულ პერიოდში არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული და არც დეკლარირებული აქვს მონაცემები, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობისას ინფორმირებული იყო, რაზეც დამატებითი არგუმენტები არ წარმოუდგენია. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ გადახდის წყაროსთან დასაბეგრი განაცემებისა და შესაბამისად გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რაც შედარებულ იქნა დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი გაკეთდა შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალებზე (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული გატარებები, და სხვა) დაყრდნობით. ამასთან მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, საზოგადოების საკასო ხარჯების 10%-ისა და საკასო შემოსავლების 10%-ის ოდენობების მიხედვით გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთი.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის, ბოლო საანგარიშო თვეში (კალენდარული თვის) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დირექტორის მიერ გადახდილი კომპანიის კუთვნილი ჯარიმის თანხისა და შენობის აშენებისას გაწეული ხარჯების ფულადი სახსრების მოძრაობაში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მასალებით (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული გატარებები, და სხვა) და ფულის მოძრაობაში სრულად გაითვალისწინა გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ოპერაციები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას, საწარმოს დირექტორის ("--------" "--------") მიმართ გააჩნია ვალდებულებები. კერძოდ, საწარმოს დირექტორს, კომპანიის ჯარიმა 20 000 ლარი აქვს გადახდილი, რომელიც მისი პირადი ჯარიმა არ ყოფილა, ასევე მას საკუთარი თანხებით აქვს აშენებული შენობა, საიდანაც კომპანია იღებს საიჯარო შემოსავლებს, მას გატანილიც აქვს თანხები, თუმცა იმდენი არა რაც მან კომპანიის კუთვნილი შენობის აშენება კეთილმოწყობისათვის დახარჯა, შესაბამისად აუდიტორს 62 424 ლარი, არ უნდა განეხილა როგორც ხელფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს ამ ნაწილში შემცირებული იქნას დარიცხული თანხა და მოხდეს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება(შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 17.11.2025 წლის №„--------“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შპს ,,-------“ ფულის მოძრაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა, როგორც შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალებით, (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული გატარებები, და სხვა). ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს შპს ,,-------- -ის “ კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ, „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, საზოგადოების საკასო ხარჯების 10%-ისა და საკასო შემოსავლების 10%-ის ოდენობების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა სალაროს გონივრული ნაშთი. საიდანაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რამაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 62 424 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის, ბოლო საანგარიშო თვეში (კალენდარული თვის) არსებული არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად. შედეგად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შპს ,,------ -ის “ გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ, შპს „--------“-ის(ს/ნ „--------“) 13.11.2025 წლის №26164/2/2025 საჩივარს თან ერთვის, საწარმოს ანგარიშვალდებული პირის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი, კომპანიის კუთვნილი ჯარიმის ქვითარი 20 000 ლარის ოდენობით, რაც შემოწმების პროცესში არ იყო წარმოდგენილი და არც ბუღალტერიაში იყო ასახული. აღნიშნული თანხა ბუღალტერიაში ფიგურირებს ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე არსებულ ნაშთში, რომლის მიხედვითაც არის გაანგარიშებული ფულის მოძრაობა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას, საწარმოს დირექტორის მიმართ გააჩნია ვალდებულებები. კერძოდ, საწარმოს დირექტორს, კომპანიის ჯარიმა 20 000 ლარი აქვს გადახდილი, რომელიც მისი პირადი ჯარიმა არ ყოფილა, ასევე მას საკუთარი თანხებით აქვს აშენებული შენობა, საიდანაც კომპანია იღებს საიჯარო შემოსავლებს, მას გატანილიც აქვს თანხები, თუმცა იმდენი არა რაც მან კომპანიის კუთვნილი შენობის აშენება კეთილმოწყობისათვის დახარჯა, შესაბამისად აუდიტორს 62 424 ლარი, არ უნდა განეხილა როგორც ხელფასი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს ამ ნაწილში შემცირებული იქნას დარიცხული თანხა და მოხდეს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება(შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხარჯის (ჯარიმის) დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 11.08.2025 წლის №081-232 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 63 217,28 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 042,95 ლარი, ჯარიმა 19 358,20 ლარი და საურავი 4 816,13 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ წინა პერიოდებში არ ჰქონიათ საგადასახადო დავალიანება და პატიოსნად იხდიდნენ კუთვნილ გადასახადს, მათ მიმართ გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და გათავისუფლებულები იქნეს დარიცხული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.10.2025 წლის №23372 ბრძანება;

3. მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.მომჩივანი ითხოვს შემცირებული იქნას დარიცხული თანხა და მოხდეს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება.

3.მომჩივანი ითხოვს მათ მიმართ გამოყენებულ იქნას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და გათავისუფლებულები იქნეს დარიცხული სანქციისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 8.09.2023 წელს. საზოგადოებას იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აქვს კონსტრუქციული ნაგებობის მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან.მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გადახდილი იჯარის მომსახურების თანხები. გადახდის წყაროსთან დასაკავებელი განაცემებისა და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის შემოწმებით დადგენილი ოდენობა, შედარდა დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და სალაროში არსებულმა ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.დადგინდა, რომ გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრიდან სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი.შესამოწმებელი პერიოდის, ბოლო საანგარიშო თვეში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე და დაეკისრა ჯარიმა.

3.მომჩივანს დაერიცხა სულ 63 217,28 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 042,95 ლარი, ჯარიმა 19 358,20 ლარი და საურავი 4 816,13 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესწავლა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,275.