გადაწყვეტილება №25727/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25727/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25727/2/2025).
დავის საგანი:
განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №041-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17597 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 435 429.09 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 277 028.43
დღგ - 18 879.03
საშემოსავლო გადასახადი - 258 149.40
ჯარიმა - 137 906.80
საურავი - 20 493.86
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ქვიშა-ღორღის შეძენა/რეალიზაცია, შენობების დემონტაჟი და სატრანსპორტო მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 თებერვლის №3070 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი არ არის რეგისტრირებული, ასევე არ აქვს განხორციელებული საბაჟო პროცედურები. 2025 წლის 18 თებერვლის №2864 ბრძანებით ჩატარებულია 17 სექტემბერი 2025 N 03/66076 2 სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 6 100 ლარს. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციას და სხვა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, დაანგარიშდა ფულის მოძრაობა, სადაც ხარჯად გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები, დებიტორ-კრედიტორებისგან მიღებული ინფორმაცია ნაშთების შესახებ და სხვა დადასტურებული განაცემები. დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 1 032 598 ლარი (1 290 747 აგროსილი), რის საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება.
შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №10624 ბრძანება და №041-6 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 435 429.09 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 25 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 5 აგვისტოს №17597 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (მანქანის ნაწილებზე) განსაზღვროს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17597 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ საგადასახადო ორგანომ 2025 წლის იანვარი-თებერვლის შემოსავლით და ხარჯით არაპირდაპირად გაანგარიშებული ფულის ნაშთი დაბეგრა 2024 წლის დეკემბერში, კერძოდ, 179 511 ლარი გაიანგარიშა 2025 წლის იანვარ-თებერვლის რეალიზაციას გამოკლებული შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებული ხარჯების გამოკლებით, ხოლო რაც შეეხება 2025 წლამდე არსებულ ფულის მოძრაობას, შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული ყველა ხარჯი, კერძოდ, 2024 წლის დეკემბრის თვეში შიდა გადაზიდვით ფიქსირდება მანქანის ნაწილების გადაზიდვა ობიექტზე, თუმცა შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა მასზე გაწეული ხარჯი არათუ სრულად, არამედ ხარჯის 75 %-იც კი, ამასთან, ხარჯი რეალურად გაწეულია, ვინაიდან ფიქსირდება შიდა გადაზიდვა და აღნიშნული ნაშთი ობიექტზე ფიქსირდება ინვენტარიზაციისას. ასევე, აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ შეძენილია სპეც-ტექნიკა, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები, რაზეც დამატებით წარმოადგენს დოკუმენტაციას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმების ბოლოს 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სალაროში არ არის გათვალისწინებული გონივრული ნაშთის 10%.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (მანქანის ნაწილებზე) განსაზღვროს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ 2025 წლის იანვარი-თებერვლის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული შემოსავალი-ხარჯით არაპირდაპირად გაანგარიშებული ფულიც დაბეგრა 2024 წლის დეკემბერში, ანუ წინასწარ. ასევე, ბანკის ნაშთიც აიღო 2025 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით და არა 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ბანკიდან გატანილი თანხა აუდიტორმა დაბეგრა 2024 წლის დეკემბერში. 31 დეკემბრის მდგოამრეობით ბანკის ნაშთი 171 623 ლარს შეადგენდა, 2025 წლის 20 თებერვალს - 89 564 ლარს და სხვაობა საგადასახადო ორგანომ დაბეგრა 2024 წლის დეკემბერში, რაც ლოგიკას მოკლებულია. ასევე, 2025 წლის იანვარ-თებერვლის შემოსავალი-ხარჯი გაიანგარიშა და ისიც დაბეგრა წინასწარ. 2024 წლის გონივრული ნაშთი არ გაუთვალისწინებია. შემოწმების პერიოდი არის 2025 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, ფულის ნაშთი ბანკის უნდა აიღოს 2024 წლის 31 დეკემბრის, რაც შეადგენდა 171 623 ლარს და არა 2025 წლის თებერვლის 20 რიცხვისთვის, როცა 89 564 ლარს შეადგენდა. იანვარ-თებერვალში ბანკიდან გატანილი თანხა როგორ უნდა დაიბეგროს დეკემბერში? სალაროს ნაშთი ხომ არ არის, რომ ზუსტად ვერ განსაზღვროს პერიოდი და არაპირდაპირად დასვას ნაშთი უკან პერიოდზე. ბანკში ფიზიკურად იყო ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდი არ გადაუწევია და ისე უბეგრავს თანხას. ასევე, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ბანკში ჩარიცხულ თანხებს უბეგრავს 2024 წლის დეკემბერში. 2025 წელი არ არის შესამოწმებელი პერიოდი და ამ ნაწილში ითხოვს საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, როგორც არაშესამოწმებელ პერიოდზე დარიცხული გადასახადის. შემოსავლების სამსახურმა საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესწავლა. ზემოთ აღწერილ საკითხებში შესწავლას არ ეთანხმება და ითხოვს დარიცხვის გაუქმებას 2025 წლის იანვარ-თებერვალში ბანკიდან გატანილ თანხაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ 2025 წლის შემოსავალი-ხარჯიდან გათვალისწინებულ სხვაობაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის. ასევე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს გონივრული ნაშთის გათვალისწინებას მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმების პროცესში მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია.
საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და მომჩივნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციას და სხვა. საგადასახადო ორგანოს მიერ დაანგარიშდა ფულის მოძრაობა, სადაც ხარჯად გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები, დებიტორ-კრედიტორებისგან მიღებული ინფორმაცია ნაშთების შესახებ და სხვა დადასტურებული განაცემები. შედეგად, გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აქვთ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ითხოვა აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
თავის მხრივ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (მანქანის ნაწილებზე) განსაზღვროს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, გადასახადის გადამხდელის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
განკარგვადი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქვიშა-ღორღის შეძენა/რეალიზაცია, შენობების დემონტაჟი და სატრანსპორტო მომსახურება. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და გადამხდელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, პირველად საგადასახადო დოკუმენტაციას და სხვა. შემოწმების მიერ დაანგარიშდა ფულის მოძრაობა, სადაც ხარჯად გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები, დებიტორ-კრედიტორებისგან მიღებული ინფორმაცია ნაშთების შესახებ და სხვა დადასტურებული განაცემები. დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 1 032 598 ლარი (1 290 747 აგროსილი), რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება.
შედეგად, აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, გადასახადის გადამხდელის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101 (1); 154 (1); 105 (2).