ბრძანება N 19739
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19739
03 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 5 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 5 აგვისტოს №91229/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №007-171 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის 68 დასახელებიდან საქონლის 41 დასახელების თვითღირებულებაში გამოვლენილია სხვაობა (წარმოდგენილი აქვს ექსელის ფაილი). ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დასაბეგრ და დაუბეგრავ ბრუნვებს შორის შეფარდება გამოდის 35/65, რაც არ შეესაბამება რეალობას და გადამხდელის ანალიზით მთლიანი ბრუნვის 45% დაუბეგრავია, ხოლო 55% დასაბეგრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ საწარმოს დამფუძნებელს საწარმოში შეტანილი აქვს ლარში და დოლარში ერთდროულად 163 612 ლარი. მომჩივნისთვის გასაგებია, რომ აღნიშნული თანხა საწესდებო კაპიტალის შენატანად არ დაკვალიფიცირდა, ვინაიდან ბუღალტერია არ ჰქონდა ნაწარმოები, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული შენატანი შემოწმების მიერ უნდა ჩათვლილიყო სესხად. აცხადებს, რომ 163 612 ლარი ჰქონდა დამფუძნებლის ვალი და დაუშვებელია
117 177 ლარი ჩაითვალოს ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11557 და 21 ივნისის №14640 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა
2021 წლის 29 ივნისიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივლისის №15855 ბრძანება და 5 ივლისის №007-171 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 193 283 ლარი, მათ შორის გადასახადი 111 062 ლარი, ჯარიმა 55 219 ლარი და საურავი 27 002 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს საქმიანობაა წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვა (იმპორტის გზით/ადგილობრივ ბაზარზე) და იჯარით აღებულ ფართში რეალიზაცია. გადამხდელს შემოწმების პერიოდში არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებდა სმფ-ების ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11543 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და გადამხდელს დაუდგინდა სმფ-ების 162 198 ლარის ფაქტობრივი ნაშთი (სარეალიზაციო ფასის მიხედვით). ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოუვლინდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება (საწყის ნაშთს+შეძენები-საბოლოო ნაშთი), რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (26%) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, კომპანიას გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 428 ლარით.
2. პირველი საკითხის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხა 117 276 ლარი აიგროსა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებდა სმფ-ების ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და საწარმოს დაუდგინდა 162 198 ლარის ფაქტობრივი ნაშთი (სარეალიზაციო ფასის მიხედვით). გადამხდელს ბუღალტრულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (29.02.2024) უფიქსირდებოდა 705 541 (თვითღირებულებით) ლარის ნაშთი. შემოწმების მიერ 01.03.2024-დან 21.05.2024-მდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მიხედვით გამოყვანილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ღირებულება, რომელმაც შეადგინა 558 719 ლარი (თვითღირებულებით). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სმფ-ებს გამოაკლდა შემოწმების მიერ დადგენილი საბოლოო სმფ-ები, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (26%). შედეგად, მიღებულმა შემოსავალმა შეადაგინა 1 699 924 ლარი, საიდანაც გაიმიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები (64,9% დასაბეგრი/35,1% დაუბეგრავი), ხოლო სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმების მონაცემებს შორის დაიბეგრა დღგ-ით.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საბანკო ამონაწერში ფიქსირდებოდა დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა ნაწილ-ნაწილ და დანიშნულებაში მითითებული იყო „დამფუძნებლის შენატანი“. გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა და შემოწმების პროცესშიც აღნიშნულ შენატანთან დაკავშირებით არ წარუდგენია ახსნა-განმარტება. შემოწმებამ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინა აღნიშნული შენატანი და ბოლოს გააკლო სალაროს ნაშთს, ხოლო დარჩენილი ნაშთი (განკარგვადი თანხა) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შეძენილ სმფ-ებსა და შემოწმების მიერ დადგენილ საბოლოო სმფ-ების სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ მიღებული განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვა (იმპორტის გზით/ადგილობრივ ბაზარზე) და იჯარით აღებულ ფართში რეალიზაცია. გადამხდელს შემოწმების პერიოდში არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებდა სმფ-ების ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელს დაუდგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოუვლინდა. შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, საწარმოს დაერიცხა განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, კომპანიას გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. განხორციელდა კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხა
დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1)