ბრძანება N 10871
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10871
15 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 4, 20, 26 იანვრის, 24 მარტის, 17 და 19 აპრილის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის, 26 მარტის, 17 აპრილის და 7 მაისის სხდომებზე (ოქმები №4, №26, №32 და №37) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 4 იანვრის №99757/1/2026, 20 იანვრის №100108/1/2026, 26 იანვრის №100358/1/2026, 24 მარტის №101445/1/2026, 17 აპრილის №101803/1/2026 და 19 აპრილის №101814/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №001-283 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებელმა არასწორად დაადგინა საქონლის და ღორის ხორცის სარეალიზაციო ფასები, კერძოდ, შემმოწმებელმა 2025 წლის 29 აპრილს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე დაადგინა, რომ 2024 წელს საქონლის ხორცის ღირებულება იყო 1 კგ - 23 ლარი, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ხორცის ღირებულება 2025 წელს არის გაზრდილი 2024 წელთან შედარებით, ხოლო საქონლის რბილ ხორცზე - 1 კგ-ზე - 29 ლარი არის დადგენილი 2025 წლის 29 აპრილს, შემმოწმებელი კი 2024 წელს ავრცელებს საშუალოდ 28 ლარს - 1 კგ-ზე, ხოლო 2023 წელს 27 ლარს, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან ფასების ცვლილება 2025, 2024 და 2023 წლებში იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე შემმოწმებით არის დადგენილი თითო წელზე 1 ლარი. შემმოწმებელი თვითონვე ადასტურებს თავისი პოზიციის უსწორობას, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვის მონაცემებს ავრცელებს მხოლოდ საქონლის ხორცზე და არ ეხება ღორის ხორცს. გარდა ამისა, არცერთ საკონტროლო შესყიდვაში არ გამოვლენილა სამმართალდარღვევა, რაც ასევე მიუთითებს გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე. შემოწმებით ძვლიანი ღორის ხორცის ფასი 2022 წელს არის 13 ლარი, ხოლო 2023-2024 წელს 11 ლარი, რაც ლოგიკას არის მოკლებული. შემმოწმებელთა ლოგიკით 2022 წელს ღორის ხორცი უფრო ძვირი იყო ვიდრე 2023-2024 წლებში. საკონტროლო შესყიდვის დინამიკითაც ნათლად ჩანს, რომ ხორცის ფასები სხვადასხვა პერიოდში არის განსხვავებული/გაძვირებული. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის 26 იანვრის №6-142 წერილი და ითხოვს აღნიშნული წერილის (ინფლაციის) გათვალისწინებას. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას შემმოწმებელმა განმარტა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეესაბამება საკონტროლო შესყიდვის მონაცემებს, რაც არ შესაბამება სინამდვილეს. ასევე განმარტა, რომ არ ჰქონდა აღებული ხორცზე საკონტროლო შესყიდვის ფასი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განმარტავს, რომ საჩივრის განხილვის შემდეგ დაუკავშირდა შემმოწმებელს და გადააგზავნინა ცხრილი, სადაც ჩანს, რომ ღორის რბილი ხორცის ფასი შემმოწმებელს აქვს აღებული 2025 წლის საკონტროლო შედეგებში დაფიქსირებული ფასებიდან - 16 ლარი, რაც გავრცელებული აქვს 2024 წელზე, მაშინ როცა 2024 წლის ღორის ხორცის საშუალო ფასი არის 11 ლარი. რაც შეეხება 2024 წლის საქონლის რეალიზაციის ხვედრით წილს, საერთო ბრუნვაში შეადგენს მხოლოდ 1.8%, რაც ბუნებრივია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არსებითად, კერძოდ, 2024 წლის პერიოდში საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 2 289 კგ-ს, უდოკუმენტო რეალიზაცია კი 118 812 კგ-ს, სულ საქონლის ხორცის რეალიზაცია არის 121 102 კგ, შესაბამისად დოკუმენტური წილი არის მხოლოდ 1.8%. გადამხდელისთვის ასევე გაუგებარია თუ ღორის ხორცი 2022 წელს იყო უფრო მაღალი როგორც შემმოწმებელმა განმარტა და ამიტომ ძვლიან ღორის ხორცზე არის გამოყენებული ფასი 13 ლარი, ხოლო 2023-2024 წლებში 11 ლარი, რბილი ღორის ხორცის შემთხვევაში პირიქით შემმოწმებელს 2022 წელს აქვს აღებული 15 ლარი, ხოლო 2023-2024 წლებში 16 ლარი, რაც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და შემმოწმებელს არ აქვს გამოყენებული დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამტი, რაც ნათლად ჩანს შემოწმების ცხრილებში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №3261 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №27202 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-283 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 336 816 ლარი, მათ შორის, გადასახადი 198 932 ლარი, ჯარიმა 98 933 ლარი და საურავი 38 951 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---ის" (ს/ნ ---) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა ძირითადად საქონლისა და ღორის ხორცით, ქალაქ ---ში. კომპანიას რეგისტრირებული აქვს საკონტროლოსალარო აპარატები და პოს-ტერმინალები, ქ. ----ში და ---. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 4 431 266 ლარი, ხოლო გათავისუფლებულმა - 8 111 181 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება რეალიზაცია, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 341 685 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. ამასთან, პირს სააღრიცხვო პროგრამაში არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა სულ დაახლოებით 5%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელისაგან საკონტროლო შესყიდვა, რაზეც 2025 წლის 1 მაისს შედგენილ იქნა ოქმები №938909 და №938887. შესყიდულ იქნა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, კერძოდ, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, საქონლის ღვიძლი და სხვა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №938909 ოქმის მიხედვით, სამართალდარღვევა გამოვლინდა და შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995. საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა), რისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ამას გარდა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 7 ოქტომბრის №21526 და №21523 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები - დათვალიერება და საკონტროლო შესყიდვა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ახალ, გაგრილებულ ორ ნაწილად გაჭრილ საქონლის მთლიან ტანხორცისა და ოთხ ნაწილად გაჭრილი ღორის მთლიანი ტანხორცის დამუშავების პროცესზე დაკვირვება. აღნიშნულის შედეგად, საქონლის ტანხორცში, ძვლიანმა ხორცის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით 43%, რბილი ხორცის - 36%, ფარშისთვის განკუთვნილი ხორცის ნაჭრებმა - 6%, ხოლო სხვა დანარჩენმა (მ.შ. ძვალი) - 14%. ხოლო ღორის ტანხორცში, რბილი ხორცის ოდენობამ შეადგინა 40%, ორი ცალი კანჭის ოდენობამ -3%, ძვლიანი ხორცის - 36%, ღორის ქონის ნაწილები ე.წ. „სალა“ და კუდი - 3%, ძვლების, ტყავისა და სხვა ნაწილების ოდენობამ სულ - 19%. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, შეძენილი საქონლისა და ღორის ტანხორცის ჯამური ოდენობიდან, შემოსავლის ფორმირებაში არ მიიღო მონაწილეობა ტანხორცის ისეთმა ნაწილებმა, რისი რეალიზაციაც გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, რამაც საქონლის ტანხორცის შემთხვევაში შეადგინა 14%, ხოლო ღორის - 19%, ხოლო სარეალიზაციოდ განკუთვნილ ხორცზე, გავრცელდა 2022, 2023, 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები და ასევე 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები. შედეგად, შემოწმებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 11% (2022 წელს - 11%, 2023 წელს - 8%, 2024 წელს - 14%). შესაბამისად, დაკორექტირდა შპს „---ის“ დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-საგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების ოდენობა, რამაც შეადგინა შესაბამისად 4 703 985 ლარი და 8 595 946 ლარი.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რაც შეადგენს 586 726 ლარს, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზაცია, რაც მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. ამასთან, პირს სააღრიცხვო პროგრამაში არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 5%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარამენტის მიერ განხორციელებულია გადასახადის გადამხდელისაგან საკონტროლო შესყიდვა, რაზეც 2025 წლის 1 მაისს შედგენილ იქნა ოქმები: №938909 და №938887. შესყიდულ იქნა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, კერძოდ, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, საქონლის ღვიძლი და სხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №938909 ოქმის მიხედვით, გამოვლინდა სამართალდარღვევა, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 7 ოქტომბრის №21526 და №21523 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები - დათვალიერება და საკონტროლო შესყიდვა. აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საქონლის და ღორის ხორცის სარეალიზაციო ფასებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე გავრცელდა 2022, 2023, 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რაზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია გავრცელებულ იქნა 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები.
ამასთან, შემოწმების პროცესში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასები თანხვედრაშია შესაბამისი პერიოდის საკონტროლო შესყიდვის ფასებთან, კერძოდ, 2025 წლის მაისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის თანახმად, საქონლის რბილი ხორცის 1 კგ-ის ფასია 29,1 ლარი, ხოლო ძვლიანის - 23,1 ლარი. სასაქონლო ზედნადებში კი ამავე პერიოდში საქონლის ხორცი რეალიზებულია 28,87 და 22 ლარებად (სასაქონლო ზედნადებები: №---). რაც შეეხება ღორის ხორცს, 2025 წლის მაისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მიხედვით, 1 კგ-ის ფასი შეადგენს 13 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადებით ღორის ხორცი რეალიზებულია იმავე ფასად (სასაქონლო ზედნადები: №---). რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს, რომელიც 2022 წელს შეადგენს 13 ლარს, ხოლო 2023-2024 წლებში 11 ლარს, შემოწმებით გაანალიზებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში - ფასი ფერმის კართან), რომლის თანახმადაც 2022 წლის ღორის ხორცის 1 კგ-ის ფასი აღემატება 2023-2024 წლების ფასებს. აგრეთვე, 2025 წლის მაისში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევა, რის საფუძველზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995.
საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა). ასევე, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილ ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ გამოყენებულია დოკუმენტური ფასები, თუმცა ცხრილში არასწორად არის მიწერილი კომენტარი, რომ გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვის ფასი.
ყოველივე აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე 2022-2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასების გავრცელება, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასების გავრცელება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებელმა არასწორად დაადგინა საქონლის და ღორის ხორცის სარეალიზაციო ფასები, წარმოდგენილი აქვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წერილი და ითხოვს აღნიშნული წერილის (ინფლაციის) გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზაცია, რაც მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. ამასთან, პირს სააღრიცხვო პროგრამაში არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 5%.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე გავრცელდა 2022, 2023, 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რაზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია გავრცელებულ იქნა 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რაც შეადგენს 586 726 ლარს, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).