გადაწყვეტილება №19334/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19334/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 5.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19334/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №021-125 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5389 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 78 979 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 45 325
დღგ - 17 769
საშემოსავლო გადასახადი - 27 556
ჯარიმა - 22 663
საურავი - 10 991
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, ქალაქ -----იჯარით აღებულ ფართში. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდზე მომჩივანმა წარადგინა ახსნა-განმარტებები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და საიჯარო ხელშეკრულება.
მომჩივანს დოკუმენტური რეალიზაცია განხორციელებული ჰქონდა მხოლოდ 2019 წელს, ურთიერთდამოკიდებულ პირზე. მან ვერ წარმოადგინა ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთზე, რის გამოც შემოწმებისას შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი 20.10.2014 წლიდან (კომპანიის რეგისტრაციის დღიდან) და დადგენილ იქნა 1.01.2019 წლის მდგომარეობით საქონლის ნაშთის ღირებულება. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია საქონლის ნაშთი, რის გამოც საწყის ნაშთს დამატებული შეძენილი საქონელი მთლიანად იქნა რეალიზებული. რადგანაც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და დოკუმენტური რეალიზაციითაც ვერ დგინდებოდა მისი ფასნამატი, რეალიზაციისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით. კერძოდ: თამბაქოს ნაწარმი - 5%, ალკოჰოლური სასმელი - 17%, კვერცხი და რძის პროდუქტი - 7%, ლუდი - 26%, პურ-ფუნთუშეული - 13%, სნექი - 22%, ტკბილეული - 21%, უალკოჰოლო სასმელი - 14%, ზეთი - 13%, ძეხვეული - 24% და სხვა დანარჩენზე - 14%. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების ბოლოს გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შეადგენს 0 ლარს. კომპანიას ასევე არ გააჩნია სალაროში ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელი 2017-2022 წლებში არ გასცემდა ხელფასს და დივიდენდს. 1.01.2017 წლიდან 29.08.2022 წლებზე შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს დარჩა განკარგვადი თანხები. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით ნაშთად დარჩენილი ფულადი თანხა ჩაითვალა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №021-125 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5389 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი სააღრიცხვო დოკუმენტით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიიჩნია მართლზომიერად. ასევე, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცნობია თუ რომელი კომპანიის აუდირებული მონაცემები იქნა გამოყენებული ფასნამატის განსაზღვრისას. ზოგადად, არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის განსაზღვრა არ არის ზუსტი მეთოდი რეალური ფასნამატის და შემოსავლების განსაზღვრისთვის, მითუმეტეს სხვა კომპანიის შემოწმების მონაცემების გამოყენება. აქტში მითითებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით არის აშკარად მაღალი. წლების მიხედვით საერთო ფასნამატი გამოვიდა 2019 წ - 16,5%, 2020 წ - 17%, 2021 წ - 13%. აქტში მითითებულია, რომ გამოვლენილი კატეგორიების გარდა სხვა დანარჩენზე გავრცელებულია 14%, რაც სავარაუდოდ აუდირებულ (უცნობ) კომპანიაშიც საერთო ფასნამატი იყო არაუმეტეს 14%. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5389 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქონლის სარეალიზაციო ფასად გამოიყენოს წლების მიხედვით არაუმეტეს 14% და შესაბამისად შეამციროს აქტით ზედმეტად დარიცხული თანხები.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და ვინაიდან ვერ დადგინდა მომჩივნის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ დაფიქსირებული და საგადასახადო შემოწმების შედეგად დადასტურებული ფასნამატის გამოყენება მართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი სააღრიცხვო დოკუმენტით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიიჩნია მართლზომიერად. ასევე, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 136 (3); 154; 159; (2021 წლამდე მოქმედი) 161 ;