ბრძანება N 24003
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24003
31 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ამხანაგობა „------ის“
(ს/ნ -----) (მის.: -------)
2025 წლის 7 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა ამხანაგობა „-----ის“ (ს/ნ ------) 2025 წლის 7 ოქტომბრის №98264/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 სექტემბრის №066-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია: გადასახადის გადამხდელი მიუთითებს არცოდნა/შეცდომაზე და ითხოვს ჯარიმა-საურავის მოხსნას. აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ტენდერებთან შეხება პირვალად ჰქონდათ, არ იცოდნენ, რომ დღგით დასაბეგრი ბრუნვა მხოლოდ ჩარიცხული თანხიდან გამომდინარე არ განისაზღვრებოდა. შესაბამისად, დღგ-ის ნაწილში არასწორად იყო დასაბეგრი ბრუნვები დადეკლარირებული. აღნიშნულმა გამოიწვია დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11503 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ამხანაგობა „-----ის“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 19 ივნისიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 სექტემბრის №19963 ბრძანება და ამავე თარიღის №066-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 460 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 482 ლარი, ჯარიმა 13 241 ლარი, საურავი 1 735 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით
საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● ამხანაგობა „-----" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 19 ივნისიდან, ამავე პერიოდიდანაა რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, ამხანაგობის დამფუძნებლები არიან შპს „------“ (ს.ნ -----) და შპს „------“ (ს.ნ -------). ამხანაგობის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში ამხანაგობას აქვს ერთი მიმდინარე სახელმწიფო ტენდერი, რომლის მიხედვითაც ------ის მუნიციპალიტეტში აშენებს საბავშვო ბაღებს. საბავშვო ბაღების მშენებლობის მომსახურებას უწევს შპს „------“ (ს.ნ ------). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები აჭარბებს დეკლარირებულ ბრუნვას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601, 163-ე და 164-ე მუხლების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
● 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში ამხანაგობა „-----ს" მიღებული აქვს ანგარიშფაქტურა ეა-83 ----- (დღგ-ს თანხა 21 286 ლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არ არის ჩათვლილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულმა 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 21 286 ლარი.
● ამხანაგობა „------ს" მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დაგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბანკიდან გაცემულია გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი თანხები. კერძოდ, დირექტორზე 2024 წლის სექტემბერში გაცემულია 2 000 ლარი, დანიშნულებით „სამეურნეო ხარჯები", რომელთა მიზნობრიობა ვერ დასტურდება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 134-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ დირექტორზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა როგორც ხელფასი და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლისმე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ამხანაგობა „-----ის“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს არცოდნა/შეცდომაზე და ითხოვს ჯარიმა-საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ამხანაგობის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში ამხანაგობას აქვს ერთი მიმდინარე სახელმწიფო ტენდერი, რომლის მიხედვითაც აშენებს საბავშვო ბაღებს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები აჭარბებს დეკლარირებულ ბრუნვას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 ,163-ე და 164-ე მუხლების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275.