გადაწყვეტილება №20435/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20435/2/2023
14 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20435/2/2023).
დავის საგანი:
1. სალაროს არაგონივრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შპს „------ზე“ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. 2018 წლამდე არსებული, დაუფარავი ზარალის ხარჯზე ფორმირებული კაპიტალის არამართლზომიერად მიჩნევა და კაპიტალის შემცირების მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება და დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა;
4. ქვემოიჯარეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობით, ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დაფიქსირებული თანხების დღგ-ში მიღებული ჩათვლების გაუქმება და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №002-247 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16832 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 374 750 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 167 560
დღგ - 51 947 14
მოგების გადასახადი - 59 193
საშემოსავლო გადასახადი - 56 420
ჯარიმა - 117 312
საურავი - 89 878
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის (2018 წლის საანგარიშო პერიოდზე 2021 წელს დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გამო) 1.01.2018 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.12.2022 წლის №32574 ბრძანება და №002-247 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16832 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განეხილა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16832 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს არაგონივრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ინფოში“, სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციიდან დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის სახით უფიქსირდება ფულადი სახსრები (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 127 831 ლარი). „სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით, პერიოდების შესაბამისად საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 126 992 ლარი).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული ნაშთი, პერიოდების მიხედვით, ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით შემდგომ პერიოდებში ნაღდი ფულის ნაშთის შემცირების შემთხვევაში განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. ასევე განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. ხოლო, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის კომპანიას შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განეხილა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ის თანხა, რომელიც შემოწმებით განხილულია არაგონივრულ ნაშთად, განიხილოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად 31.03.2022 თარიღით და მოახდინოს დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება.
ვინაიდან ეს მიდგომაც იწვევს დამატებით ჯარიმა-საურავის დარიცხვას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რადგანაც საწარმოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადასახადის შემცირებას (დამალვას) ამ ნაწილში ჯარიმა/საურავის დარიცხვა მიაჩნია არამართლზომიერად და ითხოვს მის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16832 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განეხილა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16832 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. შპს „-----ზე“ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორადაა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. კერძოდ, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე შპს „-----ზე“ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღებული ავანსის თანხა არ ასახა საბუღალტრო პროგრამაში, შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები. ასევე, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, რომლის თანახმად, შპს „------ზე“ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული თანხები არ აქვს ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე და შემოწმებით ჩათვლილია, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული ნაღდი თანხა. მაშინ როდესაც აუდიტორს აქვს კომპანიის საბანკო ამონაწერებიც და საბუღალტრო პროგრამაც, სადაც ნათლად ჩანს, რომ შპს „-----გან“ წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა ჩარიცხულია კომპანიის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული თანხა მოხვედრილია ანგარიშსწორების ანგარიშზე, შედგენილია საბუღალტრო მუხლი დებეტი 1210 „ანგარიშსწორების ანგარიში“ და კრედიტი 3120 „ავანსად გადახდილი თანხები“, საიდანაც სამუშაოს შესრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ავანსის თანხა გადატანილია ანგარიშზე 1410 „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“. მოცემულ საკითხზე აუდიტორის ჩანაწერი არასწორია და არასამართლიანი (გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსი აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, ანგარიში 1410 აქტიური ანგარიშია და მასზე წინასწარ ჩარიცხული თანხები არც უნდა გატარებულიყო, ამიტომ აისახა ანგარიშზე 3120, პასიურ ანგარიშზე).
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი გაუგებარია იქიდან გამომდინარე, რომ ავანსად მიღებული თანხები, ჩარიცხულია საწარმოს საბანკო ანგარიშზე და ასახული შესაბამის ბუღალტრულ მონაცემებში (რაც წარდგენილია შემოწმებისთვის), აღნიშნული თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან არ მომხდარა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერითაც, შესაბამისად გაურკვეველი შემოწმების პოზიცია, რომ ავანსად მიღებულია თანხა არ აღრიცხულა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშზე და შემოწმებით ისიც კი არ არის განხილული თუ რა ფორმით გაიტანა საწარმოს დირექტორმა ეს თანხა პირად საკუთრებაში და გახდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტი, ვინაიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. (განმარტავს, რომ წარმოადგენს დანართს, რომლითაც დასტურდება ავანსად მიღებული თანხების ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე), შესაბამისად ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორადაა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. კერძოდ, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით თანხის მიღება არ ასახა საბუღალტრო პროგრამაში.
მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები სადაც ასახულია ჩარიცხული ავანსის თანხები, თუმცა საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადამხდელმა მიღებული ავანსის თანხები სრულად არ ასახა საბუღალტრო პროგრამაში, შესაბამისად არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული თანხები სრულად არ ჰქონდა აღრიცხული ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია ამ თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. 2018 წლამდე არსებული, დაუფარავი ზარალის ხარჯზე ფორმირებული კაპიტალის არამართლზომიერად მიჩნევა და კაპიტალის შემცირების მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება და დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს 2018 წლის პერიოდის საწყისი კაპიტალი შედგენს 550 250 ლარს, რომლის ასახვა მოხდა მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 350 631 ლარი და დაუფარავი ზარალი 198 029 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული კაპიტალის ფარგლებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე განაწილებულია მოგება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი შეადგენს ნულს. გადასახადის გადამხდელი მოგების განაწილებას განიხილავს კაპიტალის შემცირებად და შესაბამისად, არ ახდენს მოგების გადასახადით დაბეგვრას.
შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის დასაწყისში არსებული დებიტორული დავალიანება (350 631 ლარი) ანაზღაურებულია სრულად და პერიოდის ბოლოს შეადგენს ნულს, გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ნაწილში კაპიტალის შემცირება ლოგიკურია. რაც შეეხება დაუფარავ ზარალს, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არაა არანაირი მტკიცებულება. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა 2018 წლამდე საანგარიშო პერიოდები, მათ შორის, წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციები და დგინდება, რომ 2017 წლამდე წარდგენილია მოგების გადასახადის ორი დეკლარაცია. აქედან, 2013 წლის დეკლარაცია ნულოვანია, ხოლო 2016 წელს მოგების გადასახადის დეკლარაციაში უფიქსირდება დასაბეგრი მოგება - 35 224 ლარი (წინა წლების ზარალი არ არსებობს). ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით საწარმო 2017 წელს არ იმყოფება ზარალზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება 2018 წლამდე ზარალის არსებობა. გამომდინარე აქედან, დაუფარავი ზარალის (198 029 ლარი) ხარჯზე საწყისი კაპიტალის ფორმირება მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, 198 029 ლარის განაწილება შემოწმებამ არ განიხილა კაპიტალის შემცირებად. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მოგების განაწილება დაიბეგრა მოგების გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, მომჩივანი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 491 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 130- ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ყურადღება გაამახვილა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის 2018 წლის საწყისი კაპიტალის ფორმირების წყაროა მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 350 631 ლარი და დაუფარავი ზარალი - 198 029 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი აღნიშნული კაპიტალის შემცირების ხარჯზე, ახდენს ფულადი სახსრების გატანას. კაპიტალის შესაბამისი აქტივი „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ რეალურია და გამომდინარე აქედან, ამ აქტივის ფარგლებში კაპიტალის არსებობა და მისი შემცირება ლოგიკურია. ხოლო, რაც შეეხება ზარალს, შემოწმების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია/გაანგარიშება, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით (მ.შ., 2018 წლამდე წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებით) არ დასტურდება, რომ კომპანია იმყოფებოდა ზარალზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით გაცემული თანხის მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მაშინ როდესაც საწარმოს კაპიტალი არა სწორადაა ფორმირებული, საწარმო კაპიტალის შემცირების ხარჯზე ახდენს ფულადი სახსრების გატანას და შემოწმების მონაცემებით არარსებული გატანილი თანხები განხილულია მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ვინაიდან საწარმოში მისი დაარსებიდან დღემდე კაპიტალის შემცირების გზით დამფუძნებლის მიერ არც საბანკო ანგარიშიდან და არც სალაროდან ერთი თეთრიც არ არის გატანილი (რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობით), გაუგებარია და შემოწმების აქტშიც არ არის განხილული საგადასახადო კოდექსის, რომელი მუხლის საფუძველზე, რომელი ტრანზაქცია იქნა განხილული დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების გზით თანხის გატანად და მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტად, შესაბამისად ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 2018 წლის პერიოდის საწყისი კაპიტალის ფარგლებში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე განაწილებულია მოგება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი შეადგენს ნულს. გადასახადის გადამხდელი მოგების განაწილებას განიხილავს კაპიტალის შემცირებად და შესაბამისად, არ ახდენს მოგების გადასახადით დაბეგვრას. შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის დასაწყისში არსებული დებიტორული დავალიანება (350 631 ლარი) ანაზღაურებულია სრულად და პერიოდის ბოლოს შეადგენს ნულს, გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ნაწილში კაპიტალის შემცირება ლოგიკურია. რაც შეეხება დაუფარავ ზარალს, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ წარდგენილი არანაირი მტკიცებულება. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება 2018 წლამდე ზარალის არსებობა. დაუფარავი ზარალის (198 029 ლარი) ხარჯზე ფორმირებული საწყისი კაპიტალი მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, 198 029 ლარის განაწილება არ ჩაითვალა კაპიტალის შემცირებად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის საფუძველზე, ზემოაღნიშნული მოგების განაწილება დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების აქტში საუბარია, რომ 2018 წლის საწყისი კაპიტალის ფორმირების წყაროა მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან - 350 631 ლარი და დაუფარავი ზარალი 198 029 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელი აღნიშნული კაპიტალის შემცირების ხარჯზე, ახდენს შპს-დან ფულადი სახსრების გატანას. შემოწმების მხრიდან ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ კაპიტალის შესაბამისი აქტივი „მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ რეალურია და გამომდინარე აქედან, ამ აქტივის ფარგლებში კაპიტალის არსებობა და მისი შემცირება ლოგიკურია. ხოლო რაც შეეხება ზარალს, შემოწმების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია/გაანგარიშება, ხოლო შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით (მ.შ-ის 2018 წლამდე წარდგენილი მოგების დეკლარაციები) არ დასტურდება, რომ კომპანია იმყოფებოდა ზარალზე. საბუღალტრო გატარებების თანახმად, აღნიშნული კაპიტალის შემცირების ხარჯზე 2018-2021 წლებში ფულადი სახსრები გატანილია სალაროდან (გატარება დებ.5150 - კრედ.1110).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ დასტურდება, რომ კომპანია 2018 წლამდე იმყოფებოდა ზარალზე, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება 2018 წლამდე არსებული, დაუფარავი ზარალის ხარჯზე ფორმირებული კაპიტალის არამართლზომიერად მიჩნევისა და კაპიტალის შემცირების მოგების განაწილებად დაკვალიფიცირების შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. ქვემოიჯარეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობით, ამ ანგარიშფაქტურების მიხედვით დაფიქსირებული თანხების დღგ-ში მიღებული ჩათვლების გაუქმება და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ მომსახურების გაწევაზე მიღებულია ანგარიშფაქტურები შემდეგი კომპანიებისგან: შპს „-----“, დღგ-ის თანხით - 16 780 ლარი, შპს „-----“, დღგ-ის თანხით - 24 376 ლარი, შპს „-----“, დღგ-ის თანხით - 7 268 ლარი. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს „------თვის“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.
საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და მომჩივანს დაერიცხა დღგ. გადახდილი თანხები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიები გადამოწმებული იქნა და დასტურდება, რომ კომპანიებს არ გააჩნიათ არანაირი აქტივები, მ.შ. იჯარით აღებული, არ ფიქსირდება დამხმარე მასალების შესყიდვა და ა.შ. ასევე, არ უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი აქვთ მხოლოდ შპს „-----ზე“. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად იქნა გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, რომლის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, მართლზომიერია გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი შემოწმების აქტზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ქვე-მოიჯარე საწარმოებსაც არ გააჩნიათ ტექნიკა და აღნიშნული ხარჯები არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, მაშინ როდესაც ის სამუშაოები, რომელზეც აღნიშნულ ქვემოიჯარეებს გამოწერილი აქვთ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები შესრულებულია შპს „-----“-ს მიერ სახელმწიფო ტენდერებით მოგებულ ობიექტებზე, როგორიცაა სპორტული სტადიონის მშენებლობა, სოფლებში წყალ გაყვანილობის სისტემის მოწყობა და სხვა, აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულება და ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება დადასტურებულია სახელმწიფო ორგანოების მიერ. თავის სპეციფიკიდან, ობიექტების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებიდან გამომდინარე, ჩაბარებულ ობიექტებზე სამუშაოები ვერ შესრულდებოდა სამშენებლო ტექნიკის გარეშე, ვინაიდან საწარმოს საკუთარი ტექნიკა არ გააჩნდა ის იძულებული იყო დაექირავებინა ქვე-მოიჯარე საწარმოები, რომლებიც შეუსრულებდნენ ტექნიკით მომსახურებას. ვინაიდან შემოწმებით არ ჩატარებულა შესრულებული სამუშაოების მოკვლევა და ამ სამუშაოებში სამშენებლო ტექნიკის საჭიროება, ქვემოიჯარეების მიერ შესრულებული მომსახურების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა არამართლზომიერია, ასევე ქვე-მოიჯარეებზე იურიდიულ პირებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვის შემთხვევაში, გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მისთვის საერთოდ გაუგებარია, შესაბამისად ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 10 თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მომსახურების გაწევაზე მიღებულია ანგარიშფაქტურები შემდეგი კომპანიებისგან: შპს „------“, დღგ-ის თანხით - 16 780 ლარი, შპს „------“, დღგ-ის თანხით - 24 376 ლარი, შპს „------“, დღგ-ის თანხით - 7 268 ლარი. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს „------თვის“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ, ხოლო გადახდილი თანხები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული კომპანიები გადამოწმებულ იქნა ბაზურად და დასტურდება, რომ კომპანიებს არ გააჩნიათ არანაირი აქტივები, მ.შ იჯარით აღებული, არ ფიქსირდება დამხმარე მასალების შესყიდვა და ა.შ. ასევე არ უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობები. ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი აქვთ მხოლოდ შპს „-----“-ზე. შემოწმების პროცესში გამოვლენილი სხვაობები განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელთან (გაანგარიშებები გაგზავნილია ელ. ფოსტაზე) თუმცა მოთხოვნის მიუხედავად გადამხდელის მხრიდან პოზიციის წარდგენა არ მომხდარა.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნულ სადავო საკითხზე არგუმენტები ვერ წარმოადგინა და განმარტა, რომ არ დავობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობით, ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ში მიღებული ჩათვლების გაუქმება და გადახდილი თანხების საწარმოს დირექტორზე, გაცემულ სარგებლად ჩათვლა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროს არაგონივრული ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შპს -ზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. 2018 წლამდე არსებული, დაუფარავი ზარალის ხარჯზე ფორმირებული კაპიტალის არამართლზომიერად მიჩნევა და კაპიტალის შემცირების მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება და დივიდენდის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა;
4. ქვემოიჯარეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დაუდასტურებლობით, ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დაფიქსირებული თანხების დღგ-ში მიღებული ჩათვლების გაუქმება და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის სახით უფიქსირდება ფულადი სახსრები (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 127 831 ლარი). პერიოდების შესაბამისად საკასო ხარჯის და შემოსავლის გათვალისწინებით განისაზღვრა სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთი (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის - 126 992 ლარი). აღნიშნული ნაშთი, პერიოდების მიხედვით, ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემდგომ პერიოდებში ნაღდი ფულის ნაშთის შემცირების შემთხვევაში განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. ასევე განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. ხოლო, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის კომპანიას შეეფარდა შესაბამისი ჯარიმა.
2. მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორადაა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. კერძოდ, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე ერთ-ერთ შპს-ზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღებული ავანსის თანხა არ ასახა საბუღალტრო პროგრამაში, შესაბამისად, არ მოხვდა ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე. დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები. ასევე, გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. გადასახადის გადამხდელი მოგების განაწილებას განიხილავს კაპიტალის შემცირებად და შესაბამისად, არ ახდენს მოგების გადასახადით დაბეგვრას. შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის დასაწყისში არსებული დებიტორული დავალიანება (350 631 ლარი) ანაზღაურებულია სრულად და პერიოდის ბოლოს შეადგენს ნულს, გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ნაწილში კაპიტალის შემცირება ლოგიკურია. რაც შეეხება დაუფარავ ზარალს, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ დასტურდება 2018 წლამდე ზარალის არსებობა. გამომდინარე აქედან, დაუფარავი ზარალის (198 029 ლარი) ხარჯზე საწყისი კაპიტალის ფორმირება მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად. 198 029 ლარის განაწილება შემოწმებამ არ განიხილა კაპიტალის შემცირებად. ზემოაღნიშნული მოგების განაწილება დაიბეგრა მოგების გადასახადით, გაცემული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, მომჩივანი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
4. შემოწმების აქტიდან, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ მომსახურების გაწევაზე მიღებულია ანგარიშფაქტურები. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. გაუქმდა მიღებული ჩათვლები და მომჩივანს დაერიცხა დღგ. გადახდილი თანხები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1), 154(1"ა""ზ"), 73(4)(9"ბ"), 97(1"ა"), 981(1), 174(1), 175(1"ა").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1)(2"ა.ა").