ბრძანება N 21631
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21631
08 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 22 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 22 ივლისის №97001/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-97 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ მრავალწლიანი დავის შედეგად, შემოსავლების სამსახურის მხრიდან არცერთი არგუმენტი არ იქნა გაზიარებული. აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოსარჩელეს სასარგებლოდ გადაწყდა და დაევალა შემოსავლების სამსახურს დარიცხვის ხელახალი განხორციელება, თუმცა სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად, სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რაც სადავო აქტების გაუქმების საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 24 აგვისტოს №32043 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების სააგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2015 წლის 15 დეკემბრის №48310 ბრძანება და ამავე თარიღის №002-324 საგადასახადო მოთხოვნა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა, სულ 948 035 ლარი, მათ შორის გადასახადი 373 361 ლარი, ჯარიმა 213 834 ლარი და საურავი 360 840 ლარი.
აღნიშნულის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 2 თებერვლის №2346 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები რამოდენიმეჯერ გასაჩივრებულ იქნა ისევ შემოსავლების სამსახურში და მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება. საბოლოოდ გასაჩივრების შედეგებზე გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის №9244 ბრძანება, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, კერძოდ: ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 თებერვლის №3394 აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის №9244 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 6 მარტის №14527/2/17 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული სანქციების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №14527/2/17 აღსრულების შედეგებზე შედგა 2019 წლის 15 აპრილის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დამატებით დარიცხული ჯარიმები 5 162 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის №002-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შპს „-------“ (ს/ნ -------) სარჩელით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის №002-76 და 2019 წლის 19 აპრილის №002-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნების, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 აპრილის №9244 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №14527/2/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
------- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „-------“ (ს/ნ -------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის №002-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის №002-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, მათ შორის 2024 წლის 17 თებერვლის №B7/012 დასკვნის შინაარსის შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე.
------- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის №3/6231-19 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა დარიცხვის კანონიერების შეფასება. მოსარჩელე მხარე ადმინისტრაციულ ორგანოში დავის დაწყების პირველივე ეტაპიდან სადავოდ ხდიდა რამდენიმე საკითხს, მათგან საბოლოოდ შემოსავლების სამსახურის №3394 ბრძანების შესაბამისად, შესასწავლი დარჩა ფულადი სახსრების ნაკადების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია 2009 წლის ბოლოსთვის, რაც შეფასებულ იქნა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების არ არსებობად 2010 წლის დასაწყისისათვის. აღსანიშნავია, რომ საჩივრის შედეგად შპს-ს არაერთხელ მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხით განსაზღვრული სახელმწიფო საწარმოს მიერ შედგენილი საწარმოს ფინანსური ანგარიშგება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილ იქნა აუდიტორ ელისო აფციაურის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნა, სადაც აუდიტორი ადასტურებს საწარმოს მიერ დამფუძნებლისგან ფულადი სახსრების მიღებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა შემმოწმებლების მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ თანხვედრაში არ იყო შემოწმების ეტაპზე არსებულ მონაცემებთან. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ საბოლოოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 6 აპრილის №9244 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველად საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს მხარის მიერ სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ 2024 წლის 17 თებერვლის №B7/012 დასკვნის შინაარსზე, რომლის თანახმად, რიგი საკითხები შემმოწმებლის მიერ არ იქნა შეფასებული როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა შეიცავს იმგვარ გარემოებებზე მითითებას, რაც შეფასებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. აღნიშნულ დასკვნას არ ცვლის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიეცა შესაძლებლობა წარედგინა აუდიტორის დასკვნა, რაც მხოლოდ სასამართლოში განხილვისას იქნა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დამატებითი მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნის წარმოდგენა შეუძლებელია იქცეს მისი შეფასების შემზღუდველ ფაქტორად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სიზუსტის დადგენა ხდება დავის სასამართლოში განხილვისას, რა დროსაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ძალაში შესულად არ ითვლება და მათი კანონშესაბამისობის შეფასებისათვის წარდგენილი დამატებითი დოკუმენტის განხილვა გავლენას ახდენს მათი კანონიერების შეფასებაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერების საკითხი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში 2024 წლის 17 თებერვლის №B7/012 დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად უნდა შეფასდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი არსებობს.“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის №3ბ/353-25 განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა სააპელაციო საქმის წარმოება აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო და უცვლელი დარჩა ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის №3/6231-19 გადაწყვეტილება.
------- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ივლისის №3/6231-19 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს 2015 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №002-97 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გარემოებათა სრულყოფილად გამოკველევის, მათ შორის, 2024 წლის 17 თებერვლის №7/012 დასკვნის შინაარსის შეფასების შედეგად, რომელიც არ მოიცავს გაანგარიშებით ნაწილს, არის ზოგადი ხასიათის (კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე) და არ ასახავს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემობებისგან განსხვავებულ რაიმე ახალ გარემობებს. ფულადი სახსრების ნაკადების მოძრაობის შესახებ ახალი გარემოება არ გამოვლენილა, შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ცვლილება არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ მრავალწლიანი დავის შედეგად, შემოსავლების სამსახურის მხრიდან არცერთი არგუმენტი არ იქნა გაზიარებული. აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოსარჩელეს სასარგებლოდ გადაწყდა და დაევალა შემოსავლების სამსახურს დარიცხვის ხელახალი განხორციელება, თუმცა სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული. საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა აღნიშნა, რომ საჭიროებიდან გამომდინარე კომპანიაში დამფუძნებელს პერიოდულად შეჰქონდა თანხები, რომელსაც ასევე პერიოდულობით აბრუნებდა უკან, თუმცა შემოწმების მიერ სალაროდან გატანილი თანხები განხილულ იქნა სახელფასო განაცემად. ამასთან, 2009 წელს საწარმოში გაჩნდა ხანძარი, რომლის დროსაც განადგურდა გარკვეული საქონელი, კომპანიამ ვერ შეძლო ნორმალურად ფუნქციონირება, შეჩერდა მიმდინარე პროექტები, საფრთხე შეექმნა ვალდებულებების შესრულებას, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში საწარმო საჭიროებდა ფულად სახსრებს. ამასთან, გადამხდელი ითხოვს გარკვეულ ვადას შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2010-2011 წლებში საწარმოს სალაროდან გატანილია 1 035 200 ლარი, გრძელვადიანი სესხის დასაფარად. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სესხის ხელშეკრულება და არც შესაბამის ბუღალტრულ გატარებებში იდენტიფიცირდება ვისი და რა ოდენობის ვალდებულება გააჩნია საწარმოს. შემოწმების მიერ სალაროდან გატანილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხები განხილულ იქნა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილ 2024 წლის 17 თებერვლის №B7/012 დასკვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დასკვნის თანახმად, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის საზოგადოების სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვისა და დაბეგვრის კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დამფუძნებლის ახსნა-განმარტება არ შეფასდა ეკონომიკური შინაარსის მიხედვით, კერძოდ, 2010-2011 წლებში სალაროდან გატანილი თანხა უნდა ჩათვლილიყო დამფუძნებლის წინაშე ვალდებულებად, რომელიც წინა წლებში იყო კომპანიაში შემოტანილი, რაც საწარმოს ------- საქმიანობის სპეციფიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა. დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნა არ მოიცავს გაანგარიშებით ნაწილს, არის ზოგადი ხასიათის კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე და არ ასახავს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემობებისგან განსხვავებულ რაიმე ახალ გარემობებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო ამონაწერები, ხანძართან დაკავშირებული დოკუმენტაცია). თავის მხრივ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სალაროდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო ამონაწერები, ხანძართან დაკავშირებული დოკუმენტაცია);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2010-2011 წლებში საწარმოს სალაროდან გატანილია 1 035 200 ლარი, გრძელვადიანი სესხის დასაფარად. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სესხის ხელშეკრულება და არც შესაბამის ბუღალტრულ გატარებებში იდენტიფიცირდება ვისი და რა ოდენობის ვალდებულება გააჩნია საწარმოს. შემოწმების მიერ სალაროდან გატანილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხები განხილულ იქნა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო ამონაწერები, ხანძართან დაკავშირებული დოკუმენტაცია). თავის მხრივ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154