გადაწყვეტილება №27949/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27949/2/2026
08 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 12.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27949/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17462 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოს 15.05.2026 წლის №------- სამსახურებრივი ბარათით საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ეცნობა, რომ მომჩივნის საბაჟო საწყობის („-------“; „-------“) გარკვეულ ტერიტორიაზე არ არის დაცული შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები (მოუწესრიგებელია ზედაპირის საფარი), რის გამოც არსებობს დაბინძურების პოტენციური წყაროს რისკი. ამასთან, მოუწესრიგებელი საფარი ხელს უშლის/აფერხებს საბაჟო ფორმალობების ჯეროვნად განხორციელებას.
აღნიშნული გარემოების შესწავლის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 9.06.2026 წლის №12682 ბრძანების საფუძველზე, 11.06.2026 წელს განხორციელდა ქალაქ „-------“-ში მდებარე კომპანიის საბაჟო საწყობის („-------“; „-------“) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაზეც 25.06.2026 წელს შედგენილია კომპანიის საბაჟო საწყობის („-------“; „-------“) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
საბაჟო საწყობის ტერიტორიის მონაკვეთზე, ტვირთის დროებითი შენახვის საწყობის მიმდებარე ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე მოყრილია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტი, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება და ჰაერში იფანტება დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები. ამასთან, წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტერიტორიის ადგილები იტბორება, რითაც უგულვებელყოფილია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიჩნეულია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 1.07.2026 წელს შედგენილია №EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2026 წლის №17462 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასევე, ითხოვდა სანებართვო პირობის შესრულების 90 კალენდარულ დღიანი ვადის დინების შეჩერებას დავის საბოლოოდ დასრულებამდე და აღნიშნული ვადის ათვლას მომჩივნის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დავის დამთავრების (გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვის) შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, რა ნაწილშიც საჩივარი გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რაც მომჩივანს ეცნობა 13.08.2026 წლის №„-------“ წერილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში - უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა.
ინსტრუქცია, მყარი საფარის (ასფალტის) არსებობის ვალდებულებას ითვალისწინებს მხოლოდ მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ შემთხვევაში - ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამამუშავებელი საბაჟო საწყობებისთვის და იქაც მხოლოდ სამ კონკრეტულ მოედანზე და არა საწყობის მთელ ტერიტორიაზე. ყველა საბაჟო საწყობზე გავრცელებული ზოგადი სანებართვო პირობები (მე-8 მუხლი) კი ანალოგიურ მოთხოვნას საერთოდ არ შეიცავს. დადგენილების სისტემური განმარტებით, სადაც კანონმდებელი მყარი საფარის არსებობას აუცილებლად მიიჩნევს პირდაპირ განსაზღვრავს კიდეც მის არსებობას. შესაბამისად, მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან ასეთი ვალდებულების გამოყვანა ნორმის დაუშვებელი გაფართოებაა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აღნიშნულთან ერთად კანონი მოითხოვს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა იყოს განჭვრეტადი - პირს ნორმის ტექსტიდან წინასწარ უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა ქმედების განხორციელებას ან არ განხორციელებას მოითხოვს მისგან სახელმწიფო. პასუხისმგებლობის დამდგენი/სანქციის საფუძვლად გამოსაყენებელი ნორმის გამაფართოებელი განმარტება კი დაუშვებელია. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია, განმარტების გზით ნორმას მიანიჭოს ისეთი შინაარსი, რომელიც მასში კანონმდებელს არ მოუაზრებია და ამის საფუძველზე პირს ფულადი სანქცია დააკისროს.
აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოება, რომ საწყობის ტერიტორიის მონაკვეთი დაფარულია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტით (რაც, თავის მხრივ, გავრცელებული და აღიარებული საგზაო/სამოედნო საფარია), თავისთავად ვერ ჩაითვლება მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევად, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით არ დაადგინა, რომ სწორედ ამ გარემოების გამო რეალურად ირღვეოდა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები.
საგულისხმოა, რომ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურებული არ არის კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ოქმი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ დაკვირვებასა და ვარაუდს.
„სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები“ და „დაბინძურება“ ობიექტური, გაზომვადი კატეგორიებია. ჰაერში მყარი ნაწილაკების (მტვრის) შემცველობის მიმართ საქართველოს კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ, რიცხობრივად განსაზღვრულ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს „ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილება განსაზღვრავს მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. შესაბამისად, იმის დადგენა, წარმოიქმნება თუ არა „დიდი რაოდენობით“ მტვერი და ქმნის თუ არა იგი დაბინძურებას, შესაძლებელია მხოლოდ ინსტრუმენტული გაზომვით და მიღებული შედეგების ნორმატიულ მაჩვენებლებთან შედარებით.
საქმის მასალებით (შემოწმების აქტი, ოქმი) დასტურდება, რომ საბაჟო ორგანოს: (ა) არ ჩაუტარებია მტვრის (მყარი ნაწილაკების) კონცენტრაციის ინსტრუმენტული გაზომვა; (ბ) არ გამოუყენებია რაიმე ტექნიკური საშუალება ან მეთოდიკა; (გ) არ აუღია სინჯი და არ ჩაუტარებია ლაბორატორიული კვლევა; (დ) არ მოუპოვებია შესაბამისი დარგის ექსპერტის/აკრედიტებული ორგანოს დასკვნა; (ე) არ დაუფიქსირებია, რომელ ნორმატიულ მაჩვენებელს და რა ოდენობით აჭარბებდა მტვრის კონცენტრაცია. დარღვევის შესახებ დასკვნა ეფუძნება მხოლოდ თანამშრომელთა ვიზუალურ დაკვირვებას და შეფასებით, სუბიექტურ ფორმულირებას („დიდი რაოდენობით“), რაც მტკიცებულებას ცხადია, რომ ვერ ჩაანაცვლებს.
ოქმში ასახული მეორე გარემოება - „წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტერიტორიის ადგილები იტბორება“ - თავისი ფორმულირებით ჰიპოთეტური, პირობითი მსჯელობაა და არა დადგენილი ფაქტი, აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება და იგი ვერ ჩაითვლება საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისთვის ვალიდურ გარემოებად.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გარემოებები სრული სახით ჰქონდა დაფიქსირებული 10.07.2026 წლის №-------- საჩივარშიც, თუმცა მათზე ყურადღება არ იქნა გამახვილებული არც სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს სადავო ბრძანებაში.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებზე და ამასთან, განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების, მათ შორის, მისი გამოცემის საფუძვლად დადებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი). სანქციის დაკისრება ვარაუდის, ალბათობისა და სუბიექტური აღქმის საფუძველზე ამ პრინციპთან შეუთავსებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც გასაჩივრებული ოქმი ისე გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
გასაჩივრებული ოქმი და ბრძანება შემოიფარგლება ტერიტორიის მდგომარეობის აღწერით და არ შეიცავს სამართლებრივ-ფაქტობრივ მსჯელობას იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელი სანიტარიულჰიგიენური ნორმა დაირღვა, რა მტკიცებულებით დასტურდება დარღვევა და რა მიზეზობრივი კავშირია აღწერილ გარემოებასა და ნორმის შემადგენლობას შორის. დასაბუთების ამგვარი ხარვეზი როგორც ოქმის, ისე ბრძანების უკანონობის დამოუკიდებელი საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ხსენებული ინსტრუქცია, მყარი საფარის (ასფალტის) არსებობის ვალდებულებას ითვალისწინებს მხოლოდ მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ შემთხვევაში - ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამამუშავებელი საბაჟო საწყობებისთვის და იქაც მხოლოდ სამ კონკრეტულ მოედანზე და არა საწყობის მთელ ტერიტორიაზე. ყველა საბაჟო საწყობზე გავრცელებული ზოგადი სანებართვო პირობები (მე-8 მუხლი) კი ანალოგიურ მოთხოვნას არ შეიცავს. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია, განმარტების გზით ნორმას მიანიჭოს ისეთი შინაარსი, რომელიც მასში კანონმდებელს არ მოუაზრებია და ამის საფუძველზე პირს ფულადი სანქცია დააკისროს. მხოლოდ ის გარემოება, რომ საწყობის ტერიტორიის მონაკვეთი დაფარულია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტით (რაც, თავის მხრივ, გავრცელებული და აღიარებული საგზაო/სამოედნო საფარია), თავისთავად ვერ ჩაითვლება მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დარღვევად, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით არ დაადგინა, რომ სწორედ ამ გარემოების გამო რეალურად ირღვეოდა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. გასაჩივრებული ოქმი და ბრძანება შემოიფარგლება ტერიტორიის მდგომარეობის აღწერით და არ შეიცავს სამართლებრივფაქტობრივ მსჯელობას იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმა დაირღვა, რა მტკიცებულებით დასტურდება დარღვევა და რა მიზეზობრივი კავშირია აღწერილ გარემოებასა და ნორმის შემადგენლობას შორის. ამასთან აღსანიშნია, რომ აღნიშნული ტერიტორია 5 წლის განმავლობაში სხვა საბაჟო საწყობის, კომპანიის, ოპერირების ქვეშ იყო და საფარი ზუსტად ასეთ მდგომარეობაში აქამდე მისაღები იყო საბაჟო დეპარტამენტისთვის, აღნიშნული ტერიტორია გემიდან დაცლილი სატვირთო ავტომობილების სადგომებისთის გამოიყენება, ხოლო რაც შეეხება ტვირთების დათვალიერებას აღნიშნული ხორციელდება დახურულ საწყობში, სადაც იატაკი დასხმულია, მოპირკეთებულია და დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მიუხედავად ამ სადავო საკითხისა, კომპანია გეგმავს მოაწესრიგოს აღნიშნული ტერიტორია (მოიხრეშოს), რაზეც დაწყებულია შესაბამისი ქმედებები.
საბაჟო დეპარტამენტის 9.06.2026 წლის №12682 ბრძანების საფუძველზე, კომპანიის საბაჟო საწყობში („-------“; „-------“) სანებართვო პირობების შესრულებაზე განხორციელებული კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის ტერიტორიის მონაკვეთზე, ტვირთის დროებითი შენახვის საწყობის მიმდებარე ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე მოყრილია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტი, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება და ჰაერში იფანტება დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები. ამასთან, წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტერიტორიის ადგილები იტბორება.
საბაჟო დეპარტამენტის 25.08.2026 წლის №„-------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან და საბჭოს სხდომაზე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ საბაჟო საწყობის ტერიტორიის მონაკვეთზე, ტვირთის დროებითი შენახვის საწყობის მიმდებარე ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე მოყრილია ქვიშა-ხრეშის ნარევი გრუნტი, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება და ჰაერში იფანტება დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკები. ამასთან, წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტერიტორიის ადგილები იტბორება და ხელს უშლის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს საბაჟო ფორმალობების ჯეროვნად განხორციელებაში. წერილს ახლავს აღნიშნული გარემოებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება, მანამდე სხვა საბაჟო საწყობის ფუნქციონირებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, სანებართვო პირობების შემოწმება ხორციელდება შერჩევითი შემოწმების მეთოდით და თუ არსებობდა ეს პრობლემა წინა შემთხვევაში, აღნიშნული არ ნიშნავს რომ ამ საბაჟო საწყობის პირობებშიც უნდა არსებობდეს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დგინდება, რომ მომჩივნის მხრიდან უგულვებელყოფილია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტზე მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ როგორც გასაჩივრებული ოქმი ისე გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა. საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიჩნეულია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტზე მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
176.