ბრძანება N 28404
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28404
17 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"------"-ის (პ/ნ "------")
(მის:"------")
2023 წლის 13 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი №191623/21-10-18, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №ELC24309 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილია სხვა პირის მიერ და მას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა. თავად იყო მხოლოდ იმპორტიორის წარმომადგენელი და კავშირი არ აქვს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასთან, რადგან მხოლოდ მესაკუთრის მინდობილობის საფუძველზე გამოიყვანა სატრანსპორტო საშუალება საბაჟო ტერმინალიდან და მაშინვე ნათელი იყო, რომ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რადგან გადახდილია გარე ტრანზიტის მომსახურების საფასურიც.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალების ტერმინალიდან გაყვანის პროცედურებში დამატებული ინფორმაცია, რომ შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან და საქონლის მფლობელს, ნიშნავს დეკლარანტის გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის მფლობელთან ერთად შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. მომჩივნის მოსაზრებით, ეს არის ირიბი აღიარება, რომ ამ ცვლილებამდე დეკლარანტს ანუ მინდობილ პირს არ ეკისრებოდა ვალდებულება შესაბამისი საბაჟო პროცედურების განუხორციელებლობაზე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, "------"-ის (პ/ნ "------") მიერ, რომელიც წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელს, 2020 წელს განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება და კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადების/დეკლარირების ვადად განისაზღვრა 60 კალენდარული დღე.
ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, "------"-ის (პ/ნ "------") მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა №ELC24309 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს, რომ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომ − წარმომადგენელი) არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3- ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივანი არის უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელი და მის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება. დადგენილია ასევე, რომ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადა განისაზღვრა კანონმდებლობით გათვალისწინებული 60 კალენდარული დღით, თუმცა მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მოჩივანის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
71,163,165.