გადაწყვეტილება №23790/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23790/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№23790/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტი დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 25.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23790/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2024 წლის №006-324 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18276 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 126 306.05 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 82 067

ჯარიმა - 22 796

საურავი - 21 443.05

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული ფართის იჯარით გაცემა. 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 20.06.2023 წლის №14022 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი: კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ, ----მ 2022 წლის დეკემბრის თვეში გაიტანა საწარმოს საწესდებო კაპიტალში 1995 წელს შეტანილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ----, ს/კ ---.

საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის მომენტში ქონების ღირებულება შეადგენდა 2 900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რის შემდეგაც მისი ღირებულება შემცირდა 261 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, კაპიტალიდან 9% წილის გატანის სანაცვლოდ 11.61 კვ.მ ფართის გატანით, 2006 წელს, რაც დასტურდება შესაბამისი სანოტარო აქტით.

შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება. შესაბამისი დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის თარიღში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტის და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282- ე მუხლების შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა 4.10.2023 წლის №24451 ბრძანება და 5.10.2023 წლის №006-485 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2023 წლის №31462 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.02.2024 წლის №21762/2/2023 (რეგ. 22.04.2024წ. 03/32235) გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31462 ბრძანება. საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 5.06.2024 წლის №13369 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაციის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანება არ გასაჩივრებულა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია 14.06.2024 წლის დასკვნა, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი 127 458 ლარი (მათ შორის მოგების გადასახადი 99 318 ლარი და საშემოსავლო გადასახადი 28 140 ლარი) და ჯარიმა 63 729 ლარი, სულ 191 187 ლარი. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 24.06.2024 წლის №14693 ბრძანება და ამავე თარიღის №006-324 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.07.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18276 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგება/საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი სანქცია. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარდგენილი საჩივრით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 733 მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან, დასაბეგრი ოპერაცია გაუქმებულია, აღდგენილია ოპერაციამდე არსებული მდგომარეობა და უძრავ ქონებაზე კომპანიის საკუთრების უფლება და გარდა ამისა, არანაირი ფორმით არ მომხდარა ანაზღაურების თანხის გაცემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების საფუძველზე, 25.06.2024 წელს განცხადებით/მოთხოვნით (რეგისტრაციის ნომერი 539865; 539875) მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მოითხოვა აღნიშნული თანხის კორექტირება სრული - 82 067 ლარის ოდენობით ან/და კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღგ-ის შესაბამისი დარიცხვის შესწორება (მათ შორის, დღგ-ის დარიცხვის ფარგლებში მოყოლილი შესაბამისი ჯარიმა/საურავები).

აღნიშნული განცხადებების ფარგლებში ასევე, წარდგენილ იქნა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაცია, „უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების თაობაზე, რომელზეც დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად“ და შესაბამისი დამადასტურებელ დოკუმენტაცია („გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების 733 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად).

მომხმარებლის პორტალიდან ტექნიკურად ვერსად ვერ ატვირთა აღნიშნული დეკლარაცია, გარდა ამისა, ვერც რომელიმე კანონქვემდებარე აქტში ან/და ინსტრუქციაში ვერ მოიძია შესაბამისი ინფორმაცია წინამდებარე საკითხის (დღგ-ის კორექტირების) ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით და ვერც სსიპ შემოსავლების სამსახურის ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ მოხდა ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ამიტომ, მიიღო გადაწყვეტილება წერილების/განცხადებების სახით გაეგზავნა შესაბამისი მოთხოვნა, რასთან დაკავშირებითაც დღეის მდგომარეობით არ მიუღია არანაირი პასუხი ან/და რაიმე სახის რეაგირება სსიპ შემოსავლების სამსახურის ან/და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 22.07.2024 წელს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს №006- 324 (კორექტირებული) საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე კომპანიაზე დარიცხული დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების მიზნით და შესაბამისად, მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტისთვის აღნიშნული გადასახადის დაკორექტირების დავალება, რაზეც 7.08.2024 წლის №18276 ბრძანებით ეთქვა უარი, რასაც არ ეთანხმება შემდეგი გარემოებათა გამო:

უარის მიზეზად სსიპ შემოსავლების სამსახური ასახელებს იმ გარემოებას, რომ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც პირველად წარდგენილი საჩივრით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანებით დადგინდა რომ: „ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გაუქმებულია კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაცია და სადავო ქონება აღრიცხულია საწარმოს სახელზე შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, დღგ-ის მიზნებისთვის აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს კორექტირების საფუძველს“. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის თანხა არ დაექვემდებარა არანაირ კორექტირებას (მიუხედავად კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი დეკლარაციისა და განცხადებებისა), შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დღგ მოთხოვნილია სრული ოდენობით, რაც ეწინააღმდეგება როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, ასევე ფაქტობრივ გარემოებებს და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანებით დადგინდა, რომ დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრი ოპერაცია წარმოადგენს კორექტირების საფუძველს, ასევე დადგინდა, რომ პარტნიორის ან/და საწარმოს მიერ რაიმე ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზანი არ იკვეთებოდა, თუმცა ბრძანების განკარგულებით ნაწილში არ მომხდარა დღგ-ის კორექტირების მიზნით შესაბამისი მოქმედებების შესრულების დავალება აუდიტის დეპარტამენტისთვის, რაც გახდა შეუსაბამო საგადასახადო მოთხოვნის (კორექტირებული - №006-324) წარდგენის მიზეზი და შესაბამისად, ვინაიდან წარდგენილ მოთხოვნებზე/განცხადებებზე/დეკლარაციაზე (დღგ-ს კორექტირებასთან დაკავშირებით) არ მომხდარა არანაირი რეაგირება, მოითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურისგან პირდაპირი განკარგულების გაცემა დღგ-ის კორექტირების ნაწილში.

დავის ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი და კომპანიის მიერ დადასტურებული ფაქტებია:

1) უძრავი ქონების გადაცემის ტრანზაქცია გაუქმებულია, 2023 წლის ოქტომბრიდან უძრავი ქონება დაბრუნებულია და აღირიცხება კომპანიის სახელზე, კერძოდ: 2023 წლის დეკემბერში პარტნიორმა - ---მ განცხადების საფუძველზე მიმართა საჯარო რეესტრს და 2022 წლის დეკემბრის სარეგისტრაციო წარმოებით განხორციელებული ცვლილების ბათილობის საფუძველით, მოითხოვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე პარტნიორის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - უძრავ ქონებაზე კომპანიის საკუთრების უფლების აღდგენა, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.10.2023 წლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა პარტნიორის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და აღდგა აღნიშნულ რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაცია გაუქმდა და უძრავი ქონება სრულად დაუბრუნდა კომპანიას;

2) 2022 წლის რეგისტრაციით პარტნიორის მიერ განხორციელებული ცვლილება არ ყოფილა განხორციელებული ეკონომიკური ან რაიმე სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, პირიქით ის განხორციელდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ საბუღალტრო აღრიცხვა შესრულებულიყო სწორად, მოიჯარე კომპანიის მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც საგადასახადო დავის ფარგლებში დადასტურდა კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის და თანდართული დოკუმენტაციის/მტკიცებულებების საფუძველზე და გაზიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ, ის ფაქტი რომ „პარტნიორის ან/და საწარმოს მიერ რაიმე ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზანი არ იკვეთება“;

3) 2022 წლის ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის არანაირი ფორმით, მათ შორის მომსახურების გაწევით, არ განხორციელებულა და არც განხორციელდება უძრავი ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. გარდა ამისა, უძრავი ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებით მიღებულ შემოსავალს/სარგებელს, ფაქტობრივად იღებს და ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს კვლავ უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე - კომპანია. შესაბამისად, დასტურდება ის ფაქტიც, რომ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციას ან/და მის გაუქმებას არსებითი ეკონომიკური გავლენა არ მოუხდენია დღგ-ის მიზნებისთვის, ისევე როგორც მოგების განაწილებად განხილვის მიზნებისთვის;

4) სსიპ შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების შესაბამისად პირდაპირ განისაზღვრა, რომ ოპერაცია დღგ-ის მიზნებისთვის წარმოადგენს კორექტირების საფუძველს (თუმცა არ განხორციელდა არანაირი მოქმედება და არ მომხდარა არანაირი რეაგირება კომპანიის მოთხოვნაზე/დეკლარაციაზე აღნიშნული გადასახადის კორექტირებასთან დაკავშირებით).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ითხოვს დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა და შესაბამისად, ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს ან/და აუდიტის დეპარტამენტს სადავო საგადასახადო მოთხოვნით კომპანიაზე გადასახდელად დარიცხული დღგ თანხის კორექტირება სრული 82 067 ლარის ოდენობით და შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვის ფარგლებში მოყოლილი/დარიცხული ჯარიმა/საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან ქონების გატანის ოპერაციის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 14.06.2024 წლის დასკვნით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების საფუძველზე, 25.06.2024 წელს განცხადებით/მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის თანხის 82 067 ლარის კორექტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადებების ფარგლებში ასევე, წარდგენილ იქნა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაცია, „უძრავი ნივთის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების თაობაზე, რომელზეც დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად“ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მომხმარებლის პორტალიდან ტექნიკურად ვერსად ვერ ატვირთა აღნიშნული დეკლარაცია, გარდა ამისა, ვერც რომელიმე კანონქვემდებარე აქტში ან/და ინსტრუქციაში ვერ მოიძია შესაბამისი ინფორმაცია წინამდებარე საკითხის (დღგ-ის კორექტირების) ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით და ვერც შემოსავლების სამსახურის ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ მოხდა ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ამიტომ, მიიღო გადაწყვეტილება წერილების/განცხადებების სახით გაეგზავნა შესაბამისი მოთხოვნა, რასთან დაკავშირებითაც დღეის მდგომარეობით არ მიუღია არანაირი პასუხი ან/და რაიმე სახის რეაგირება სსიპ შემოსავლების სამსახურის ან/და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, 22.07.2024 წელს საჩივრით მიმართა კომპანიაზე დარიცხული დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების მიზნით, რაზეც უარი მიიღო. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, მომჩივანი არგუმენტს წარმოადგენს ისეთ საკითხზე რომელიც ხსენებული ბრძანებით არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ხსენებული საკითხი განსახილველად გაგზავნილია შესაბამის დეპარტამენტში. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმების პროცესში ჩატარდა ქონების შეფასება. შესაბამისი დასკვნით, კაპიტალიდან გამოტანის თარიღში ქონების ღირებულება შეადგენდა 538 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში დამფუძნებელზე გადაცემული ქონების ღირებულებით და დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტის და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13369 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).