ბრძანება N 548

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.01.2026
№ დოკუმენტი 548
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 548

21 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 21 დეკემბრის №26350/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №007-288 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს:

● აცხადებს, რომ მათ მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილია შეძენილ პროდუქციაზე გამოწერილი შესყიდვის აქტები (დაახლოებით 130 000 ლარზე), საიდანაც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული იქნა 75 %. შესაბამისად, გამოდის რომ შემოწმებით დადგენილი ფასნამატი არის 193%, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან მომჩივნის მითითებით, კომპანიის ფასნამატი არ აღემატება 63%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, ბაზრის ტერიტორიაზე შეძენილი პროდუქციის ნაწილობრივ გათვალისწინებას.

● მიუთითებს, რომ კომპანიას პროფილიდან გამომდინარე, ხშირად უწევდათ სტუმრების მისაღები სივრცის სხვადასხვა ხე-მცენარეებითა თუ ყვავილებით გაფორმება, რომლის შესყიდვასაც ანგარიშვალდებული პირი (აღნიშნული პერიოდის განმავლობაში) ახორციელებდა ფიზიკური პირებისაგან (საუბარია დაახლოებით 30 000 ლარის ღირებულების მცენარეებზე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში). სამწუხაროდ, საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნის გამო, შემმოწმებელთან საგადასახადო შემოწმების საკითხის გავლისას, კომპანიის წარმომადგენელ პირს არ გაუჟღერებია აღნიშნული ფაქტი და არ წარუდგენია შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტები. განმარტავს, რომ გამყიდველ მხარესთან კომუნიკაციით, დაადასტურებენ ზემოაღნიშნულ ფაქტს.

● გადამხდელი მიუთითებს, რომ გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი აქვს დარიცხული საბანკო ტერმინალის მეშვეობით 2024 წლის ოქტომბერში გატანილ 100 000 ლარზე. აცხადებს, რომ მათ იხელმძღვანელეს მეთოდური მითითებით „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ და სალაროს არაგონივრული ნაშთის წარმოშობიდან შემდგომი 3 საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდგომ, ვინაიდან არ მოხდა აღნიშნული თანხის დაბრუნება განიხილა როგორც დირექტორზე გაცემული სესხი და დაბეგრა მოგების გადასახადით. თუმცა შემმოწმებლის მიერ აღნიშნული თანხა არ იქნა გათვალიწინებული სალაროს არაგონივრული ნაშთის დაანგარიშებისას და საშემოსავლო გადასახადის თანხა დაერიცხა დამატებით 100 000 ლარზე, რომელიც გადამხდელის მიერ დაბეგრილი იყო შესამოწმებელი პერიოდის გარეთ. გადამხდელი ითხოვს, სალაროს არაგონივრული თანხის ის ნაწილი, რომლის დაბრუნებასაც აპირებს გადამხდელი გათვალისწინებულ იქნეს, როგორც დირექტორზე გაცემული სესხი, რომელზე დარიცხული მოგების გადასახადის თანხის ნაწილიც ექვემდებარება აღდგენას, დირექტორის მიერ თანხის დაბრუნების შემდგომ.

2. არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას და განმარტავს, რომ მომსახურების სფეროში ძალიან ხშირია კლიენტის მიერ სამადლო თანხის (ე.წ თიფსი/ჩაი) მიმტანებისთვის დატოვების პრაქტიკა, რომელიც ნავაჭრი თანხის 5-10%-ში მერყეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა POS ტერმინალით გადახდებმა და მნიშვნელოვნად იკლო ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდებმა, ე.წ თიფსის თანხების გატარება/ასახვა ხდებოდა ტერმინალზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის დასაბეგრ თანხას. აღნიშნული თანხა წარმოადგენს კლიენტის მიერ პერსონალისათვის დატოვებულ სამადლო თანხას და სრულად ნაწილდება პერსონალზე, რაც გადამხდელის მოსაზრებით არ უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №15900 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 აპრილის №007-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 13 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №15900 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 23 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი შეუმცირდა 7 745 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 ნოემბრის №007-288 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია მომწოდებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შესახებ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა 7 746 ლარის ოდენობით ასახულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში. შედეგად აღნიშნული თანხით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი.

● გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. აგრეთვე, შეწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთის გამოვლენის პერიოდში ნაღდი ფულით შეძენარეალიზაციების ოპერაციები არ განუხორციელებია, შესაბამისად სალაროში არსებული ნაშთის კორექტირება არ განხორციელებულა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე ფულის ნაშთზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. აგრეთვე, შეწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხის „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთის გამოვლენის პერიოდში ნაღდი ფულით შეძენარეალიზაციების ოპერაციები არ განუხორციელებია, შესაბამისად სალაროში არსებული ნაშთის კორექტირება არ განხორციელებულა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს ხშირად უწევდათ სტუმრების მისაღები სივრცის სხვადასხვა ხე-მცენარეებითა თუ ყვავილებით გაფორმება, რომლის შესყიდვასაც ანგარიშვალდებული პირი ახორციელებდა ფიზიკური პირებისაგან (საუბარია დაახლოებით 30 000 ლარის ღირებულების მცენარეებზე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში). მიუთითებს, რომ გამყიდველ მხარესთან კომუნიკაციით, დაადასტურებენ ზემოაღნიშნულ ფაქტს. მომჩვანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების (N 15900) გაცნობის შემდგომ დარჩათ განცდა, რომ აღნიშნული საკითხი არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას. თუმცა შემმოწმებელთან კომუნიკაციის შემდგომ გაირკვა, რომ შესაძლოა გათვალისწინებულიყო მცენარეების შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვის აქტები. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს დიდი ხანია არ ჰქონია კომუნიკაცია გამყიდველთან და საკმაოდ გართულდა მისი მოძიება, რამდენიმე დღის დაგვიანებით მოხდა აღნიშნული ხელწერილის მიწოდება შემმოწმებლისათვის.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მოცემული არგუმენტის/ გარემოების ფარგლებში საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

● ამასთან, გადამხდელის სხვა არგუმენტთან დაკავშირებით (მათ შორის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სალაროს ნაშთის ნაწილს შეეცვალოს კვალიფიკაცია (განხილულ იქნეს სესხად), შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება/საფუძვლები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა გადამხდელის მომწოდებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა, 7 746 ლარის ოდენობით, ასახულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში. შედეგად აღნიშნული თანხით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი.

ხოლო, რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2025 წლის 14 ივლისის №15900 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი;

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. აგრეთვე, შეწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთის გამოვლენის პერიოდში ნაღდი ფულით შეძენარეალიზაციების ოპერაციები არ განუხორციელებია, შესაბამისად სალაროში არსებული ნაშთის კორექტირება არ განხორციელებულა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებდა.

2. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა გადამხდელის მომწოდებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, გადამხდელის მიერ შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა, ასახულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში. შედეგად აღნიშნული თანხით შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი. რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2025 წლის 14 ივლისის №15900 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მოცემული არგუმენტის/ გარემოების ფარგლებში საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159;