გადაწყვეტილება №25004/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25004/2/2025
06 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25004/2/2025).
დავის საგანი:
1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა;
2. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №001-227 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2025 წლის №3987 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 79 743,49 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 412
დღგ - 17 904
საშემოსავლო გადასახადი - 30 508
ჯარიმა - 24 206
საურავი - 7 125,49
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.04.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №001-227 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2025 წლის №3987 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას 2022 წლის ნოემბერში ერთჯერადად აქვს განხორციელებული მეორადი ტანსაცმლის იმპორტი ინდოეთიდან. არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, ასევე არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები და რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა. საწარმოს დირექტორის განმარტებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი საშუალებების ფაქტობრივი ნაშთი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები და რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა, ხოლო საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. რაც შეეხება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
მომჩივნის არგუმენტზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველ რიგში გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერია არ იყო ნაწარმოები, ყველა ტრანზაქციის დოკუმენტი არსებობს, მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილი იყო აუდიტისთვის მათი უმრავლესობა და გადახდები არის ძირითადად ბანკით. კომპანიის საბანკო ამონაწერების და ელექტრონული დოკუმენტების ანალიზის შედეგად სრულად დგინდება ფინანსური სახსრების მოძრაობა საჭიროება/ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი, დაბეგვრის ობიექტი, არცერთი ხარჯი არ არის დაუდასტურებელი და ყველა არის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული.
შემმოწმებლისგან მოითხოვს დააკონკრეტოს უშუალოდ რომელი სამეურნეო ოპერაცია იყო მისთვის ბუნდოვანი და რატომ ვერ დაიდენტიფიცირდა დაბეგვრის ობიექტი. ერთადერთი რისი წარდგენაც გადამხდელმა ვერ შეძლო ეს არის რეალიზებული საქონლის ხელშეკრულება ან ზედნადები, რისი არქონის მიზეზიც დეტალურად ახსნილია ქვემოთ, რომელიც განხორციელდა 2024 წლის აგვისტოს თვეში და რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულია დაბეგრილი და შესაბამისი გადასახადიც გადახდილი. თუმცა მიუხედავად ამისა დაბეგვრა მოხდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციისა დღგ-ს დეკლარაციით, რეალურ საბაზრო ფასზე მაღალ ფასად, იმის გათვალისწინებით, რომ საქონელი იყო სრულიად უსარგებლო სარეალიზაციოდ. (იხ. დანართის სახით).
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.03.2017 წლის (საქმე №ბს-702-695(2კ-16)) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსისა და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისი დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავის ნების გამოხატვაში. ოპერაციის ფორმისა და მხარეთა ნებას შორის შესაბამისობის გარკვევა ხდება იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით ხდება კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ყველა სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები და სასამართლო პრაქტიკები. მიიჩნევა, რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლების თაობაზე დასაბუთებას და საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება მტკიცების ტვირთის ვალდებულება. შემმოწმებელი მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმ მიზეზით, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელი კატეგორიულად არ ეთანხმება შემმოწმებლის ამ შეფასებას და მიაჩნია, რომ ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფით იქნა ვალდებულებები განსაზღვრული. ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციის დოკუმენტები, რომელიც ატვირთულია ელექტრონულ პორტალზე, როგორც საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო რაც შეეხება რეალიზაციას აღრიცხვის დოკუმენტს, თუ რატომ ვერ მოასწრო გადასახადის გადამხდელმა მისი დროულად გამოწერა ამ საკითხზე განვმარტავთ დეტალურად: ვინაიდან მომწოდებლის მიერ საქართველოში გამოგზავნილი საქონელი იყო ძალიან ცუდი ხარისხის (შეთანხმებულისგან განსხვავებით, მომწოდებელმა ამის გამო საქონლის საფასურის გადახდა არ მოსთხოვა შემძენს იმის სანაცვლოდ, რომ შემძენი მას არ უჩივლებდა საერთაშორისო სასამართლოში, არსებობს ამ ფაქტის ამსახველი და დამადასტურებელი შედარების და ვალის ჩამოწერის საბუთი, რომელიც წარდგენილი იყო შემმოწმებლისათვის აუდიტის მიმდინარეობის დროს), აღნიშნული საქონელი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა საწყობში და ემატებოდა ქირის სახით ზარალი კომპანიას. რის შემდეგაც გადაწყდა მისი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, შეთანხმება მოხდა ადგილობრივ ბაზარზე მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე ფიზიკურ პირთან "-------"-სთან, რომელმაც საქონელი ისე წაიღო საწყობიდან, რომ კომპანიის დირექტორი არც იყო ინფორმირებული ამის შესახებ, დირექტორი ასევე არ იმყოფებოდა საქართველოში. როდესაც გამოვლინდა ფაქტი, რომ საქონელი არ იყო საწყობში მან აღიარა, რომ დაარიგა საქონელი ვაგზალზე მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე გარემოვაჭრე ფიზიკურ პირებთან და დაპირდა დირექტორს, რომ თანხას ააგროვებდა გარემოვაჭრეებისაგან მალე და გადაიხდიდა კომპანიაში. ხოლო როდესაც დირექტორმა დაიბარა იგი რათა მას წაღებულ საქონელზე შესაბამისი კონსიგნაციის ხელშეკრულებაზე და საქონლის მიღება-ჩაბარებაზე მოეწერა ხელი, იგი ამის შემდეგ უკვალოდ გაქრა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ იგი ქვეყნიდან იყო უკვე გასული. გადასახადის გადამხდელმა როგორც კი გაიგო, რომ საქონელი საწყობში არ იმყოფებოდა მოახდინა მისი რეალიზაციის აღიარება და დაბეგრა გადასახადით. აღნიშნული დოკუმენტი არის ერთადერთი რაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო დოკუმენტებიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის საკითხი სრულყოფილად შესწავლილი. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებზე და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადების დარიცხვის დროს არ იქნა გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის ხარისხი და მხედველობაში არ იქნა მიღებული მომწოდებლის მიერ გამოცემული აქტი, სადაც იგი აღიარებს სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის გამოგზავნას საქართველოში და შესაბამისად არც თანხის ანაზღაურებას მოითხოვს მისგან. შესაბამისად საფუძველს მოკლებული და არასამართლიანია შემმოწმებლის მიერ სხვა იმდაგვარი აუდირებული კომპანიის ფასნამატის გავრცელება, რომელიც შეუფერხებლად აწარმოებს რეალიზაციას საქონლის ხარისხიდან გამომდინარე საქართველოში. რომელიც საქონელს ყიდის მაღაზიიდან და არა საბითუმოდ საწყობიდან. შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ფაქტორები. მომჩივანი ადასტურებს რომ 85 %-ით მომხმარებული (გაცვეთილი) მეორადი ტანსაცმლის საბითუმო საბაზრო ფასი წარმოადგენს მაქსიმუმ 1 ლარს 1 კილოგრამზე. აღსანიშნავია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა საცალო სარეალიზაციო ობიექტი, იგი საქონლის რეალიზაციას აპირებდა საბითუმოდ პირდაპირ საწყობიდან, შესაბამისად, დაბეგრილი სარეალიზაციო ფასი წარმოადგენს რეალურს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქონელი ჩამოვიდა საქართველოში უხარისხო და არა ის ხარისხი რაც შეთანხმებული იყო, რისი დამტკიცებაც მარტივად არის შესაძლებელი, თუნდაც გუგლის სისტემის საშუალებით, საკმარისია მოიძებნოს სიტყვით “მეორადი ტანსაცმელი 1 ლარად” ძიების შედეგებში იხილავთ, რომ უამრავი კომპანია ყიდის სახმარად ვარგის ტანისამოსს 1 ლარად უშუალოდ მაღაზიიდან, ხოლო კომპანიის ტანისამოსი არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის გამო, როგორც უკვე მოგახსენეთ იყო 85 %- ით ნახმარი რაც თითქმის გამორიცხავდა მის თუნდაც თვითღირებულების ფასად რეალიზაციას, თუმცაღა მომჩივანმა საგადასახადო რისკის შემცირების მიზნით და კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე იგი დაბეგრა და გადაიხადა შესაბამისი გადასახადები. შესაბამისად მომჩივანი მოითხოვს მის მიერ დაბეგრილი სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებას და აქტის კორექტირებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შემმოწმებელმა საქონლის ნაშთზე გაავრცელა სხვა ისეთი კომპანიის ფასნამატი, რომელიც უპრობლემოდ ოპერირებს მეორადი ტანსაცმლის ბაზარზე და არ გაითვალისწინა ყველაზე მთავარი გარემოება რომელიც ფასნამატის განსაზღვრასთან დაკავშირებით უნდა გამოეყენებინა: საქონელი ჩამოვიდა უხარისხო, სარეალიზაციოდ უვარგისი, მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა, კომპანიამ მიიღო ზარალი, რასაც ადასტურებს მომწოდებლის წერილობითი შედარება/აღიარება. მომჩივანმა წარმოადგინა აღნიშნულის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა. შესაბამისად აღნიშნული ფასნამატის გამოყენება არ იყო მართებული. გადამხდელი არ ეთანხმება მას და მოითხოვს მის გაუქმებას და მის მიერ რეალიზებული საქონლის ფასის გათვალისწინებას გადასახადების გაანგარიშების დროს.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემმოწმებელი არ გაითვალისწინებდა პირველ არგუმენტს საქონლის უვარგის ხარისხთან დაკავშირებით, ის ღირებულება რაც აღიარებულია საქონლის რეალიზაციად დღგ-ის დეკლარაციაში არის სრულიად მართლზომიერი შემდეგი გარემოებების გამო: სწორედ შემმოწმებლის მიერ ფასნამატის დარიცხვის დროს გამოყენებული აუდირებული კომპანიის სარეკლამო რგოლიდან მტკიცდება (რომელიც წარმომადგენელმა ვიდეო მტკიცებულების სახით აჩვენა და გაუგზავნა შემმოწმებელს, რომელიც დღესაც საჯაროა და ხელმისაწვდომია), რომ იმავე კომპანიაში ზამთრის კოლექცია პირველი კატეგორია მეორადი ტანსაცმელი იყიდება 1 ცალი ნივთი 1 ლარად, სადაც შედის პალტოები, ჰუდები და სვიტერები, რაც არის წონით 1 ცალი მინიმუმ 1 კილოგრამი და მეტი. აღნიშნული ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს, რომელიც ასევე არ იქნა გათვალიწინებული ფასნამატის განსაზღვრის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ ზემოთხსენებული ფაქტების და მტკიცებულებების უგულებელყოფას (მტკიცებულება არ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ გათვალისწინებული და არ მიეთითა მტკიცებულებების გაუთვალისწინებლობის საფუძველზე) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება და შემოწმების შედეგები განსახილველ სადავო ნაწილში, სადაც გამოყენებულია გაზრდილი და შეუსაბამო ფასნამატი, ექვემდებარება სრულად გაუქმებას და რეალიზებული პროდუქციის საფასური რაც იქნა აღიარებული დეკლარაციით არ უნდა დაკორექტირდეს, ვინაიდან იგი არ არის გაცდენილი საბაზრო ფასს რაც არის ამ პერიოდში ამდაგვარ და მსგავს საქონელზე არის რეალური გაცხადებული ფასი არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის.
3. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად მითითებულია, რომ დავის პროცესში არ ყოფილა რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები სამსახურის ბრძანება განსახილველ ნაწილში მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივანს აუდიტორთან ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და მოთხოვნის შესაბამისად აწვდიდა მას ინფორმაციას ზეპირი თუ ელექტრონული ფორმით. აუდიტმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დაამუშავა კომპანიის ტრანზაქციები და მათ გაცვალეს შესაბამისი ფაილები. აღნიშნულის დასადასტურებლად, წარმოადგენს შესაბამის მიმოწერების სქრინებს და გაგზავნილ ფაილებს მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც წარმოებდა ელექტრონულ ფოსტაზე, მესიჯებად და აპლიკაცია ვატსაპის საშუალებით. ერთადერთი დოკუმენტი რომლის წარდგენაც ვერ მოხდა აუდიტთან საქონლის რეალიზაციის დოკუმენტია, რაზეც წარმოდგენილია შესაბამისი ახსნა- განმარტებები (თუ რა ვითარებების გამო ვერ მოხერხდა შესაბამისი შესყიდვის აქტის ან პირველადი დოკუმენტის გაფორმება შემძენთან), თუმცა აღნიშნული რეალიზაცია დაბეგრილია შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციით და გადახდილია დღგ.
გადამხდელის მიერ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტის უქონლობის გამო არ არის დარღვეული სამეურნეო ოპერაციის შინაარსი და ფორმა, არ არის დამალული გადასახადი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია უსაფუძვლოდ, სამართლებრივად დაუსაბუთებელი არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებების უგულვებელყოფით, რამდენადაც ვერ დგინდება დარიცხული გადასახადების და ჯარიმების კანონზომიერება. გადამხდელი მოითხოვს დასაბუთებას თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა აღნიშნული მუხლის გამოყენების დროს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერებას, თუმცა ადასტურებს, რომ ვერ წარუდგინა შემოწმებას მის მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტაცია, ხოლო აღნიშნული საქონლის რეალიზაცია შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რომელიც, გადამხდელის მტკიცებით, საბაზრო ფასს შეესაბამებოდა. გადამხდელის მიერ საქონლის ხარისხთან და საბაზრო ფასთან დაკავშირებული მასალა შემოწმებისათვის წარდგენილია მხოლოდ ვიდეოებისა და ფოტოსურათების სახით, საიდანაც შეუძლებელია როგორც საქონლის მესაკუთრის, ისე მისი ხარისხისა თუ სარეალიზაციო ფასისა და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი შემოწმებამ განსაზღვრა ამავე საანგარიშო პერიოდში იდენტური საქონლის იმპორტიორი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის შესაბამისად. შემოწმებას საქონლის ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონდა არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება და ვერ ჩათვლიდა, რომ აღნიშნული საქონელი ფაქტობრივად უვარგისი იყო, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროდუქცია საწყობიდან, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, სწორედ რეალიზაციის მიზნით იქნა გატანილი ფიზიკური პირი "-------"--ის მიერ. რაც შეეხება აუდირებულ ფასნამატს, იგი აღებულ იქნა იდენტური ხარისხის საქონლით მოვაჭრე იმპორტიორისაგან, რომელშიც შესაბამის საანგარიშო პერიოდში, დირექტორად ფიქსირდება ასევე შპს ,,-------“-ს (ს/ნ „-------“) დირექტორი - „-------“.
საბჭო განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენება მართებულია. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის განმარტებით საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ აქვს ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა (საწარმოში დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალის გამოკლებით) და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შემოწმება უნდა დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს, დირექტორმა არა თუ სარგებელი მიიღო კომპანიისგან, არამედ კუთვნილი თანხა შეიტანა საწარმოში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. შესაბამისად აღნიშნული შენატანები გადასახადების დაანგარიშებაში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის განმარტებით საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ აქვს ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა (საწარმოში დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალის გამოკლებით) და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანისთვის გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.ითხოვს დასაბუთებას თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა 73-ე მუხლის გამოყენების დროს.
2.მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას.გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით,ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიას 2022 წლის ნოემბერში ერთჯერადად აქვს განხორციელებული მეორადი ტანსაცმლის იმპორტი ინდოეთიდან. არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, ასევე არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები და რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა. საწარმოს დირექტორის განმარტებით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი საშუალებების ფაქტობრივი ნაშთი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2.გადამხდელის განმარტებით საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არ აქვს ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,163,164.