გადაწყვეტილება №19582/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.07.2023
№ დოკუმენტი 19582/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19582/2/2023

21 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19582/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

2. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დივიდენდად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7328 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 117 748,55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 66 346

მოგების გადასახადი - 20 808

საშემოსავლო გადასახადი - 45 538

ჯარიმა - 33 173

საურავი - 18 229,55

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 6.09.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ დოკუმენტური ხარჯი/შემოსავალი, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა (ანგარიშვალდებულ პირებთან მიმართებაში), სახელფასო განაცემები და სხვა. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების შედეგად 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის. გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა დირექტორზე (---------- პ/ნ ----------) სახელფასო განაცემად საანგარიშო პერიოდების ბოლოს და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

კომპანიის დირექტორი დაფუძნებიდან 2020 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდამდე იყო ---------- (პ/ნ ----------), ხოლო შემდგომი პერიოდიდან კომპანიის დირექტორია ---------- (პ/ნ ----------). გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემულია თანხები ---------- ზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე. შემოწმების შედეგად არ დასტურდება აღნიშნული განაცემით კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება. შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემი განისაზღვრა როგორც დივიდენდის გაცემა. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის და 130-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7328 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა შემოწმებით დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა, ასევე, სს „----------“ ბუღალტრულ ნაშთად რიცხული დებიტორული დავალიანების, რომლის მიღება ფიქსირდება საბანკო ამონაწერის მიხედვით, საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, შემოწმების მიერ ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის პერიოდის ანგარიშვალდებულ პირზე სალაროდან გაცემულია თანხის, რომლითაც არ დასტურდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება, დივიდენდის სახით განაცემად განხილვა და დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია არ ეთანხმება დარიცხულ გადასახადებს, ჯარიმას და საურავს, ვინაიდან აღნიშნული თანხები წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე განაცემებს და ასევე კაპიტალის შემცირებას.

წარმოდგენილი ინვოისები არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებმაც რეალურად გაწიეს როგორც სარემონტო ასევე სატრანსპორტო მომსახურებები.

კომპანიამ კოვიდ პანდემიის დროს განიცადა სერიოზული ფინანსური კრიზისი, რის გამოც შეჩერდა საქმიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის. აგრეთვე, 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემულია თანხები ---------- ზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე. შემოწმების შედეგად არ დასტურდება აღნიშნული განაცემით კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ თანხები წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე განაცემებს და ასევე კაპიტალის შემცირებას. წარმოდგენილი ინვოისები უკავშირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემულ თანხებს, რომლებმაც რეალურად გაწიეს როგორც სარემონტო ასევე სატრანსპორტო მომსახურებები.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე განაცემებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7328 ბრძანება;

3. დაევალოს საბჭოს აპარატს აუდიტის დეპარტამენტს გაუგზავნოს 2.05.2023 წლის №19582/2/2023 საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე განაცემებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

2. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დივიდენდად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ და ფაქტობრივად კომპანიაში არსებულ ფულად სახსრებს შორის. აგრეთვე, 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემულია თანხები დირექტორზე, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე. შემოწმების შედეგად არ დასტურდება აღნიშნული განაცემით კრედიტორული დავალიანების დაფარვა ან/და თანხის სალაროში უკან დაბრუნება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ თანხები წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე განაცემებს და ასევე კაპიტალის შემცირებას. წარმოდგენილი ინვოისები უკავშირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემულ თანხებს, რომლებმაც რეალურად გაწიეს როგორც სარემონტო ასევე სატრანსპორტო მომსახურებები.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე განაცემებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 981(1); 101(1); 130(1); 154(1„ა“ „ზ“);