გადაწყვეტილება №21720/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21720/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21720/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 26.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21720/2/2023).

 

დავის საგანი:

სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30622 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 171 347,35 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 112 993

დღგ - 3 154

საშემოსავლო გადასახადი - 109 839

ჯარიმა - 56 357

საურავი - 1 997,35

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით (უმეტესად კარაქით), გაყინული ხორცითა და თევზით საბითუმო ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. კომპანია რეგისტრირებულია 8.01.2019 წლიდან. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 3.04.2023 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების №9 დანართის შესაბამისად. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადასახადის გადამხდელს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30622 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 3.04.2023 წელს ჩატარებული სალაროს ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის საფუძველზე ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს, წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან.მომჩივანის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ.

შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ გაანგარიშება, სადაც შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 119 919 ლარს.

აღნიშნული ნაშთი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული მონაცემისგან (118 964 ლარი). კომპანია რეგისტრირებულია 2019 წელს. საგადასახადო შემოწმების პროცესში გაკეთდა 2019 წლის ანალიზიც. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით (საწყისი ნაშთი არ ჰქონდა) სალაროს ნაშთი უნდა ყოფილიყო 149 744 ლარი, თუმცა შემოწმებამ არ შეცვალა საწყისი ნაშთი და დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სალაროს მოძრაობას და ფინანსურ ანგარიშგებას. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ ახალი აღრიცხვით სალაროს საწყისი ნაშთია 62 325 ლარი, რაც გამოწვეული უნდა იყოს ისეთი ხარჯებით, რომელიც არ ჩანს არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და არც საბანკო ამონაწერებში. თუმცა, ასეთი ტიპის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არც შემოწმების პროცესში და არც გასაჩივრების ეტაპზე. ასეთი ტიპის ხარჯები გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდშიც, რასაც ადასტურებს საჩივრის დანართად წარმოდგენილი სალაროს მოძრაობის ბარათიც. დებიტორ/კრედიტორების არსებობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე გაეგზავნა წერილი, სადაც შემოწმება ითხოვდა შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების გამო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების და დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას. გადამხდელმა წერილობითი განმარტება აღნიშნულის თაობაზე არ წარმოადგინა, თუმცა სატელეფონო კომუნიკაციისას დაადასტურა, რომ არც სმფ-ის ნაშთი და არც დებიტორ-კრედიტორები არ გააჩნდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. როგორც შემმოწმებელი შემოწმების აქტში აღნიშნავს, არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები, რაც არ შეესაბამება რეალობას. არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ კომპანიას ჰყავს როგორც დებიტორები ასევე კრედიტორები და შესაძლებელია სალაროს ნაშთის სრულად განსაზღვრა და დადგენა მომხდარი სამეურნეო ოპერაციის საფუძველზე.

სამწუხაროდ არ მომხდარა ამ დოკუმენტების სრულყოფილი შესწავლა, რაც გახდა მცდარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

შემოწმების მასალებით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის სალაროს ნაშთი შეადგენს 119 919 ლარს, მაშინ როცა აღრიცხვის მონაცემებით სალაროს ნაშთი 1.01.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს 82 324,6 ლარს. სხვაობის თანხა შეადგენს 37 594,4 ლარს.

2019 წლის ანალიზი, რომელიც გაკეთდა საგადასახადო შემოწმების პროცესში, შეიცავს არსებით შეცდომებს და იგი არ ასახავს გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის მოძრაობის რეალურ სურათს. კერძოდ: 2019 წლის დასაწყისისთვის კომპანიას სალაროს ნაშთი არ გააჩნდა, 2019 წლის განმავლობაში დებიტორებისგან საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით მიღებული ნაღდი ფული შეადგენს 1 775 507 ლარს (აღნიშნული დასტურდება rs.ge-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით). საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი თანხა შეადგენს 24 145 ლარს. სულ სალაროს შემოსავალი შეადგენს 1 799 652 ლარს.

2019 წლის განმავლობაში სალაროდან მომწოდებლებისთვის დოკუმენტურად დადასტურებული ნაღდი ფულით გადახდები შეადგენს 1 705 640,4 ლარს (მ.შ. გადახდილია შპს "-------"-სთვის - 157 500 ლარი, შპს "--------"-თვის - 1 548 053,4 ლარი და შპს "------"-თვის 87 ლარი). გარდა ამისა, შეტანილია ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფული 3 025 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხა შეადგენს 8 662 ლარს. სულ გასავლების ჯამი შეადგენს 1 717 327,4 ლარს. შესაბამისად, სალაროს ნაშთი 31.12.2019 წლისთვის შეადგენს 82 324,6 ლარს (დეტალური ინფორმაცია - დანართი სალაროს ოპერაციები 2019 წ).

სულ 2019 წლის განმავლობაში სალაროს შემოსავლები შეადგენს 1 799 652 ლარს:

- დებიტორებისგან გადახდილი თანხა -1755 507 ლარი

- საბანკო ანგარიშიდან გამოტანილი თანხა - 24 145 ლარი

სულ 2019 წლის განმავლობაში სალაროს გასავლები შეადგენს 1 717 327,4 ლარს:

- მომწოდებლებისთვის გადახდილი ნაღდი ფული - 1 705 640,4 ლარი;

- ხაზინაში გადახდილი ნაღდი ფული - 3 025 ლარი

ნაშთი შეადგენს 82 324,6 ლარს.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შემმოწმებლის მიერ ნაღდი ფულის გასავლებში არ არის გათვალისწინებული ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადახდილი ნაღდი ფული. კერძოდ: 2020 წლის განმავლობაში 9 465,25 ლარი, ხოლო 2021 წლის განმავლობაში – 9 465 ლარი. აღნიშნული გადახდები წარმოებულია ხაზინაში ბანკის მეშვეობით (არა საბანკო ანგარიშიდან), რაც ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით. შემმოწმებელი დაეყრდნო გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინა სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშება. გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამორჩენილია 27.02.2020 წელს შპს "-------" (ს/ნ „------“) გადახდილი 45 600 ლარი. 27.02.2020 წელს შპს „------“-სთვის (ს/ნ „------“) გადახდილია 45 600 ლარი 2-ჯერ. ბუღალტრის მიერ გადაგზავნილ ფაილში კი ასახული იყო მხოლოდ ერთი გადახდა. შემმოწმებელმაც მხოლოდ ერთი გადახდა გაითვალისწინა. შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ყავს დებიტორ-კრედიტორები, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიის დებიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 10 088,17 ლარს, მ.შ შპს „-------“-ის (ს/ნ "------") მიმართ შემოწმების პერიოდის ბოლოს შეადგენდა 9 995,17 ლარს. აღნიშნული დასტურდება შედარების აქტითაც, რომელიც ერთვის საჩივარს.

3.04.2023 წლის მდგომარეობით სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 392 215 ლარს, შემმოწმებლის მიერ სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი.

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.09.2023 წ) სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 393 258 ლარს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთი 439 358 ლარისა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე "-------"-ზე (პ/ნ "------") გაცემულ ხელფასად. სხვაობის თანხა შეადგენს 46 100 ლარს, გარდა ამისა გათვალისწინებული არ არის „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით განსაზღვრული საკასო შემოსავალი და საკასო ხარჯი. შემმოწმებელი 29.09.2023 წლის აქტში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად“ შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლო წარმოადგენს 31.08.2023 წელი.

ზემოთხსენებული მეთოდური მითითების თანახმად, წინამდებარე მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი და ამავე მეთოდური მითითების შესაბამისად გამოთვლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისი გადასახადის გადამხდელის სიდიდის კატეგორიის მიხედვით, შეადგენს არანაკლებ:

ა) 1 000 ლარს მცირე კატეგორიის გადამხდელთან;

ბ) 10 000 ლარს საშუალო კატეგორიის გადამხდელთან;

გ) 100 000 ლარს მსხვილი კატეგორიის გადამხდელთან.

გარდა ამისა, ამავე მეთოდური მითითების თანახმად გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში ხდება შემდეგი წესით: თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს (2023 წლის აგვისტო) კომპანიის საკასო შემოსავალი შეადგენს 48 565 ლარს, ხოლო საკასო ხარჯი 72 162 ლარს. საკასო შემოსავალის და საკასო ხარჯის ჯამი შეადგენს 120 727 ლარს, რომლის 10%-ით (12 072 ლარით) შემმოწმებელს უნდა შეემცირებინა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც ჩაითვალა ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად.

კომპანია არსებობის პერიოდის განმავლობაში არ სარგებლობდა კვალიფიციური ბუღალტრის მომსახურებით, არ ჰქონდა მოწესრიგებული აღრიცხვიანობა. დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას უზრუნველყოფდა კომპანიის დირექტორი. შესაბამისად, წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები შეიცავს არსებით უზუსტობებს და იგი ვერ იქნება საიმედო ინფორმაციის მომხმარებლებისთვის.

საგადასახადო შემოწმების შემდგომ მოხდა ბუღალტრული ბაზის მოწესრიგება/აწყობა, რამაც სამწუხაროდ გამოავლინა გარკვეული უზუსტობები. საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება ის ფაქტი, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში შემმოწმებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად გაცნობოდა კომპანიის საბუღალტრო/საფინანსო დოკუმენტაციას, რის გამოც მას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მოუწია დაბეგვრასთან დაკავშირებული ოპერაციების დადგენა. აღრიცხვიანობის მოწესრიგებამ კი აჩვენა გარკვეული უზუსტობები/ცდომილებები, რის გამოც საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შემმოწმებელთან ერთად.

შესაბამისად, დასკვნაში წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონთან შეუსაბამო და არამართლზომიერია. ამასთან, აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც გავლენა აქვს გადასახადების გაანგარიშებაზე. საჭიროა საკითხის დამატებით შესწავლა შემმოწმებელთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30622 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ დასკვნაში წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონთან შეუსაბამო და არამართლზომიერია. ამასთან, აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც გავლენა აქვს გადასახადების გაანგარიშებაზე. საჭიროა საკითხის დამატებით შესწავლა შემმოწმებელთან ერთად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. კომპანია რეგისტრირებულია 8.01.2019 წლიდან. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან 3.04.2023 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია.შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების №9 დანართის შესაბამისად. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადამხდელს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი,რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,302(6).