ბრძანება N 17718

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.08.2025
№ დოკუმენტი 17718
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17718

06 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------)

(მის.: ------------------------------------)

2025 წლის 22 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) 2025 წლის 22 ივლისის №96993/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №001-127 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილ დანაკარგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემოწმებას წარუდგინა დირექტორის ახსნა-განმარტება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა საქონლის და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ, ასევე ობიექტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გაფუჭებული და გადაყრილი საქონელი, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საექსპერტო დასკვნით, ობიექტზე არსებული ვიდეო კამერების საშუალებით და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისგან ინფორმაციიის გამოთხოვის გზით.

2. არ ეთანხმება ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სხვადასხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ტრანსპორტირების ხარჯები, შეძენილი ძირითადი საშუალებების ხარჯი და რემონტის ხარჯი, რაზეც შემოწმებას წარუდგინა მტკიცებულებები. მომჩივანი ასევე ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დათვლასთან ერთად ხარჯის არაპირდაპირ განსაზღვრასაც.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №001-141 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 6 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 19 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 7 197 ლარით, მ.შ. გადასახადი 4 798 ლარით და ჯარიმა 2 399 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის პირველი ივლისის №001-127 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 12 სექტემბერს, ქ. თბილისში, -----ის ქ. №-- მდებარე სავაჭრო ობიექტზე (აღნიშნულ მისამართზე შპს „--------ე“ (ს/ნ -------) აღარ საქმიანობს, საკონტროლო-სალარო აპარატი და ტერმინალი აღნიშნულ მისამართზე გაუქმებულია 2024 წლის 24 მაისიდან. კომპანიას სასაქონლო ზედნადებებით შეძენები აღარ უფიქსირდება 2024 წლის 20 მაისიდან). ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზა ჩაუტარდა შპს „-------გან“ შესყიდულ ახალ გაგრილებულ 68.900 კგ. საქონლის ხორცს და 30.700 კგ ღორის ხორცს. ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაყენებლად უვარგისი ნაწილები (დანაკარგები) შეადგენდა საქონლის ხორცის შემთხვევაში 17%-ს და ღორის ხორცის შემთხვევაში 7%-ს. შემოწმებით დადგენილია, რომ საექსპერტოდ განკუთვნილი საქონლის ხორცი შესყიდულია შპს „------გან“ შესყიდვის აქტით, ხოლო ღორის ხორცი შესყიდულია შესყიდვის აქტით ფ/პ ---------საგან 2024 წლის 12 სექტემბერს. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საქონლის და ღორის ხორცის შესყიდვების 85-90% ხდებოდა დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებით), ხოლო მთლიანი შესყიდვის 10-15% შეძენილი იყო შესყიდვების აქტებით და სწორედ შესყიდვის აქტით შეძენილ საქონელზე განხორციელდა საქონლის გამოსავლიანობის ექსპერტიზა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქონლის შესყიდვის აქტები (შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავალები დათვლილია მხოლოდ მიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მიხედვით). შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ ამ ნაწილში არ გამოვლენილა შესამცირებელი თანხები. სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

2. საწარმო საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში მდებარე ქ.----ში, -----ს ქუჩა №--ში. შემოწმების მიმდინარეობისას შემოწმებისათვის არ ყოფილა ცნობილი საწარმოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა გაწეული ხარჯების რეალობის შესახებ. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვადები (თუ როდის არის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები). ასევე, გასათვალსწინებელია ის გარემოება, რომ სარემოტო სამუშაოეობის ჩატარების პროცესში საწარმოს საქმიანობა არ შეუწყვეტია. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ მოხერხდა შესყიდული ტექნიკის იდენტიფიცირება. სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო საგადასახადო ვალდებულების აღნიშნულ ნაწილში კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. ასევე, შემოწმების ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯების დოკუმენტები (ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერი), რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა დასაბეგრი თანხების კორექტირება (საბანკო ამონაწერში წარმოდგენილი საკომისიოთი შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა წარდგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში შემოწმებას წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზა ჩაუტარდა ახალ გაგრილებულ 68.900 კგ.საქონლის ხორცს და 30.700 კგ ღორის ხორცს. ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაყენებლად უვარგისი ნაწილები (დანაკარგები) შეადგენდა საქონლის ხორცის შემთხვევაში 17%-ს და ღორის ხორცის შემთხვევაში 7%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული არ არის. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების რეალობის შესახებ. თუმცა, წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვადები, ასევე, გასათვალსწინებელია ის გარემოება, რომ სარემოტო სამუშოეობის ჩატარების პროცესში საწარმოს საქმიანობა არ შეუწყვეტია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტებით ვერ მოხერხდა შესყიდული ტექნიკის იდენტიფიცირება. ამდენად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო ვალდებულები აღნიშნულ ნაწილში შემცირებას არ დაექვემდებარა. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ხარჯების დოკუმენტები, ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერი, რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა დასაბეგრი თანხების შემცირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და მე-2 სადავო საკითხის ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №26514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №001-141 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 6 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და ასევე წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 7 197 ლარით, მ.შ. გადასახადი 4 798 ლარით და ჯარიმა 2 399 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-127 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული არ არის. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ხოლო,არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დათვლასთან ერთად ხარჯის არაპირდაპირ განსაზღვრის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნული საკითხის ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“ ); 101(1); 105(2) ; 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(პირველი და მე-2); 164(1); 304( 21);