ბრძანება N 13853

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2026
№ დოკუმენტი 13853
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13853

23 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ -------------)

(მის.: -------------------------------)

2026 წლის 11 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18 ივნისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 11 ივნისის №102813/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 მაისის №074-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვას, ასევე ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენისთვის გადახდილი თანხის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემმოწმებლების მიერ გამოყენებულია დაახლოებით 40%-იანი მოგების მარჟა, რაც არ შეესაბამება შავი და ფერადი ლითონების ჯართით ვაჭრობის სფეროში არსებულ ეკონომიკურ რეალობას, სადაც მოგების მარჟა, როგორც წესი, 10%-ს არ აღემატება. ამასთან, აქტში არ არის მითითებული, თუ რომელი კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა ე.წ. „აუდირებული შესყიდვის ფასები“, საქმიანობდნენ აღნიშნული კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე თუ ეწეოდნენ ექსპორტს, რა იყო მათი საქმიანობის სპეციფიკა და კონკრეტულად რა მოგების მარჟა ჰქონდათ მათ საქმიანობაში. ამასთან, სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების შეფასებისას ითვალისწინებს 25/75 მიდგომის გამოყენებას, რაც გულისხმობს რეალიზაციიდან მინიმუმ 75%-ის ხარჯად გათვალისწინებას, მაშინ როდესაც აღნიშნულ შემთხვევაში ხარჯად აღიარებულია მხოლოდ 60%, რაც კიდევ უფრო ზრდის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ოდენობას. გარდა ამისა, კომპანიის მიერ წარმოდგენილია საქონლის მომწოდებელი ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებს შესყიდვების რეალურ ღირებულებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას/გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №6331 და 28 აპრილის №9216 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2026 წლის 9 იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 21 მაისის №11255 ბრძანება და ამავე თარიღის №074-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 199 679 ლარი, მათ შორის გადასახადი 129 536 ლარი, ჯარიმა 64 768 ლარი და საურავი 5 375 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2026 წლის 9 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტირებული. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის ფ/პ ------. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის საქმიანობის განხორციელების ადგილია ----ის რაიონი, სოფელი ---, - ქუჩა №-, ბ. -. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადამხდელის მიერ არ მოწოდებულა ინფორმაცია შესყიდვის აქტების შესახებ, ხოლო მიღებული სასაქონლო ზედნადები არ ფიქსირდებოდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში. შესაბამისად, გამოყენებული იქნა აუდირებული შესყიდვის ფასები კატეგორიების მიხედვით და განხორციელდა თანხის გამოთვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის საფუძველზე მოხდა ფულის მოძრაობის ანალიზის შესწავლა. შედეგად, გადამხდელის მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალს შესამოწმებელ პერიოდში გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და დარჩენილი განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა მიწოდებულა ინფორმაცია შესყიდვის აქტების შესახებ, ხოლო მიღებული სასაქონლო ზედნადები არ ფიქსირდებოდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა აუდირებული შესყიდვის ფასები კატეგორიების მიხედვით, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელის მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალს შესამოწმებელ პერიოდში გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და დარჩენილი განკარგვადი თანხა, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად განხილვას, ასევე ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენისთვის გადახდილი თანხის გაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.ითხოვს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებას და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას/გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6331 და №9216 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2026 წლის 9 იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11255 ბრძანება და №074-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 199 679 ლარი, მათ შორის გადასახადი 129 536 ლარი, ჯარიმა 64 768 ლარი და საურავი 5 375 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2026 წლის 9 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტირებული. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის ფ/პ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადამხდელის მიერ არ მოწოდებულა ინფორმაცია შესყიდვის აქტების შესახებ, ხოლო მიღებული სასაქონლო ზედნადები არ ფიქსირდებოდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში. შესაბამისად, გამოყენებული იქნა აუდირებული შესყიდვის ფასები კატეგორიების მიხედვით და განხორციელდა თანხის გამოთვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის საფუძველზე მოხდა ფულის მოძრაობის ანალიზის შესწავლა. შედეგად, გადამხდელის მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალს შესამოწმებელ პერიოდში გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და დარჩენილი განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“); 101(1); 1333(1.2.3); 154(1 „ა“ და „პ“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“);