ბრძანება N 1645

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2023
№ დოკუმენტი 1645
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1645

01.02.2023

"-------" (პ/ნ ------- )

(მის.: -------- )

2023 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "-------" (პ/ნ ------- ) №------ საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC21473, №ELC21474 და №ELC21475 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და განმარტავს, რომ იყო მინდობილი პირი და მის ვალდებულებაში შედიოდა, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ტერმინალიდან გამოყვანა და მისი მესაკუთრემდე ტრანსპორტირება, რაც განახორციელა კიდეც. სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან ისინი მასთან არ იმყოფებოდა, რადგან გადაცემული ჰქონდა მესაკუთრისთვის. მომჩივნის მოსაზრებით, პასუხისმგებლობის მინდობილ პირზე დაკისრება არასწორია, ვინაიდან მინდობილობა თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე არის უფლებამოსილების და არა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირი "------" სახელზე შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებზე (ს/ნ -------- , სატრანზიტო/სარეგისტრაციო №------ ; ს/ნ "------" , სატრანზიტო/სარეგისტრაციო №------ ; ს/ნ " ---------" , სატრანზიტო/სარეგისტრაციო №------ ) დარღვეული იყო დეკლარირების ვადა.

კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებს (ს/ნ ------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო №------- ; ს/ნ ------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო №-------) დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2019 წლის 24 მარტი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებას (ს/ნ --------- , სატრანზიტო/სარეგისტრაციო №------ ) - 2019 წლის 24 სექტემბერი

ვინაიდან "-------" მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ, "--------" მიმართ 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა №ELC21473, №ELC21474 და №ELC21475 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები ჯამში 3 000 ლარის ოდენობით (1000 ლარი თითოეული ოქმით).

მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით გაეგზავნა სადავო ოქმები, რომელთაც გაეცნო 2022 წლის 9 დეკემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქმის მასალებით დასტურდება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების რამოდენიმე ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე სამართალდარღვევისთვის წარსულში მრავალჯერ არის დაჯარიმებული. შესაბამისად მისთვის კარგად არის ცნობილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებისა და გამოცხადების ვადები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "------" (პ/ნ ------ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.