გადაწყვეტილება №21769/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21769/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---(ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 31.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21769/2/2023).
დავის საგანი:
კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №001-221 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31484 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 502 011 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 257 984
დღგ - 4 227
საშემოსავლო გადასახადი - 253 757
ჯარიმა - 131 012
საურავი - 113 015
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, ამავდროულად გადამხდელი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ხანდაზმული პერიოდიდან საწარმოს უფიქსირდება 970 832 ლარის ზარალი და 1 049 457 ლარის საწყისი კაპიტალი. 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 1 015 039 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის და დაგროვილი ზარალის ნამდვილობა, შედეგად შემოწმებამ საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 5.10.2023 წლის №24631 ბრძანება და №001-221 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31484 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31484 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ხანდაზმული პერიოდიდან საწარმოს უფიქსირდება 970 832 ლარის ზარალი და 1 049 457 ლარის საწყისი კაპიტალი. 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 1 015 039 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის და დაგროვილი ზარალის ნამდვილობა, შესაბამისად, შემოწმებამ საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად. შედეგად, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოდან გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 22.02.2019 წელს გაფორმდა ხელშეკრულება შპს ---სა და ---“-ს (შემდგომში - შპს ---) შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არმატურის მოწოდებაზე საქართველოში. ვინაიდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უნაღდო ანგარიშსწორება არ ხორციელდება, აღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე კომპანიის სალაროდან შპს ----ის წარმომადგენელზე გადახდილი იქნა 2019 წელს ჯამურად 300 000 აშშ დოლარი ავანსად ზემოთ აღნიშნული პროდუქციის მოსაწოდებლად. გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მოწოდება საქართველოში და შპს ----ის მიერ შემოთავაზებული იქნა სხვა პროდუქციის მოწოდება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან (ელექტროდები, კროშკა და ა.შ), მაგრამ უარი განაცხადა სხვა პროდუქციის მიღებაზე, რადგან მის რეალიზაციას ვერ მოახდენდა. შესაბამისად ავანსად გადარიცხული თანხის სანაცვლოდ საქონლის მიღება არ განხორციელებულა. აღნიშნული თანხა 300 000 აშშ დოლარის გადახდის მომენტში საწარმო იყო ახალი დაფუძნებული და არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსური რესურსი. შესაბამისად საწარმოს დამფუძნებელმა ---მა პირადად მოიძია თანხები და შეიტანა საწარმოს კაპიტალში, რის შემდეგაც მოხდა შპს ---ზე თანხის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა საქართველოდან ირანში თანხის გატანის მტკიცებულება, თუმცა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თანხების გატანა ხდება სხვადასხვა (როგორც კანონიერი ასევე უკანონო) გზით. შესაბამისად არ ფლობს ინფორმაციას რა ფორმით მოხდა თანხის საქართველოდან გატანა. თუმცა თანხის მიმღები კომპანია აღიარებს, რომ მის მიმართ აქვს დავალიანება 300 000 აშშ დოლარი.
შედარების აქტი გაფორმებულია 25.08.2023 თარიღით. აღნიშნული აქტი მიწოდებული აქვს აუდიტორებისთვის და ასევე დანართის სახით წარმოადგენს. ვინაიდან თანხის გადახდა ირანულ კომპანიაზე აუდიტორებმა მიიჩნიეს საეჭვოდ, შესაბამისად 2019 წელს საწარმოში შეტანილი კაპიტალი მიიჩნიეს არამართლზომიერად და 2020-2023 წლებში შემცირებული კაპიტალი დააკვალიფიცირეს, როგორც გაცემული ხელფასი. მიღწეულია შეთანხმება აღნიშნული ავანსის სანაცვლოდ მიაწვდის ლითონის მილებს, რის რეალიზაციასაც ადვილად შეძლებს ადგილობრივ ბაზარზე. იმპორტი განხორციელდება ეტაპობრივად და ჯამურად 300 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელს მიიღებს 2024 წლის პირველ ნახევარში. დღეის მდგომარეობით შპს ----ს გამოგზავნილი აქვს მისთვის 17,926,111.86 რუბლის ღირებულების საქონელი, (იმპორტი განხორციელდება 2024 წლის იანვრის თვეში), რომელზეც 50 000 აშშ დოლარის ანგარიშსწორება არ ხორციელდება და 50 000 აშშ დოლარი დაიფარება 2019 წელს გადახდილი ავანსიდან. კერძოდ 2023 წლის 19 მაისის კონტრაქტის N170-033 მიხედვით იმპორტით შემოაქვს ჯამურად 17,926,111.86 რუბლის საქონელი, რომელიც დაყოფილია 3 ნაწილად, აქედან ანგარიშსწორება განხორციელდა 13,331,121.20 რუბლის ოდენობით, ხოლო სხვაობა 4,594,990.68 რუბლი, რომელიც შესაბამისი კურსით არის 50 000 დოლარის ექვივალენტი გაიქვითა 2019 წელს გადახდილი ავანსიდან. დანართის სახით აგზავნის 2023 წლის 14 დეკემბერს გაფორმებულ შედარების და შეთანხმების აქტებს სადაც ჩანს, რომ გადახდილი ავანსი 300 000 დოლარიდან შემცირდა 250 000 დოლარამდე. ასევე აგზავნის გამოგზავნილი საქონლის ინვოისებს და საბანკო სვიფტს. საჩივრის წარმოდგენის თარიღში (31.12.2023) საქონელი გამოგზავნილია, მაგრამ საქართველოში არ შემოსულა, 2024 წლის იანვრის თვეში მოექცევა იმპორტის რეჟიმში, შესაბამისად საჩივრის განხილვის მომენტში შეეძლება წარმოადგინოს იმპორტის დოკუმენტაციაც. აღნიშნული იმპორტი კიდევ ერთხელ ადასტურებს 2019 წელს გადახდილი ავანსის სინამდვილეს, რადგან იმპორტირებული საქონლის სანაცვლოდ ანგარიშსწორება აღარ განხორციელდა 300 000 აშშ დოლარზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. შემოწმებისას დადგინდა, რომ ხანდაზმული პერიოდიდან საწარმოს უფიქსირდება 970 832 ლარის ზარალი და 1 049 457 ლარის საწყისი კაპიტალი. 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საწყისი კაპიტალის შემცირების ხარჯზე საწარმოდან გატანილია 1 015 039 ლარი. გადამხდელის მიერ ვერ დასტურდება საწყისი კაპიტალის და დაგროვილი ზარალის ნამდვილობა, შედეგად შემოწმებამ საწყისი კაპიტალი მიიჩნია არამართლზომიერად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ საქართველოდან ირანში თანხის გატანის მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს, თუმცა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თანხების გატანა ხდება სხვადასხვა (როგორც კანონიერი, ასევე უკანონო) გზით. იგი არ ფლობს ინფორმაციას რა ფორმით მოხდა თანხის საქართველოდან გატანა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ სათანადო, შესაბამის მტკიცებულებებს, რაც კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქონლის მოწოდებაზე ავანსის სახით გადახდას დაადასტურებდა, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის და ხსენებული თანხების გაცემულ ხელფასად განსაზღვრის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
კაპიტალის შემცირების საფუძვლით გატანილი თანხების საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 5.10.2023 წლის №24631 ბრძანება და №001-221 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31484 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31484 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154.