ბრძანება N 683

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2026
№ დოკუმენტი 683
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 683

23 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 27 დეკემბრის №99670/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №040-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში გაურკვევლობის გამო შესაბამისი წესით არ ჩამოწერა ვადაგასული ან/და სარეალიზაციოდ უვარგისი პროდუქცია. ამასთან, მისთვის არავის შეუტყობინებია დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ, ხოლო თავად აღნიშნულთან დაკავშირებით არ ფლობდა ინფორმაციას. მომჩივნის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და ვერ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5136, 6 ივნისის №11764 და 4 ნოემბრის №24317 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №26766 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 073 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 50 615 ლარი, ჯარიმა

53 520 ლარი და საურავი 26 938 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა სასურსათო საქონლით, უმეტესად თამბაქოს ნაწარმითა და აქსესუარებით. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 3 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2024 წლის 20 ივლისს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები და დასაბეგრ ბრუნვებთან ერთად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით, მიღებული აქვს ჩათვლა. შემოწმების ბოლოსთვის პირს აქტიური სამეწარმეო საქმიანობა გაჩერებული აქვს. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი გზით განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის რეალიზაციის მოცულობა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, შეძენილი საქონლის ჯგუფებზე გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული და მსგავსი საქმინობის განმახორციელებელ პირებთან არსებული ფასნამატების ურთიერთშეჯერების შედეგად, გამოყვანილი სარეალიზაციო ფასნამატის გამოყენებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბერგი ბრუნვა, რომელიც მიღებული ზედნადებების პროპორციულად გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდზე. აღნიშნულის საფუძველზე, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგა 2022 წლის პირველ აპრილს, ხოლო 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას. შესამოწმებელი პერიოდის აქტიური სამეწარმეო საქმიანობის განახლების კვალდაკვალ, 2024 წლის პირველი ივლისიდან, გადასახადის გადამხდელს კვლავ დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის დღგ-ის თანხის ჩათვლების სწორად განსზღვრის მიზნით, შემოწმებამ შესაბამის საგადასახადო პერიოდში მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გადამხდელის მიერ ჩათვლილი იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე პერიოდზე, დაექვემდბეარა შემცირებას.

პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 3 აპრილს, მცირე ბიზნესის სერტიფიკატი მინიჭებული აქვს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან 2024 წლის პირველ მაისამდე და შემდგომ 2024 წლის პირველი ივლისიდან აქტის გამოცემის თარიღამდე. შესაბამის პერიოდებში წარდგენილი აქვს მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით გასაზღვრული რეალიზაციის მოცულობის პროპორციულად გადანაწილების მიხედვით დაზუსტდა მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვები და საგადასახადო ვალდებულებები. ზოგიერთ საგადასახადო პერიოდს შორის 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს მცირე ბიზნესის სერტიფიკატი მინიჭებული აქვს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან 2024 წლის პირველ მაისამდე და შემდგომ 2024 წლის პირველი ივლისიდან აქტის გამოცემის თარიღამდე. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის 2022 წლის იანვარ-აგვისტოს და 2024 წლის მაისი-ივნისის საანგარიშო პერიოდებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა ჩვეულებრივი წესით წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებით. აღნიშნულ პერიოდებში გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები წარდგენილი აქვს ნულოვანი მაჩვენებლით. შესაბამისად, შემოწმებით გასაზღვრული ბრუნვებით და შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაზუსტდა წლიური საშემოსავლო გადასახადის მოცულობა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახსიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.~

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები და დასაბეგრ ბრუნვებთან ერთად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით, მიღებული აქვს ჩათვლა. შემოწმების ბოლოსთვის პირს აქტიური სამეწარმეო საქმიანობა გაჩერებული აქვს. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი გზით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის რეალიზაციის მოცულობა და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც მიღებული ზედნადებების პროპორციულად გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდზე. აღნიშნულის საფუძველზე, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგა 2022 წლის პირველ აპრილს, ხოლო 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას. 2024 წლის პირველი ივლისიდან, გადასახადის გადამხდელს კვლავ დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის დღგ-ის თანხის ჩათვლების სწორად განსზღვრის მიზნით, შემოწმებამ შესაბამის საგადასახადო პერიოდში მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გადამხდელის მიერ ჩათვლილი იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე პერიოდზე, დაექვემდბეარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელს მცირე ბიზნესის სერტიფიკატი მინიჭებული აქვს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან 2024 წლის პირველ მაისამდე და შემდგომ 2024 წლის პირველი ივლისიდან აქტის გამოცემის თარიღამდე. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის 2022 წლის იანვარ-აგვისტოს და 2024 წლის მაისი-ივნისის საანგარიშო პერიოდებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა ჩვეულებრივი წესით წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275;282(1);