გადაწყვეტილება №18907/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2023
№ დოკუმენტი 18907/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18907/2/2023

31.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 19.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18907/2/2023).

 

დავის საგანი:

სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული საწვავის ნაშთის (რომელიც აღემატებოდა საწარმოს მფლობელობაში არსებული ავზების მოცულობას) რეალიზებულად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №002-151 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №625 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 595 814,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 338 359

დღგ - 128 220

საშემოსავლო გადასახადი - 210 139

ჯარიმა - 169 279,5

საურავი - 88 176,1

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ნავთობ-პროდუქტებით (ბენზინი და დიზელი) ვაჭრობა, კახეთის რეგიონში, იჯარით აღებული სამი აგს-ის მეშვეობით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 10.07.2020 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სტაციონალურ ობიექტებზე განთავსებული რეზერვუარების საერთო მოცულობა შეადგენს 255 938 ლიტრს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ნავთობპროდუქტების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული ჟურნალის მიხედვით დგინდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია სახეობების მიხედვით და ნაშთი დღის ჭრილში. წარდგენილი ჟურნალების მიხედვით, რიგ შემთხვევებში, საწვავის ნაშთი აღემატება რეზერვუარების ჯამურ მოცულობას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწვავის ის რაოდენობა, რომელიც აღემატებოდა რეზერვუარის ტევადობას, ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამისი დღის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის პერიოდებში.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 291- ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2022 წლის №002-151 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №625 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იჯარით აღებულ ბენზინ გასამართ სადგურებზე განთავსებული იყო ავზები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აუდიტორს გადაეცა ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ელექტრონული ჟურნალებში არსებული ნაშთები სწორად ასახავდა ბენზინგასამართ სადგურებზე განთავსებული ავზების მოცულობის შესაძლებლობას. ჟურნალში დაფიქსირებული საწვავის ნაშთები არ აღემატება ავზების მოცულობას. საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება განისაზღვრა 1.04.2022 წლამდე. ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 30.05.2022 წლამდე. საზოგადოება გარდა ელექტრონული ჟურნალებისა აწარმოებს აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა ორისში, სადაც ნათლად ჩანს დასაბეგრი ბრუნვა. საწვავი დღეის მდგომარეობით რეალიზებულია ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. სიმართლის დადგენის მიზნით შემოწმების ვადა უნდა გაგრძელდეს 2022 წლის ივნისის ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა ორმაგი დარიცხვა, ერთი აქტით დარიცხული და მეორე გადამხდელის მიერ აღიარებული. გადასახადის გადამხდელი არ არიდებს თავს გადასახადებს. ატვირთულია საგადასახადო შეთანხმება და ელოდება პასუხს შესაბამისი სამმართველოდან. გადამხდელი საჩივარს წარმოადგენს საგადასახადო შეთანხმებაზე ვადის გასვლამდე იმის გამო რომ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების წარმოდგენის ვადა იწურება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ჟურნალების მიხედვით, რიგ შემთხვევებში, საწვავის ნაშთი აღემატება რეზერვუარების ჯამურ მოცულობას, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამისი დღის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწვავის ის რაოდენობა, რომელიც აღემატებოდა რეზერვუარის ტევადობას მართლზომიერად ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამისი დღის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით.

საჩივარს არ ერთვის და მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ 20.01.2023 წლის №625 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული საწვავის ნაშთის (რომელიც აღემატებოდა საწარმოს მფლობელობაში არსებული ავზების მოცულობას) რეალიზებულად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ნავთობპროდუქტების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული ჟურნალის მიხედვით დგინდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია სახეობების მიხედვით და ნაშთი დღის ჭრილში. წარდგენილი ჟურნალების მიხედვით, რიგ შემთხვევებში, საწვავის ნაშთი აღემატება რეზერვუარების ჯამურ მოცულობას. საწვავის ის რაოდენობა, რომელიც აღემატებოდა რეზერვუარის ტევადობას, ჩაითვალა რეალიზებულად შესაბამისი დღის ჟურნალში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის პერიოდებში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ 20.01.2023 წლის №625 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 159(1"ა"), 163, 164(1), 101(1), 154(1"ა").

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა",161(1"ა").