ბრძანება N 31448

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.12.2023
№ დოკუმენტი 31448
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31448

13 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------- “ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2023 წლის 8 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის და 24 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №111, ოქმი №122) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) 2023 წლის 8 სექტემბრის №83486/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №028-21 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. აღნიშნავს, რომ აუდიტორის მიერ ფასნამატის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული რიგი საკითხები და ხელოვნურად იქნა გაზრდილი იგი. ხოლო, მეორე შემთხვევაში აუდიტორმა ფასნამატის გაანგარიშებისას თავადვე შეუპირისპირა შეძენილი და რეალიზებული საქონელი ერთმანეთს და დაადგინა, რომ საქონლის ნაწილი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არის გაყიდული. მიუხედავად ამისა, გადაანგარიშებაში არ გაითვალისწინა საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებად რეალიზაციის ფაქტები და ეჭვი შეიტანა მისივე დადგენილის სისწორეში. შედეგად, გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულყოფილად აღსრულებას და საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31430 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს სს „------“ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე, ხოლო სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღოს თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის მონაცემები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით. აღნიშნული მეთოდური მითითებით საკითხის შესწავლისას აუდიტის დეპარტამენტმა სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში, მხედველობაში მიიღოს საკასო შემოსავლის პირობებში „სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31430 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 10 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 25 293 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 736 ლარი, ჯარიმა 21 557 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 აგვისტოს №028-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. განვადების ორგანიზების შესახებ სს „------ თან “ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საწარმოს ეკრძალებოდა ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტით შესაძენი საქონლის კლიენტისთვის მიყიდვა ფასად, რომელიც აღემატება საწარმოს სხვა მომხმარებლისთვის შეთავაზებული საქონლის სარეალიზაციო ფასს. ასევე, ხელშეკრულებით საწარმომ ვალდებულება აიღო არ გაზარდოს საქონლის ღირებულება კლიენტის მიერ საქონლის საბანკო კრედიტით შეძენის შემთხვევაში. საწარმოს ეკრძალებოდა საქონლის სარეალიზაციო ფასის გაზრდა ბანკისთვის გადასახდელი საკომისიოს თანხით (იანგარიშება სარეალიზაციო ფასიდან), რაც ექვემდებარებოდა ბანკის მხრიდან კონტროლს, ამასთან, საწარმოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სს „------“ საწარმოს ანგარიშზე სრულად რიცხავდა საქონლის საკომპენსაციო თანხას და იმავე დღეს აჭრიდა საკომისიოს თანხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასნამატის დაანგარიშების მიზნით, სს „------ -ის “ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხიდან არ იქნა საკომისიო ამორიცხული, რადგან ერთიდაიგივე საქონელზე სხვადასხვა პირობებში (საქონლის ღირებულების სრულად ანაზღაურება კლიენტის მიერ, განვადების ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება სხვა საფინანსო ორგანიზაციის მიერ, განვადების ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება სს „------ -ის “ მიერ) გავრცელდებოდა განსხვავებული ფასნამატები. სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია საქმიანობის შედეგად მოგების მიღება, ხოლო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად საქონლის რეალიზაციით აღნიშნული მიზანი ვერ მიიღწევა, ხოლო სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებისას თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის მონაცემების მხედველობაში მიღებით ხელოვნურად მცირდება შესაბამისი საქონლის რეალური ფასნამატი. სათანადო საფუძვლის არარსებობიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.

2. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება ჩამოყალიბდა განსხვავებული სახით. აღნიშნული მითითების მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. ასევე ახალი მეთოდურ მითითების მიხედვით, საკასო შემოსავალში და ხარჯში გათვალისწინებულია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროში შემოსული/შემოსულად ჩათვლილი და გასული/გასულად ჩათვლილი თანხები. ვინაიდან, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ განახლებული მეთოდური მითითების მიხედვით, სალაროს არაგონივრული ნაშთის დადგენის მიზნით გასათვალისწინებელია არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლები და ხარჯები, ასევე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ, უპროცენტო სესხად განხილულ თანხებთან დაკავშირებით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად შემცირებას, ხოლო 2022 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო 2022 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის მონაცემების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები არ არის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარმოდგენილი, შედეგად, არ დგინდება ასეთი რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს რა წილი უკავია მთლიან შემოსავალში, სრულად შესაძლებელია მხოლოდ შემოწმებით იდენტიფიცირებული საქონელი იყოს თვითღირებულებაზე დაბალი ფასით გაყიდული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვითღირებულებაზე დაბალი ფასით გაყიდული იდენტიფიცირებული საქონლის ღირებულებას (შემოსავალს) შემოწმებით კორექტირება არ განუცდია (შემოწმებით დადგენილი ფასნამატი არ გავრცელდა მის თვითღირებულებაზე). შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები არ გადაანგარიშდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტორის მიერ ფასნამატის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული რიგი საკითხები. განმარტავს, რომ საკომისიო თანხა არ არის კომპანიისთვის შემოსავალი და საქონლის ღირებულების ნაწილი, რაც შემომმოწმებელმა გაითვალისწინა საქართველოს ბანკისა და კრედო ბანკის შემთხვევაში და ფასნამატის გაანგარიშებისას საქონლის ღირებულება არ გაუზრდია საკომისიოს თანხით.

სამივე ბანკის შემთხვევაში იგივე შემოსავალს იღებდა საწარმო და იგივე საკომისიო რჩებოდა ბანკებს კლიენტებიდან განვადების მომსახურებისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31430 ბრძანება, რომლითაც დაევალა, ფასნამატის გაანგარიშებისას სს „------- ის “ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე გათვალისწინება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს სს „------ -ის “ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს სს „-----ის “ მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულყოფილად აღსრულებას და საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ბანკი საწარმოს ანგარიშზე სრულად რიცხავდა საქონლის საკომპენსაციო თანხას და იმავე დღეს აჭრიდა საკომისიოს თანხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფასნამატის დაანგარიშების მიზნით, ბანკის მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხიდან არ იქნა საკომისიო ამორიცხული, რადგან ერთიდაიგივე საქონელზე სხვადასხვა პირობებში გავრცელდებოდა განსხვავებული ფასნამატები. სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია საქმიანობის შედეგად მოგების მიღება, ხოლო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად საქონლის რეალიზაციით აღნიშნული მიზანი ვერ მიიღწევა, ხოლო სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებისას თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზებული საქონლის მონაცემების მხედველობაში მიღებით ხელოვნურად მცირდება შესაბამისი საქონლის რეალური ფასნამატი. სათანადო საფუძვლის არარსებობიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.

კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. ასევე ახალი მეთოდურ მითითების მიხედვით, საკასო შემოსავალში და ხარჯში გათვალისწინებულია არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროში შემოსული/შემოსულად ჩათვლილი და გასული/გასულად ჩათვლილი თანხები.უპროცენტო სესხად განხილულ თანხებთან დაკავშირებით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად შემცირებას, ხოლო 2022 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო 2022 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საწარმო დაჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს ბანკის მეშვეობით განვადებით რეალიზებული საქონლის საკომპენსაციო თანხა საკომისიოს გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,159,160,161,163,164,168.