ბრძანება N 13453

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 13453
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13453

25 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----)

ფაქტ. მის.:-----; იურ. მის: ----

2025 წლის 4 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 48) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 4 ივნისის N 96050/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N 125-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას. განმარტავს, რომ საწარმო საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის ყოველდღიურ აღრიცხვას აწარმოებდა ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში, ხოლო თვის ჭრილში მონაცემები ჯამურად ისახებოდა საბუღალტრო პროგრამაში. ამასთან, აცხადებს, რომ მონაცემები სრულ შესაბამისობაშია საკონტროლო-სალარო აპარატების ფისკალურ მაჩვენებლებთან და შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილ სარეალიზაციო დოკუმენტების მონაცემებთან. აგრეთვე, მიუთითებს, რომ შემოწმებამ საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატი გაავრცელა არამარტო საცალო, არამედ დოკუმენტურ რეალიზაციაზეც და გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა არსებითი გარემოებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 ნოემბრის N 24919 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 6 მაისის N 8800 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის N 125-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 25 ივნისი 2025 N 13453 გადასახდელად განესაზღვრა სულ 36 380 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 531 ლარი, ჯარიმა 9 768 ლარი და საურავი 4 081 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ბენზინითა და დიზელის მოტორული საწვავით. კომპანიას არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა, ვინაიდან საქონლის მოძრაობის აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ ხდებოდა ჯამურად, თვის ჭრილში. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის შემოსავალი დათვალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 11%-ს შეადგენდა, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი (-2%)-ს. 2022 წელს, შემოწმების მიერ მიღებულსა და გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა, ხოლო 2023 და 2024 წლებში სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 2 კატეგორია). გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის, 2022 წელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა 103 396 ლარის ოდენობით, 2023 წელს საწყისი ნაშთი შეადგენდა 82 412 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის განისაზღვრა 102 592 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ, 2023 და 2024 წლებში დათვლილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ცალკეულ კატეგორიებზე, ვინაიდან დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირება შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიების, კერძოდ საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი. საბოლოოდ, დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ბენზინითა და დიზელის მოტორული საწვავით. შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის მიწოდებული ბუღალტრული პროგრამისა და ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში არსებული ინფორმაციების დამუშავება. კომპანია საქონლის მოძრაობას აღრიცხავდა ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ ჯამურად, თვის ჭრილში, ხოლო ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში ოპერაციები ასახული იყო დღის ჭრილში ჯამურად, შესაბამისად, ვერ იშიფრებოდა თითოეული ოპერაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკების მიხედვით. ამასთანავე, გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა უარყოფითი ფასნამატი (-2%) და საკონტროლო შესყიდვის შედეგად დაფიქსირებულ ფასნამატს შორის იყო არსებითი სხვაობა. ამდენად, ვინაიდან შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2022 წელს, შემოწმებით დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა, ხოლო, 2023 და 2024 წლებში დათვლილი იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ცალკეულ კატეგორიებზე, ვინაიდან დოკუმენტური ფასნამატის იდენტიფიცირება შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატი. ზემოაღნიშნულის შედეგად განისაზღვრა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება, საქონლის ჯგუფების გათვალისწინებით.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ბენზინითა და დიზელის მოტორული საწვავით.

შემოწმების შედეგად დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება:

საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73 (5);.