გადაწყვეტილება №21255/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2024
№ დოკუმენტი 21255/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21255/2/2023

06 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს --------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-------“-ის 7.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21255/2/2023).

 

დავის საგანი:

1. „სს --------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების საბაზრო ღირებულებასა და გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის მოგების განაწილებად განხილვა;

2. კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის საწარმოს დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვა, გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-316 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25870 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 975 893 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 509 675

დღგ - 19 204

მოგების გადასახადი - 458 997

საშემოსავლო გადასახადი - 31 474

ჯარიმა - 241 331

საურავი - 224 887

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32946 ბრძანება და №081-316 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. „სს --------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების საბაზრო ღირებულებასა და გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის მოგების განაწილებად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2017 წლის 11 სექტემბერს სს „-------ს“ (გამყიდველი), სს „-------ს“ (მყიდველი) და სს „--------ს“ (ბენეფიციარი) შორის დაიდო შეთანხმება, კერძოდ:

- გაუქმდა 2016 წლის 6 იანვარს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული უძრავი ქონების (2 491მ2, 54 ბინა) ნასყიდობის ხელშეკრულება;

- უძრავი ქონების ღირებულება 3 801 761,80 აშშ დოლარი, რომელიც მყიდველს ჰქონდა გადახდილი გამყიდველისთვის, უნდა დაებრუნებინა გამყიდველს მყიდველისათვის;

- მყიდველმა ნასყიდობის ფასის მიღების უფლება დაუთმო ბენეფიციარს სს „--------ს“ (ორგანიზაციის 100%-იანი მფლობელი არის სს „---------“).

2018 წლის 13 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით სს „--------მა“ მიიღო აპარტამენტები სს „--------გან“, რის საფუძველზეც დავალიანება ბენეფიციარის მიმართ ჩაითვალა გადახდილად.

2019 წლის 20 დეკემბერს სს „-------მა“ დააფუძნა კომპანია სს „------“, რომლის ძირითად საქმიანობად განისაზღვრა ბინების ყიდვა-გაყიდვა.

2019 წლის 27 დეკემბერს მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების (54 ბინის) შეფასება, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 3 772 780 აშშ დოლარი (10 825 614 ლარი), ხოლო დღგ-ის ჩათვლით 4 451 800 აშშ დოლარი (12 773 994 ლარი).

აღნიშნული კომპანიის კაპიტალი 2020 წლის 6 იანვრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა 11 063 710 ლარით, რომელშიც 8 750 000 ლარის ღირებულებით შედიოდა სს „--------ს“ მიერ სს „--------ს“ კაპიტალში შეტანილი 54 ბინა.

2020 წლის 13 აპრილს სს „--------ს“ 100% აქციების მფლობელმა კომპანია სს „-------მა“ კომპანია სს „--------ს“, თურქული საინვესტიციო ბანკის ობლიგაციების სანაცვლოდ, გადასცა, 21 910 864,51 ლირის ღირებულებით, კომპანია სს „---------“.

სს „-------“ აცხადებს, რომ სს „-------ს“ არის ზემოხსენებული დათმობილი და საკუთრებაში გადაცემული კომპანიის წილის კანონიერი და უდავო მესაკუთრე.

2020 წლის 20 მაისს დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შედეგად სს „-------“ და სს „-------“ შეერწყა ერთმანეთს და მათ საკუთრებაში არსებული აპარტამენტები 2021 წლის 14 ივლისს მართვა-იჯარის უფლებით გადაეცა თავდაპირველ მფლობელ სს „--------ს“.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სს „--------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან (4 451 800 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი გასხვისდა 3 234 043 აშშ დოლარად). აღნიშნული სხვაობა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით და ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შეფასდა სს „--------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივები რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 4 451 800 აშშ დოლარს, ხოლო კომპანიის წილის გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულება შეადგენდა 3 234 043 აშშ დოლარს. შედეგად, კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდებოდა გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან. აღნიშნული სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

გადამხდელის არგუმენტზე საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტითა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან სს „--------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდებოდა გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან, აღნიშნული სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არც საჩივრის განხილვის დროს ყოფილა სადაო საკითხებზე კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული, შეფასებული და შეჯერებული. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება დავის მომჩივნის დაუსწრებლად განხილვაც იყოს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გამოყენებით არა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციად განხილვის დროს საფუძვლად მითითებულია საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილი. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებულ ურთიერთობათა ჩამონათვალს, რომლის დროსაც შესაძლებელია განხილულ იქნენ პირები ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ბრძანებაში არ არის ნახსენები თუ, ურთიერთობათა ჩამონათვალის რომელი პუნქტით შეიცვალა ოპერაცია და რა მტკიცებულებების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 98-ე პირველი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით განხორციელებულ მოგების განაწილების ოპერაციად ითვლება: საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე.

შემოწმების აქტში საფუძვლად გამოყენებული 27.12.2019 წლის უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის (იხ. დანართი 1) თანახმად, ქონების შეფასება მოხდა აშშ-ს დოლარში და თურქულ ლირაში (როდესაც კოვიდ პანდემია არ იყო და საქართველოში ტურიზმის სტატისტიკა და შესაბამისად -------ში უძრავი ქონების ფასი პიკური იყო). უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მიხედვით, დღგ-ის გარეშე თანხამ თურქულ ლირაში შეადგინა 21 919 855 ლირა, ხოლო კომპანიის წილი გაყიდულია თურქულ ლირებში 13.04.2020 წელს 21 910 864,51 ლირად ფაქტიურად იგივე ფასად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდისთვის, როდესაც ტურიზმი განულდა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის არარსებობის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა მისი ფასი.

დაზუსტებულ საჩივარზე წარდგენილი იქნა აუდიტორული კომპანიის უძრავი ქონების შეფასების ანგარიში (იხ. დანართი 2), რითაც დგინდება, რომ ქონების საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე 2020 წლის აპრილის თვეში იყო წილის სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ფასზე მნიშვნელოვნად დაბალი. იმავდროულად, საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანა განთავისუფლებულია დღგ-ისგან, ისევე როგორც წილის გასხვისება. ბრძანებაში არ არის ნახსენები და შეფასებული თუ რის საფუძველზე არის წილის საბაზრო ღირებულება დღგ-ით გაზრდილი და რატომ მოხდა ქონების საბაზრო ღირებულების აშშ-ს დოლარში გაანგარიშების გზით საბაზრო ღირებულების სავალუტო კურსთა შორის სხვაობით გაზრდა. აშკარაა, რომ გაყიდული წილის საბაზრო ღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი. ხელოვნურად არის შექმნილი საბაზრო ფასსა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობა.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, 601 და 62-ე მუხლების დარღვევებზე, რაც წარმოადგენს სადავო აქტების ბათილობის საფუძველს. მოითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას. აქციების გაყიდვის ოპერაციის მოგების განაწილების ოპერაციად განხილვის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს სს „---------ს“ (გამყიდველი), სს „--------ს“ (მყიდველი) და სს „--------ს“ (ბენეფიციარი) შორის დადებული შეთანხმებით, გაუქმდა 2016 წლის 6 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების (2 491 მ 2 , 54 ბინა) ნასყიდობის ხელშეკრულება.

შეთანხმების მიხედვით, მყიდველმა ნასყიდობის ფასის (3 801 761,80 აშშ დოლარი), მიღების უფლება დაუთმო, ბენეფიციარს, სს „-------ს“ (საწარმოს 100%-იანი მფლობელია სს „--------“).

2018 წლის 13 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით სს „-------მა“ მიიღო აპარტამენტები სს „-------გან“, რის საფუძველზეც დავალიანება ბენეფიციარის მიმართ ჩაითვალა გადახდილად. 2019 წლის 20 დეკემბერს სს „--------მა“ დააფუძნა კომპანია სს „--------“.

2019 წლის 27 დეკემბერს შეფასდა აღნიშნული უძრავი ქონება (54 ბინა), რომლის ღირებულება განისაზღვრა 4 451 800 აშშ დოლარის ოდენობით (12 773 994 ლარი), დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნული საწარმოს კაპიტალი 2020 წლის 6 იანვრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა 11 063 710 ლარით, სადაც 8 750 000 ლარის ღირებულებით აისახა სს „--------ს“ მიერ სს „-------ს“ კაპიტალში შეტანილი 54 ბინა.

2020 წლის 13 აპრილს სს „-------ს“ 100% აქციების მფლობელმა სს „-------მა“, სს „--------ს“, 21 910 864,51 თურქული ლირის ღირებულებით გადასცა სს „-------“, თურქული საინვესტიციო ბანკის ობლიგაციების სანაცვლოდ.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის მონაწილე მხარის დაკვეთით ჩატარებული 27.12.2019 წლის უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მიხედვით დადგენილია, რომ სს „--------ს“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან, კერძოდ 4 451 800 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი გასხვისდა 3 234 043 აშშ დოლარად.

როგორც აღინიშნა, აქტივის ღირებულება განისაზღვრა თავად ოპერაციის მონაწილე მხარის დაკვეთით ჩატარებული 27.12.2019 წლის უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მიხედვით. ამასთანავე, აქტივი შეფასებულია საბაზრო ფასით, რაც მოიცავს დღგ-ს.

რაც შეეხება მხარეების ურთიერთდამოკიდებულებას, მომჩივნის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია - სს „-------“ (ს/ნ ------) წარმოადგენს ჰოლდინგში - --------. შემავალ კომპანიას, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის -------. ასევე მომჩივნის მიერ ობლიგაციების სანაცლოდ გადაცემული წილის (ქონების) მესაკუთრე - -------, რომლის დამფუძნებელია --------, ამავე დროს წარმოადგენს ჰოლდინგში - ------- შემავალ კომპანიას, ხოლო ჰოლდინგში შემავალი კომპანიები კონტროლდება ერთი პირის მიერ.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების და მე-5 ნაწილის თანახმად:

1 ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეებს (მომჩივანი და სს „-------ს“- ---------) შორის განხორციელებული ოპერაცია, საგადასახადო ორგანოს მიერ, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნისთვის, მართლზომიერად ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციად.

აღნიშნულიდან გამოდინარე, საბჭო განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნევს, რომ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან და გარიგება განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, რის გამოც შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის თანხის მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთანავე, საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრისას არ გამოუყენებია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რაც დასტურდება მოპასუხის განმარტებით და საგადასახადო შემოწმების აქტის ჩანაწერით სადავო დარიცხვის ნაწილში (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მითითებულია აქტის ზოგად ნაწილში და არ ეხება სადავო ოპერაციას).

 

2. კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის საწარმოს დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვა, გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი სს „--------გან“. შეძენილი ქონების ღირებულება შეადგენდა 349 562,50 აშშ დოლარს. ამ ოპერაციის საფუძველზე მომჩივანს სს „-------ს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი. გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი. შედეგად, გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 1601 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, სააქციო საზოგადოებამ 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი სს „--------გან“, რის შედეგადაც სააქციო საზოგადოებას სს „--------ს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი და გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი.

შემოწმების შედეგად, გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ამ ნაწილში დარიცხვის საფუძველი იყო კომპანიის თანამშრომლის ახსნა-განმარტებითი ბარათი იმის შესახებ, რომ 2022 წლის მარტის თვიდან 4 აპარტამენტით სარგებლობდა კომპანიის დირექტორი. საგადასახადო დავის დროს არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საკითხი იმის შესახებ, რომ კომპანიის დირექტორი 4 აპარტამენტიდან მხოლოდ, ნაწილს იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, ხოლო ძირითადი ნაწილით სარგებლობდა კომპანიის მიზნებისათვის საქმიანი შეხვედრების გასამართად. შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით კომპანიის ინტერესებისათვის ფართის გამოყენების ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია და ოთხივე აპარტამენტი დირექტორის პირადი სარგებლობის მიზნებისათვის გამოყენებულად მიიჩნია.

მომჩივანი მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები, მომსახურების მიწოდების და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განსაზღვრის მიზნებისათვის გამოყენებული იქნას მხოლოდ, აპარტამენტების ფართობის ის ნაწილი, რომელსაც კომპანიის დირექტორი იყენებდა პირადი მიზნებისათვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი 8 პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმომ 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი სს „-------გან“, რომლის ღირებულება შეადგენდა 349 562,50 აშშ დოლარს. ამ ოპერაციის საფუძველზე სს „--------ს“ სს „-------ს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი. გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი. შედეგად, გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აქტივის (54 ბინა) შეძენისას ხდებოდა გარკვეული ნაწილის გაქირავება, 4 აპარტამენტი რაში გამოიყენებოდა არ ირკვეოდა, კომპანიის ახსნა-განმარტებით აღნიშნულ აპარტამენტებს გამოიყენებდა კომპანიის დირექტორი, ცხოვრობდა მუდმივ რეჟიმში და სხვა მიზნით არ გამოიყენებოდა, შესაბამისად, აღნიშნული 4 ნომერი (აპარტამენტი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაქირავებად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

მომჩივანმა განმარტა, რომ საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომ კომპანიის დირექტორი პირადი მიზნებისათვის იყენებდა ამ აპარტამენტებს, აღნიშნულის შესახებ არსებობს მხოლოდ კომპანიის თანამშრომლის განმარტება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. საჩივრით მოითხოვს საწარმოს დირექტორის ხელფასის სახით განაცემად განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნას მხოლოდ, აპარტამენტების ფართობის ის ნაწილი, რომელსაც კომპანიის დირექტორი იყენებდა პირადი მიზნებისათვის, თუმცა ვერ ასახელებს და მიჯნავს დირექტორის პირადი მიზნებისათვის და კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ფართების ოდენობას.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის საწარმოს დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვა, ხოლო, მიღებული შემოსავლების დღგ-ით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. „სს -ის“ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების საბაზრო ღირებულებასა და გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის მოგების განაწილებად განხილვა;

2. კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის საწარმოს დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვა, გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების დღგ-ით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სს -ს კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან (4 451 800 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი გასხვისდა 3 234 043 აშშ დოლარად). აღნიშნული სხვაობა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. მომჩივანმა 2019 წლის 25 ოქტომბერს შეიძინა ოთხი აპარტამენტი სს -გან. შეძენილი ქონების ღირებულება შეადგენდა 349 562,50 აშშ დოლარს. ამ ოპერაციის საფუძველზე მომჩივანს სს -ს მიმართ წარმოეშვა დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად საბანკო გადარიცხვის გზით. ამ პერიოდის მანძილზე აღნიშნული ბინებიდან არ ფიქსირდება შემოსავალი. გადამხდელის განმარტებით ბინებით სარგებლობს კომპანიის დირექტორი. შედეგად, გაიზარდა ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნევს, რომ კაპიტალში შეტანილი აქტივების და შემდგომში ამ კომპანიის წილის გასხვისების რეალური საბაზრო ღირებულება განსხვავდება გასხვისების სანაცვლოდ მიღებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულებისგან და გარიგება განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, რის გამოც შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის თანხის მოგების განაწილებად დაკვალიფიცირება და შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 აპარტამენტის საწარმოს დირექტორის მიერ გამოყენების/სარგებლობის იჯარად განხილვა, ხოლო, მიღებული შემოსავლების დღგ-ით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1"ა"), 981(4"ა.ა"), 159(1"ბ"), 1601(1), 163(1)(2), 101(1), 154(1"ა").