გადაწყვეტილება №20264/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20264/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20264/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (სხვაობის) განხილვა მიწოდებად;
2. არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისათვის ჩამოწერილი თანხის (25%) ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №007-71 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 372 419 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 205 433
დღგ - 65 448
საშემოსავლო გადასახადი - 139 985
ჯარიმა - 101 478
საურავი - 65 508
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ძირითადად იოდიზირებული მარილით, უფიქსირდება როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების მიზნებისთვის 20.03.2022 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 4.04.2023 წლის №7248 ბრძანება და ამავე თარიღის №007-71 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 2 მაისს, 12 მაისს და 13 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (სხვაობის) განხილვა მიწოდებად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2 239 126 ლარის საქონელი, ხოლო საქონლის რეალიზაციიდან დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 115 929 ლარს, რაც თითქმის სრულად დოკუმენტურია (გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები).
გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფიქსირდება 431 313 ლარის თვითღირებულების საქონლის ნაშთი, მათ შორის, მარილის ნაშთი თანხობრივად შეადგენს 315 870 ლარს და რაოდენობრივად 1 097 ტონას. საქონლის (საკვები მარილის) მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანიას გააჩნია მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. ამ პერიოდის განმავლობაში მინიმალური ნაშთი შეადგენს 758 ტონას და მუდმივად იზრდება, 1.01.2023 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 1 097 ტონას. ამასთან, 15.10.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში შეძენილია 3 604 ტონა მარილი, იმ პირობებში, როცა არ ხდება ნაშთის ამოყიდვა და ფიქსირდება უძრავი ნაშთი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2023 წლის №5320 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც 20.03.2023 წლის მდგომარეობით მარილის ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 274 300 კგ. (საბაზრო ღირებულებით 128 507 ლარი).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განსაზღვრულია სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (1.01.2023წ.), ინვენტარიზაციით განსაზღვრული ნაშთის ფაქტობრივ მოცულობას დაემატა რეალიზებული საქონლის რაოდენობა და გამოაკლდა შეძენილი საქონლის რაოდენობა, შედეგად ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 198 260 კგ., ხოლო ბუღალტრული ნაშთი ამ პერიოდისთვის იყო 1 097 707 კგ., გამოვლენილი სხვაობა 899 447 კგ. უძრავი ნაშთის წარმოშობის პერიოდების მიხედვით განხილულია მიწოდებად შესაბამისი პერიოდის შეწონილი დოკუმენტური ფასებით. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული განკარგვადი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განსაზღვრულ იქნა სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, კერძოდ, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ნაშთის ფაქტობრივ მოცულობას დაემატა რეალიზებული საქონლის რაოდენობა და გამოაკლდა შეძენილი საქონლის რაოდენობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმების მიერ განსაზღვრულ და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა განხილულია მიწოდებად შესაბამისი პერიოდის შეწონილი დოკუმენტური ფასებით, რის საფუძველზეც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო მიღებული განკარგვადი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ ფაქტობრივ ნაშთს და აცხადებს, რომ შემმოწმებელს ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აქვს გაანგარიშებული შეფუთული მარილის წონა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან (საწარმოს დირექტორთან და ბუღალტერთან) განხილულია საქონლის ნაშთებთან დაკავშირებული ყველა დეტალი. გადამხდელს გაეგზავნა შესაბამისი კალკულაციის ცხრილი, რის საფუძველზეც შემოწმებამ განსაზღვრა საქონლის ნაშთი, რომელიც შეუდარდა ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილ რაოდენობებს და გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაურკვეველია შემმოწმებელი საიდან უთითებს ფაქტობრივ ნაშთს 274 300 კგ.-ს, როცა ინვენტარიზაციის შედეგებში ფიქსირდება გაცილებით მეტი სასაქონლო-მატერიალური მარაგი. სავარაუდოდ აუდიტორს ნაშთის გამოყვანის დროს თითოეული შეკვრის წონა არა აქვს სწორად გაანგარიშებული. პროდუქცია წარმოადგენს შეფუთულ მარილს, რომლის ერთი ცალის წონა არის 1.25 კგ. და შეკვრაში ჩადის 20 ცალი, ერთი შეკვრა უნდა ეანგარიშა 25 კგ.-იანად, რაც ამ შემთხვევაში არასწორადაა. ფიქრობს ამ ნაწილში ნაშთების გამოყვანაში და შემდგომ დასარიცხ გადასახადში ტექნიკური ხარვეზია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივნისთვის გაურკვეველია შემმოწმებელი საიდან უთითებს მარილის ფაქტობრივ ნაშთს 274 300 კგ.-ს, როცა ინვენტარიზაციის შედეგებში ფიქსირდება გაცილებით მეტი სასაქონლო-მატერიალური მარაგი. სავარაუდოდ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს ნაშთის გამოყვანის დროს თითოეული შეკვრის წონა არა აქვს სწორად გაანგარიშებული. პროდუქცია წარმოადგენს შეფუთულ მარილს, რომლის ერთი ცალის წონა არის 1.25 კგ. და შეკვრაში ჩადის 20 ცალი, ერთი შეკვრა უნდა ეანგარიშა 25 კგ.-იანად, რაც ამ შემთხვევაში არასწორადაა. ფიქრობს ამ ნაწილში ნაშთების გამოყვანაში და შემდგომ დასარიცხ გადასახადში ტექნიკური ხარვეზია.
მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან (საწარმოს დირექტორთან და ბუღალტერთან) განხილულია საქონლის ნაშთებთან დაკავშირებული ყველა დეტალი. გადამხდელს გაეგზავნა შესაბამისი კალკულაციის ცხრილი, რის საფუძველზეც შემოწმებამ განსაზღვრა საქონლის ნაშთი, რომელიც შეუდარდა ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილ რაოდენობებს და გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისათვის ჩამოწერილი თანხის (25%) ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს იოდიზირებული მარილი ირანიდან და თურქეთიდან. შემოწმებისთვის მიწოდებული სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერებით, უნაღდო ანგარიშსწორება არ არის განხორციელებული. შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან მომწოდებლებზე გადახდილად ნაჩვენები თანხები ჯამურად შეადგენს 523 431 ლარს და კრედიტორული დავალიანება არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგ.: შედარების აქტი, თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) არ წარუდგენია.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% (392 573 ლარის ოდენობით) ჩაითვალა ანაზღაურებულად. შესაბამისად, სააღრიცხვო მონაცემებით სალაროდან არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისთვის ჩამოწერილი თანხების (რომლებზეც არ იქნა წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) 25% ჩაითვალა აუნაზღაურებლად და ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მარილის იმპორტს ახორციელებდა ირანის რესპუბლიკიდან, ხოლო თანხების გადახდა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც არ გაითვალისწინა შემოწმებამ. მომჩივანმა დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მისი განმარტებით, მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტებია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა, რათა წარედგინა ირანის რესპუბლიკაში მომწოდებლებისთვის თანხის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული შინაარსის მასალები გადამხდელს არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობაა მარილის იმპორტი და შემდგომ რეალიზაციაა, ძირითადად საქონლის შემოტანა ხდებოდა ირანის რესპუბლიკიდან, მომწოდებელთან თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოითხოვა შედარების აქტები და დამატებით წარადგინა პირველი ინსტანციის დავის განხილვამდე.
ითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს მათი თანამონაწილეობით ვინაიდან შემოსავლების სამსახურში დავის განხილვის დროს არ მიეცა პოზიციის დაცვის საშუალება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით (ჯამურად 523 431 ლარი). გადასახადის გადამხდელს შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგ.: შედარების აქტი, თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) არ წარუდგენია.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოითხოვა შედარების აქტები და დამატებით წარადგინა დავის განხილვამდე. ითხოვს საჩივრის განხილვა მოხდეს მათი თანამონაწილეობით ვინაიდან შემოსავლების სამსახურში დავის განხილვის დროს არ მიეცა პოზიციის დაცვის საშუალება.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ მომჩივანმა დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მისი განმარტებით, მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტებია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა, რათა წარედგინა ირანის რესპუბლიკაში მომწოდებლებისთვის თანხის ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული შინაარსის მასალები გადამხდელს არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (სხვაობის) განხილვა მიწოდებად;
2. არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისათვის ჩამოწერილი თანხის (25%) ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ძირითადად იოდიზირებული მარილით, უფიქსირდება როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების მიზნებისთვის 20.03.2022 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 2 მაისს, 12 მაისს და 13 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 26.06.2023 წლის №14603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხების გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14603 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160;