გადაწყვეტილება №24205/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24205/2/2024
10 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 28.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24205/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №041-45 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21972 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 971 891,33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 600 682,83
დღგ - 239 157
საშემოსავლო გადასახადი - 361 525,83
ჯარიმა - 300 341,5
საურავი - 70 867
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი, ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე (ლილოს ბაზრობის ტერიტორია).
აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.09.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №17593 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, რის მიხედვითაც მიღებულმა/მისაღებმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა
3 292 615 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოსავლად გათვალისწინებული იქნა შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ხარჯად - საქონელზე გადახდილი ღირებულება და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2024 წლის №041-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21972 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და გაირკვა, რომ გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავდა. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს.
გადამხდელის არგუმენტი, რომ საწარმოს ბუღალტრული პროგრამა სრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდგომ, საბუღალტრო პროგრამა „-------“ აღრიცხა შეძენილი სმფ-ები სრულად, თუმცა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება ჩამოწერა საანგარიშო პერიოდის თვის ბოლო რიცხვებში ჯამურად. ჩამოწერის დროს არ იდენტიფიცირდებოდა რაოდენობა და ერთეულის ფასი.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებულ საქონელზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ დაეთანხმება, შემდეგი გარემოებების გამო:
1. გადასახადის გადამხდელს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული ჩანაწერები ნაწარმოებია სააღრიცხვო პროგრამა ორისში, აღრიცხული ყველა სამეურნეო ოპერაცია, სასაქონლო მატერიალური მარაგების მიღება ასახულია დოკუმენტების მიხედვით, ხოლო მისი გასვლა და ჩამოწერა კი, პერიოდის მიხედვით, აღრიცხულია ყველა შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, ყველა მოთხოვნა და ვალდებულება. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
2. აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით;
3. ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს -არც ეს ფაქტი არ ფიქსირდება არანაირი წყაროდან;
4. მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში არ გამოვლენილა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის არცერთი შემთხვევა.
5. არ გამოვლენილა არსებითი სხვაობა საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გამოყენებული ფასნამატი 58,6 პროცენტი არ შეესაბამება რეალურ ფასნამატს, რადგან გადასახადის ბუღალტრული ჩანაწერებით ფასნამატი არ აღემატება 10 პროცენტს.
ადასტურებს, რომ შემოწმების პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 245 172,98 ლარს. აღნიშნული თანხა წარმოდგენს დანაკლისს, რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოდგენს დღგ-ით და მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს, ფასნამატის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის პოზიცია და ხელახლა მოხდეს გადაანგარიშება გადასახადის გადამხდელისთვის დამატებით დარიცხული გადასახადები, კერძოდ დასაბეგრი ბაზად განხილულ იქნას დანაკლისი ბუღალტრული ჩანაწერებით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21972 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 2 076 004 ლარს, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა 1 963 939 ლარს. მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენის მიზნით რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, რის მიხედვითაც მიღებულმა/მისაღებმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 3 292 615 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოსავლად გათვალისწინებული იქნა შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავალი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ხარჯად - საქონელზე გადახდილი ღირებულება და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21972 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6);