გადაწყვეტილება № 26747/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26747/2/2026
01 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----26.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26747/2/2026).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. აღურიცხველი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2025 წლის №038-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.02.2026 წლის №2273 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 147 766,19 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 589 004,73
დღგ - 164 992,73
საშემოსავლო გადასახადი - 424 012
ჯარიმა - 293 574
საურავი - 265 187,46
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობაა ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა. პროდუქტის შეძენა ხდება ძირითადად იმპორტით, ხოლო ნაწილი შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2025 წლის
№038-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.02.2026 წლის №2273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. რეალიზაციის 71% შეადგენს დოკუმენტით რეალიზაცია (ზედნადები, ა/ფ) 1 379 537 ლარის ოდენობით, ხოლო 29% - დოკუმენტის გარეშე (საცალოდ). დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შესაბამისად, სმფ-ის ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საცალო რეალიზაციის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბაჟო დეკლარაციების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 11 დასახელების საქონელი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით 2023 წლის ივნისის თვეში კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო ნაშთი და დებიტორული დავალიანება არ გააჩნდა. კომპანიას 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ უფიქსირდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, თითოეული სახეობის მიხედვით თვის ჭრილში ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე და ჩაირთო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში დოკუმენტით რეალიზაციასთან ერთად. დოკუმენტით რეალიზებული პროდუქტის ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 133%-ს.
საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პროდუქციის იმპორტი ძირითადად ხდება თურქეთიდან (ადგილობრივი ფერმერებისგან). საქონელი უმეტეს შემთხვევაში არ არის დახარისხებული და არ აქვს სტანდარტული სახე. ხშირია შემთხვევა პროდუქციის ნაწილის დაზიანების, არა გააჩნია სასაქონლო სახე და მისი რეალიზაცია ხორციელდება საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაცია საერთოდ ვერ ხდება (გამომდინარე იქიდან რომ მალფუჭებადია).
პროდუქციის ის წილი, რომელიც გამოირჩევა ვიზუალური და ხარისხობრივი მახასიათებლებით, ძირითად შემთხვევაში იყიდება ე.წ. „ქსელურ მარკეტებზე“ და კვების ობიექტებზე, ხოლო პროდუქციის დანარჩენი ნაწილი, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს ხარისხობრივად და ვიზუალურად დაბალი მახასიათებლების მქონე პროდუქციას და მისი რეალიზაცია ხდება საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ასეთი პროდუქციის შემძენი პირები, ძირითად შემთხვევაში არ ითხოვენ სასაქონლო ზედნადებს და შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ხდება სასაქონლო ზედნადების გარეშე. მოცემული პროდუქტები არის მალფუჭებადი და თითქმის შეუძლებელია ამხელა მოცულობის სასაქონლო ბრუნვისას პროდუქცია არ დაზიანდეს, გაფუჭდეს და გახდეს რეალიზაციისთვის გამოუსადეგარი. ცხადია, აღნიშნულ ფაქტებს ხშირად ჰქონდა ადგილი, თუმცა, ვერ ხერხდებოდა მისი ჩამოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი სერვისი არის ფასიანი და შემდგომ ასევე, პროდუქციის გადაყრა დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსი წუნდებული საქონელის რეალიზაცია ხდება ცხოველთა და ფრინველთა ფერმებზე, ცხადია, საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად (შესაძლოა კილოგრამი 5-10 თეთრადაც კი), რაც ფინანსურად უფრო მომგებიანია, ვიდრე სახელმწიფო სერვისებში თანხის გადახდა და შემდგომ კი გადაყრასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევა.
აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, აუდიტორების მიერ მომზადებულ ფასნამატის გაანგარიშებაში მსგავს რეალიზაციებს ძირითად შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. ფასნამატის ფორმირებისას დიდწილად მონაწილეობა მიიღო ისეთ „ქსელურ მარკეტებზე“ პროდუქციის რეალიზებამ, სადაც შედარებით მაღალი ფასნამატი ფიქსირდება. შესაბამისად, დოკუმენტური რეალიზაციიდან სწორი ტენდენციის დანახვა შეუძლებელია. ამის დანახვა მარტივად შესაძლებელია კომპანიის მიერ შეძენილი პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე დაკვირვებით, რომელიც შეადგენს დაახლოებით 1 228 000 ლარს, ხოლო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა კი თითქმის თანაბარია და არის 1 147 766 ლარი.
მომჩივანი ითხოვს გამოყენებულ იქნას, მსგავსი, აუდირებული კომპანიის ფასნამატი, რომელსაც გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, აწარმოებს გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერას. საუბარია ისეთ გადასახადის გადამხდელებზე, სადაც რეალურად შესაძლებელია ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დაკვირვება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანების დანართი №10-ის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
3. ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;
ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
4. ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. ამასთან:
ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, თითოეული სახეობის მიხედვით თვის ჭრილში ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას დოკუმენტით რეალიზაციასთან ერთად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. აღურიცხველი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის მიერ გამოწერილი/მიღებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად შემოსავლის გაზრდა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით 2023 წლის ივნისის თვეში კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისთვის სასაქონლო ნაშთი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა და ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.06.2025 ივნისის ბრძანების თანახმად 26.06.2025 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის საფუძველზეც შედგენილი ოქმის თანახმად კომპანიას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისშიც და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს-ნული ლარია. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ. დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ს შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხველი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც სალაროში არ დასტურდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელი პერიოდის ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული არ არის სხვადასხვა მომსახურების თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულმა თანხების ჯამმა შეადგინა 124 549 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულ მომსახურებებს წარმოადგენს „მაცივრის იჯარა“, „კომუნალური გადასახადები“, „მანქანის დგომის საფასური“ და ა.შ. ყველა მათგანი დაკავშირებული იყო გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, შესაბამისად, მონაწილეობა უნდა მიეღო არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული ხარჯები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფულის მოძრაობის ხარჯვით ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
შემოსავლების სამსახურის 5.02.2026 წლის №2273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 5.02.2026 წლის №2273 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. აღურიცხველი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობაა ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულ იქნა დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, თითოეული სახეობის მიხედვით თვის ჭრილში ყველა კონკრეტული დასახელების საქონელზე და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას დოკუმენტით რეალიზაციასთან ერთად.
მეწარმის მიერ გამოწერილი/მიღებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდა ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობა. საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად შემოსავლის გაზრდა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 5.02.2026 წლის №2273 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);