ბრძანება N 4655
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
18 მარტი 2025
N 4655
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 18), განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N -----/-- საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია სრულად აკმაყოფილებს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნებს. ყველა შესასვლელსა და გასასვლელში დამონტაჟებულია შესაბამისი ვიდეოჩამწერი საშუალება, რომლებიც აფიქსირებენ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნებს, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტს და მიაჩნია, რომ იგი შედგენილია დარღვევით. საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილია საწყობის ნახაზი სადაც განმარტებულია ყველა შესასვლელ გასასვლელის ფუნქციური დანიშნულება.
მომჩივნის მითითებით, N 4 და N 5 კარი გამოიყენება მხოლოდ საბაჟო კონტროლიდან მოხსნილი გაიმპორტებული საქონლის გასაცემად. აღნიშნული კარი ფიზიკურად არ გამოიყენება ავტომობილის შესასვლელად ან გასასვლელად რადგან 1.5-1.7 მეტრით შემაღლებულია. თუმცა ეს კარიც აღჭურვილია გამოსახულების ვოდეოჩამწერი საშუალებით დადგენილების მოთხოვნების მიხედვით. მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნულ კარზე სავალდებულო იქნებოდა ავტომობილების სანომრე ნიშნების იდენტიფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარიდან გაიცემოდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 24 დეკემბრის N 27026 ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა ქ. თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე, შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილი საბაჟო საწყობისთვის (-----) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის გასასვლელში (ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ტვირთის გაცემის კარი N 4 და N 5) იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც საბაჟო კონტროლის ზონიდან გადაიზიდება საბაჟო ზედამხედველობის/კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი (აღნიშნულს ასევე ადასტურებს ფოტო-ვიდეო ჩანაწერები). შემოწმების შედგებზე 2024 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობისთვის (-----) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი N -----.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი ქმედებით შპს „-----“ (ს/ნ -----) მხრიდან ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობის დარღვევას, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 5 თებერვალს შედგენილი N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-----“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
სადავოდ გამხდარი გასასვლელებით საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან, ასევე გადაადგილდება საბაჟო ზედამხედველობის/კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.
ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 2) 11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საბაჟო კონტროლის ზონა უნდა იმყოფებოდეს ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. ამისათვის იგი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბაჟო ორგანოს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს საბაჟო კონტროლის ზონის მთელ ტერიტორიას, მიიღოს ინფორმაცია პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის პასუხისმგებლობაც განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით. ამდენად, სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაცემს, განსაკუთრებით ვიდეოჩანაწერით დამუშავებადი მონაცემებისათვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე (მ.შ. შესასვლელში და გასასვლელში) დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ აღიქმება ან სათანადოდ არ აღიქმება საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი/გასატანი ან საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანილი/შესატანი საქონლის (მათ შორის, საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის) გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საბაჟო ორგანოს არ მიეწოდება ინფორმაცია ასეთი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.
საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთთებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული მთლიანი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას და ამ ტერიტორიიდან საქონლის გატანასა და ამ ტერიტორიაზე საქონლის შეტანაზე სრული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ) მნიშველოვანია საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისთვის. ამასთან, საქმის მასალებში არსებული ფოტო და ვიდეომასალა ადასტურებს, რომ N 4 და N 5 კარად აღნიშნული შესასვლელებით/გასასვლელებით მათ შორის ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონიდან საქონლის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვით გატანის ოპერაციები, რა დროსაც საბაჟო კონტროლის ზონაში დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებით არ აღიქმება საქონლის გადატვირთვის მიზნით განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ხოლო, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სადავოდ გამხდარი გასასვლელებით საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან ასევე გადაადგილდება საბაჟო ზედამხედველობის/კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი.
ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტს და ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის გასასვლელში იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც საბაჟო კონტროლის ზონიდან გადაიზიდება საბაჟო ზედამხედველობის/კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი. გამოვლენილი ქმედებით მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობის დარღვევას. ზემოაღნიშნულიდან სანქციის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
მომჩივნის მიერ დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის პასუხისმგებლობაც განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 176;