ბრძანება N 2396

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2026
№ დოკუმენტი 2396
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2396

06 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: --------------------------------)

2025 წლის 24 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) 2025 წლის 24 დეკემბრის №---/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 დეკემბრის №039-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის დამატებით იქნა მიწოდებული ცხრილი თითოეული საქონლის მითითებით, რომელიც არ იყო რეალიზებული, შემოწმების მიერ მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის სარგებლად, თუმცა რეალურად თანხა არ არის მიღებული.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ მიწოდებულ ექსელის ფაილში „აღრიცხულ საქონელში“ აღმოჩნდა რამოდენიმე მექანიკური შეცდომა, კერძოდ: სხვადასხვა მარკის ცემენტის რაოდენობები, რომელიც დასაწყობებული იყო დახურულ და ღია საწყობში (მაღაზიის წინა ვიტრინაში), აღნიშნული დანაკლისი ზუსტი რაოდენობით, თანხით და მარკით დაკორექტირებულია თანდართულ ექსელის ფაილში. ცემენტის ერთი ტომარა/ცალი რაოდენობაში მითითებული არ არის, შესაბამისად დანაკლისი გამოწვია არა ერთ ადგილას საქონლის დალაგებამ და მარკების არევამ, არამედ დამხმარე მუშების მხრიდან სამუშაო პროცესში მცირე რაოდენობრივი და ქაოტური უზუსტობის ერთობლიობამ. ამასთან, მაგიდა-სკამების რაოდენობის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომ რეალიზაციაში ასახულია თურქეთიდან შემოტანილი იმპორტირებული საქონელი, რომლებიც უკან დაბრუნების მიზნით საწყობში იქნა შენახული, ასევე გამათბობელი, რომელიც არასეზონური საქონელია, შემოწმების პერიოდში იყო საწყობში, რამაც გამოიწვია საქონლის ნაშთში დანაკლისის ზრდა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მაისის №8281 და №8332 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 31 მაისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 დეკემბრის №26835 ბრძანება და ამავე თარიღის №039-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 83 605 ლარი, მათ შორის გადასახადი 50 933 ლარი, ჯარიმა 23 648 ლარი და საურავი 9 024 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის ასლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ კომპანიას 7290 ბარათზე ჩამოწერილი აქვს 10 790 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთან, 1 405 ლარის ღირებულების სმფ-ზე გადამხდელმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს --- პოლიციის დეპარტამენტის -- რაიონული სამმართველოს -- პოლიციის განყოფილებიდან ცნობა, რითაც დასტურდება გაქურდვის ფაქტი, რაც შემოწმების ჯგუფის მიერ გათვალისწინებულ იქნა. დარჩენილი 9 385 ლარის ღირებულების სმფ-ს ჩამოწერზე, რომელზეც გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი არ გააჩნია, გავრცელებულ იქნა პირის ბუღალტრული პროგრამით იდენტიფიცირებული ფასნამატი და რეალიზებულ იქნა შესაბამის პერიოდებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო რეალიზაციის საბაზრო ღირებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის საქმიანობის საგანია სამშენებლო მასალებით და შერეული პროდუქციით ვაჭრობა იჯარით აღებულ ფართში ერთი სავაჭრო ობიექტის მეშვეობით --- რაიონში, სოფელ -- უბანში. კომპანიას აქვს როგორც ადგილობრივი შეძენები, ასევე იმპორტი ---დან. საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 31.05.2024წ. გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამა „FINA“-ში. 2025 წლის 19 მაისის №9973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა, შედეგად დადგინდა სმფ-ს ნაშთი საბაზრო ღირებულებით 1 710 675 ლარი, თვითღირებულებით 911 776 ლარი, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვით კომპანიას უფიქსირდება 1 072 575 ლარის ღირებულების სმფ-ების ნაშთი. გამოვლენილი სხვაობა 160 799 ლარის თვითღირებულებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა ბუღალტრული პროგრამის საშუალო შეწონილი 59%-იანი ფასნამატით რეალიზაციად და გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდებში დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163- ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, დაკორექტირებას დაექვემდებარა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი 377 114 ლარით და ნაცვლად 467 260 ლარისა შეადგინა 90 146 ლარი 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის ასლის მონაცემებით, კომპანიას 7290 ბარათზე ჩამოწერილი აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. შემოწმების მიერ 9 385 ლარის ღირებულების სმფ-ს ჩამოწერზე, რომელზეც გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი არ გააჩნია, გავრცელებულ იქნა პირის ბუღალტრული პროგრამით იდენტიფიცირებული ფასნამატი და რეალიზებულ იქნა შესაბამის პერიოდებში. ხოლო, რეალიზაციის საბაზრო ღირებულება ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა, შედეგად დადგინდა სმფ-ს ნაშთი საბაზრო ღირებულებით 1 710 675 ლარი, თვითღირებულებით 911 776 ლარი, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვით კომპანიას უფიქსირდება 1 072 575 ლარის ღირებულების სმფ-ების ნაშთი. გამოვლენილი სხვაობა 160 799 ლარის თვითღირებულებით, ჩაითვალა ბუღალტრული პროგრამის საშუალო შეწონილი 59%-იანი ფასნამატით რეალიზაციად და გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდებში დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, დაკორექტირებას დაექვემდებარა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის მოხსნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული სანქცია შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება:

1. ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2 სმფ-ების ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას.ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8281 და №8332 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 31 მაისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26835 ბრძანება და №039-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 83 605 ლარი, მათ შორის გადასახადი 50 933 ლარი, ჯარიმა 23 648 ლარი და საურავი 9 024 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის ასლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე კომპანიას 7290 ბარათზე ჩამოწერილი აქვს 10 790 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთან, 1 405 ლარის ღირებულების სმფ-ზე გადამხდელმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილებიდან ცნობა, რითაც დასტურდება გაქურდვის ფაქტი, რაც შემოწმების ჯგუფის მიერ გათვალისწინებულ იქნა. დარჩენილი 9 385 ლარის ღირებულების სმფ-ს ჩამოწერზე, რომელზეც გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი არ გააჩნია, გავრცელებულ იქნა პირის ბუღალტრული პროგრამით იდენტიფიცირებული ფასნამატი და რეალიზებულ იქნა შესაბამის პერიოდებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო რეალიზაციის საბაზრო ღირებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, №9973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა, შედეგად დადგინდა სმფ-ს ნაშთი საბაზრო ღირებულებით 1 710 675 ლარი, თვითღირებულებით 911 776 ლარი, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვით კომპანიას უფიქსირდება 1 072 575 ლარის ღირებულების სმფ-ების ნაშთი. გამოვლენილი სხვაობა 160 799 ლარის თვითღირებულებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა ბუღალტრული პროგრამის საშუალო შეწონილი 59%-იანი ფასნამატით რეალიზაციად და გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდებში დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163- ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, დაკორექტირებას დაექვემდებარა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი 377 114 ლარით და ნაცვლად 467 260 ლარისა შეადგინა 90 146 ლარი 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ და მეორე საკითხთებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“.2„ა“ და „ბ“); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 269(7);