ბრძანება N 5291
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5291
20.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2022 წლის 7 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 7 სექტემბრის №162850/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ივლისის №001-142 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თანხების გაანგარიშებას, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მიუთითებს, რომ ზოგიერთი კომპანიის მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება სრულად არ არის გადახდილი. კერძოდ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) დებიტორული დავალიანება დარჩენილი აქვს 358 906,3 ლარი. ასევე, ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------) დებიტორული დავალიანება შეადგენს 73 311,5 ლარს. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხები მიჩნეულია მიღებულად, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არ არსებობს. შესაბამისად, იგი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ივნისის №17501, ამავე წლის 24 ივნისის №20513 და 2022 წლის 5 ივლისის №21900 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 1 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 ივლისის №19830 ბრძანება და ამავე თარიღის №001-142 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 187 300 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 520 ლარი, ჯარიმა 54 240 ლარი, საურავი 24 540 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის დებიტორული მოთხოვნის და კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის განცხადებით შესაძლოა არ ყოფილიყო რეალური. ამავე დროს, პირმა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დააფიქსირა 0.91 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოხდა მესამე პირებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, შპს „----------“ გადახდილ და მიღებულ თანხებზე. მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, შესწავლილ იქნა საწარმოში ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა კომპანიის მიერ წარდგენილ დებიტორულ მოთხოვნასა და შემოწმებით გამოვლენილ დებიტორულ მოთხოვნას შორის (მესამე პირებისგან დასტურდება დავალიანების დაფარვის ფაქტი). ასევე, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ფიქსირდება წინა პერიოდის დებიტორული მოთხოვნის შემცირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ამავე კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩათვლილ იქნა საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია მესამე პირებისგან და დავალიანებების დაფარვის ფაქტი დასტურდება სწორედ მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციით. აგრეთვე, საკითხის ზეპირ მოსმენაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ მითითებული საწარმოებიდანაც გამოთხოვილი იყო ინფორმაცია, მათგან ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა თანხის გადახდა, ხოლო მეორე საწარმოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მითითებული დავალიანებების შესაბამისი წესით მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ან მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თანხების გაანგარიშებას, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია მესამე პირებისგან და დავალიანებების დაფარვის ფაქტი დასტურდება სწორედ მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციით. აგრეთვე, საკითხის ზეპირ მოსმენაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ მითითებული საწარმოებიდანაც გამოთხოვილი იყო ინფორმაცია, მათგან ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა თანხის გადახდა, ხოლო მეორე საწარმოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მითითებული დავალიანებების შესაბამისი წესით მოთხოვნასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ან მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.