ბრძანება N 5342
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5342
11 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ს“ (ს/ნ -----------)
(მის.: -------------------------)
2026 წლის 16 იანვრის და 12 თებერვლის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----------) 2026 წლის 16 იანვრის №----/1/2026 და 12 თებერვლის №-----/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №046-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირდა 6%-იანი ფასნამატი, ხოლო შემოწმებით დადგინდა 13%-იანი ფასნამატი, რაც არასწორია. მიუთითებს, რომ კომპანიის ფასნამატი წლების მიხედვით მერყეობს 10%-დან 11%-მდე, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის წილი 85%-ია. განმარტავს, რომ შემოწმებას უნდა განესაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატი, კერძოდ, შემოწმებას უნდა განეხორციელებინა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ღირებულების შედარება დოკუმენტური შეძენის ღირებულებასთან და ფასნამატი განესაზღვრა საქონლის ჯგუფების შესაბამისად.
ამასთან, აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს ისეთი საქონლის მიწოდებას, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დაჭრა და შემდეგ დაფასოება, შესაბამისად, წარმოიქმნება საქონლის დანაკარგი. საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქონლის დანაკარგის ოდენობის შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, გადამხდელი განმარტავს, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დისტრიბუციის გზით, ასევე ადგილზე, შესაბამისად, დისტრიბუციით მიწოდებული საქონლის ღირებულება და ფასნამატი ადგილზე რეალიზებულთან შედარებით ბევრად მაღალია, რადგან მიწოდებისას იზრდება ხარჯები. ითხოვს არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდეს სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების გარეშე გაანგარიშებული ფასნამატი.
ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული შემოსავლების სალდირებული სხვაობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მარტის №3800 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 დეკემბრის №27809 ბრძანება და ამავე თარიღის №046-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 203 792 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 332 ლარი, ჯარიმა 46 062 ლარი, საურავი 38 398 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა გაყინული პროდუქტებით (ქათამი, ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, თევზი, ნაყინი, ნახევარფაბრიკატები), რომლის შეძენას ახორციელებს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე, საქონელი იმპორტირებულია ----დან. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ბუღალტრული პროგრამა და სხვა რიგი გაანგარიშებები. გადასახადის გადამხდელი მარაგების აღრიცხვისთვის იყენებს სასაწყობო პროგრამას, რომლის განახლება ხდება პერიოდულად, ხოლო წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად იშლება და ფიზიკურად შეუძლებელია აღდგენა, პროგრამა არ არის ლიცენზირებული. შესაბამისად, შემოწმების მხრიდან ზემოაღნიშნულ პროგრამაში მითითებული ნაშთების გათვალისწინება არამართლზომიერია. რაც შეეხება ბუღალტრულ აღრიცხვას, გადამხდელი იყენებს საბუღალტრო პროგრამა ორისს, სადაც საქონლის ჩამოწერას ახორციელებს პერიოდის ბოლოს ჯამურად, შესაბამისად, ვერ ხერხდება ფასნამატის განსაზღვრა საქონლის ჭრილში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი აღრიცხვა არ არის მორგებული ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ აწვდის შემოწმებას მნიშვნელოვან ინფორმაციებს მართლზომიერად. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანია გაფრთხილებულია საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე, დაჯარიმებულია დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაზე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში მოწოდებული ნაშთებითა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის თვითღირებულების გამოყენებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, დადგინა შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად, რომელმაც შეადგინა 13%, ხოლო რპთ-ის სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სალდირებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101- ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი მარაგების აღრიცხვისთვის იყენებს სასაწყობო პროგრამას, რომლის განახლება ხდება პერიოდულად, ხოლო წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად იშლება და ფიზიკურად შეუძლებელია აღდგენა, პროგრამა არ არის ლიცენზირებული. შესაბამისად, შემოწმების მხრიდან ზემოაღნიშნულ პროგრამაში მითითებული ნაშთების გათვალისწინება არამართლზომიერია. რაც შეეხება ბუღალტრულ აღრიცხვას, გადამხდელი იყენებს საბუღალტრო პროგრამა ორისს, სადაც საქონლის ჩამოწერას ახორციელებს პერიოდის ბოლოს ჯამურად, შესაბამისად, ვერ ხერხდება ფასნამატის განსაზღვრა საქონლის ჭრილში. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებისთვის მიწოდებული ნაშთებითა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის თვითღირებულების გამოყენებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, დადგინა შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად, რომელმაც შეადგინა 13%, ხოლო რპთ-ის სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სალდირებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებას შეეძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოეყენებია არაპირდაპირი მეთოდი.
საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტზე, და განმარტავს, რომ ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“; ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“; გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“; დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის თანახმად, უპირატესი ძალა ენიჭება დოკუმენტურ ფასნამატს, ხოლო შემოწმების მიერ გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, დადგინდა შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და რპთის სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. შედეგად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქონლის დანაკარგის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით აცხადებს, რომ კომპანია ახორციელებს ისეთი საქონლის მიწოდებას, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დაჭრა, შემდგომ დაფასოება და მყიდველებისთვის მიწოდება. ამგვარ პროდუქტებს წარმოადგენს გაყინული ღორის ხორცი, გაყინული თევზი და გაყინული საქონლის ხორცი. მიუთითებს, რომ გაყინული საქონლის დაჭრისას წარმოიქმნება საქონლის დანაკარგი, რაც შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული. აღნიშნულის დასადასტურებლად გადამხდელი საჩივრებზე წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ღორის ხორცისა და თევზის (ორაგული) დაჭრის შედეგად მიღებული საქონლის დანაკარგის ოდენობის შესახებ. აღნიშნული დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ ექსპერტიზის ფარგლებში 98კგ გაყინული ღორის ხორცის დაჭრის შედეგად მიღებულ იქნა 95კგ დაჭრილი გაყინული ღორის ხორცი, ხოლო 108კგ გაყინული თევზის (ორაგული) დაჭრის შედეგად მიიღება 104კგ დაჭრილი გაყინული თევზი. აცხადებს, რომ ანალოგიური მდგომარეობა იკვეთება გაყინულ საქონლის ხორცთან მიმართებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ორი პროდუქტის შეძენის რაოდენობა უნდა შემცირდეს დადგენილი დანაკარგის მოცულობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქონლის დანაკარგების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
არადოკუმენტურ რეალიზაციაზე ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, კერძოდ, გადამხდელი განმარტავს, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დისტრიბუციის გზით, ისე ადგილზე. დისტრიბუციით რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება შესაძლებელია ქვეზედნადებების მიხედვით, შესაბამისად, როდესაც კომპანია აწვდის მყიდველებს საქონელს (მაგალითად, --ი, --ი და ა.შ) მისი ღირებულება და ფასნამატი ადგილზე გაყიდულთან შედარებით ბევრად მაღალია, რადგან მიწოდებისას იზრდება ხარჯები (სატრანსპორტო ხარჯი და დისტრიბუტორის ხელფასები). ითხოვს არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდეს სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების გარეშე გაანგარიშებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს უფიქსირდება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები როგორც ტრანპორტირებით, ისე ტრანსპორტირების გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდეს სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების გარეშე გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქონლის დანაკარგების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გაავრცელოს სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების გარეშე გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს,ასევე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3800 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27809 ბრძანება და №046-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 203 792 ლარი, მათ შორის, გადასახადი 119 332 ლარი, ჯარიმა 46 062 ლარი, საურავი 38 398 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ბუღალტრული პროგრამა და სხვა რიგი გაანგარიშებები. გადასახადის გადამხდელი მარაგების აღრიცხვისთვის იყენებს სასაწყობო პროგრამას, რომლის განახლება ხდება პერიოდულად, ხოლო წინა წლების ინფორმაცია ავტომატურად იშლება და ფიზიკურად შეუძლებელია აღდგენა, პროგრამა არ არის ლიცენზირებული. შესაბამისად, შემოწმების მხრიდან ზემოაღნიშნულ პროგრამაში მითითებული ნაშთების გათვალისწინება არამართლზომიერია. რაც შეეხება ბუღალტრულ აღრიცხვას, გადამხდელი იყენებს საბუღალტრო პროგრამა ორისს, სადაც საქონლის ჩამოწერას ახორციელებს პერიოდის ბოლოს ჯამურად, შესაბამისად, ვერ ხერხდება ფასნამატის განსაზღვრა საქონლის ჭრილში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი აღრიცხვა არ არის მორგებული ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტებს და ვერ აწვდის შემოწმებას მნიშვნელოვან ინფორმაციებს მართლზომიერად. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანია გაფრთხილებულია საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე, დაჯარიმებულია დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაზე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში მოწოდებული ნაშთებითა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის თვითღირებულების გამოყენებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, დადგინა შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად, რომელმაც შეადგინა 13%, ხოლო რპთ-ის სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სალდირებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101- ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. შედეგად გადამხდელის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქონლის დანაკარგის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით,მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქონლის დანაკარგების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
არადოკუმენტურ რეალიზაციაზე ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით,მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდეს სასაქონლო ზედნადებებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების გარეშე გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);