გადაწყვეტილება №20702/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20702/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20702/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20702/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №EL11113/143 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №EL215628 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20311 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 646,22 ლარი.

მათ შორის:

დღგ საბაჟოზე - 516,11

იმპორტის გადასახადი - 307

ჯარიმა - 823,11

 

ფაქტების აღწერა

2023 წლის 29 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი "-------" ინდუსტრიული ზონის გავლით, საქართველოში შემოტანილ იქნა "-------"-დან კომპანიის მიერ (კომპანია „------“-ის სახელზე) გამოგზავნილი, საქონლით (ქათმის გაყინული ბარკალი – 9 250 ყუთი; ბრუტო წონა 145687.5 კგ; ნეტო წონა 138 750 კგ) დატვირთული 5 კონტეინერი. აღნიშნული კონტეინერები განთავსდა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------" ) საბაჟო საწყობში.

2023 წლის 30 ივნისს კომპანია „"-------"-ის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შპს „------ - მა “ (ს/ნ "-------") №"-------" განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ №"-------"კონტეინერიდან საქონლის გადმოტვირთვისას, გაყინული ქათმის ბარკალი აღმოჩნდა 82 ყუთით (ნეტო წონა – 1 230 კგ) ნაკლები.

მომჩივანს, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების გამო, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, 2023 წლის 6 ივლისის №EL215628 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 823,11 ლარის ოდენობით. ამავე დღეს გამოიცა №EL11113/143 საგადასახადო მოთხოვნა და შპს „----- - ის“ დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 823.11 ლარის (დღგ 516.11 ლარი; იმპორტის გადასახადი 307 ლარი) ოდენობით.

მომჩივანმა სადავო აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20311 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოში შემოტანილ იქნა "-----"-დან კომპანიის მიერ (კომპანია „-----“-ის სახელზე) გამოგზავნილი, საქონლით (ქათმის გაყინული ბარკალი – 9 250 ყუთი; ბრუტო წონა 145687.5 კგ; ნეტო წონა 138 750 კგ) დატვირთული 5 კონტეინერი. აღნიშნული კონტეინერები განთავსდა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------" ) საბაჟო საწყობში.

ასევე დადგენილია და არც მომჩივანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ №"-------"კონტეინერიდან საქონლის გადმოტვირთვისას, გაყინული ქათმის ბარკალი აღმოჩნდა 82 ყუთით (ნეტო წონა – 1 230 კგ) ნაკლები.

შესაბამისად დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევა, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი მოქმედებები მომჩივნის მხრიდან არ განხორციელებულა.

სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი წინამდებარე საბაჟო პროცედურებში წარმოადგენს შუამავალ ორგანიზაციას, რომლის ვალდებულება შემოიფარგლება დამკვეთის მიერ გამოგზავნილი ტვირთის ფაქტობრივი ოდენობის მიღებით და სათანადო საბაჟო პროცედურებში მონაწილეობით. ხოლო ტვირთის გამოგზავნაზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება.

გამოგზავნილი ტვირთის კონტეინერიდან საბაჟო საწყობში განთავსება მოხდა სამაცივრე საწყობში. დანაკლისზე შედგა შესაბამისი აქტი და მიეწოდა საბაჟო დეპარტამენტს ელექტრონულად ერთიან ქსელში ასახვის გზით.

მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია, რის საფუძველზე მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანო, რომ მომჩივნის მიერ მოხდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

გემზევე საბაჟოს წარმომადგენლის მიერ მოწმდება ლუქი და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქონელი ექცევა სხვა საბაჟო კონტროლის ქვეშ. მსგავს შემთხვევას აქ ადგილი არ ჰქონია. კონოსამენტით, წინასწარი შეტყობინებით და კონტეინერის ელექტრონული აღრიცხვის ფორმებით დასტურდება კონტეინერებზე არსებული ლუქის იდენტურობა. ასევე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოხდა გამოცხადება პროცედურების სრული დაცვით. საქონლის დატვირთვა–გადატვირთვის ოპერაციები მიმდინარეობს ვიდეო თვალთვალის რეჟიმში და ასახულია კამერებზე, რომლის შემოწმების შესაძლებლობა და მათზე წვდომა ნამდვილად აქვს საბაჟოს წარმომადგენლებს.

მოცემულ შემთხვევაში სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო დაედგინა ადგილი ჰქონდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა ფაქტებისათვის. კანონის ამ ნორმის დათქმიდან გამომდინარე, მომჩივანი ვერ იქნებოდა სამართალდამრღვევი, ვინაიდან მისი მხრიდან არ და ვერ განხორციელდებოდა სამართალდარღვევა, ვინაიდან იგი არ იყო ტვირთის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი. არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ტვირთის კონტეინერებში ჩატვირთვისას არასწორად მოხდა დოკუმენტაციის შედგენა ან იმ ეტაპზე დაიკარგა მითითებული ოდენობის ტვირთი და არა მათი საქართველოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ გადასვლის შემდეგ. შესაბამისად, არ იკვეთება საბაჟო კანონმდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე სამართალდარღვევა, ვინაიდან არ მომხდარა საბაჟო ზედამხედველობაში გადასული ტვირთის განკარგვა, დაზიანება ან განადგურება.

შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მტკიცება ტვირთის უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების საფუძვლით მომჩივნის მიმართ რაიმე ტიპის სანქციის გამოყენებაზე, ვინაიდან იგი პასუხისმგებელია მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული ტვირთის ოდენობაზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სანქცია განესაზღვრა იურიდიულ პირს, რომლის მხრიდან არ და ვერ განხორციელდებოდა სამართალდარღვევა, ვინაიდან იგი არ იყო ტვირთის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი, არც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არ იყო კონოსამენტში მითითებული ოდენობის ტვირთი მოქცეული, რადგან საბაჟო საწყობში განთავსებამდე დადგინდა დანაკლისი.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა, უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან,გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი "------" ინდუსტრიული ზონის გავლით "-------"-დან საქართველოში შემოტანილ ქათმის ბარკლებით დატვირთული კონტეინერებიდან საქონლის გადმოტვირთვისას, გაყინული ქათმის ბარკალი აღმოჩნდა ნაკლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა, განადგურება, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს, რომ გაურკვეველია, თუ რის გამო დაეკისრა ჯარიმა იმ პირობებში, როცა კომპანია არ იყო პასუხისმგებელი ტვირთის გადაზიდვაზე.გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების გამო, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

70,172.