გადაწყვეტილება №22489/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 22489/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22489/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 5.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22489/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №006-501 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33613 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 24 952.78 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 14 341

ჯარიმა - 5 992

საურავი - 4 619.78

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემები, საიდანაც დგინდება, რომ ი/მ "------"-ს , შესამოწმებელ პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი აქვს უძრავი ქონება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ოპერაცია ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს სასესხო გარიგებას, რომელშიც გარანტიის ხასიათს ატარებს ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით რეგისტრირებული გარიგებაში დაფიქსირებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს სასესხო ვალდებულების დაფარვის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და გახდეს ქონების უპირობო მესაკუთრე. აღნიშნული საქმიანობის შესახებ გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, გაანგარიშებულ იქნა პირის მიღებული/მისაღები შემოსავალი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25049 ბრძანება და ამავე თარიღის №006-501 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 28 დეკემბრის №33613 ბრძანებით, საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, მათ შორის, შესაბამისი ორგანოს ჩართულობით, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირება) განხორციელება; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33613 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე,შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის და საურავისგან გათავისუფლებას კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის პრინციპის გამოყენებით. უთითებს, რომ არასდროს ყოფილა მეწარმე, მის მიე ჩადენილი სამართალდარღვევა არის კანონის არცოდნის შედეგი და არა განზრახ ჩადენილი. ერთხელაც არ გაუფრთხილებია, არც საგადასახადო ორგანოს და არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას საგადასახადო ვალდებულების შესახებ. არის პირველი შემთხვევა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

ჯარიმა და საურავი არის დიდ თანხა რის გადახდასაც ვერ შეძლებს და ითხოვს მისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის და საურავისგან გათავისუფლებას კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის პრინციპის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან შეძენილი აქვს უძრავი ქონება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ოპერაცია ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს სასესხო გარიგებას, რომელშიც გარანტიის ხასიათს ატარებს ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით რეგისტრირებული გარიგებაში დაფიქსირებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს სასესხო ვალდებულების დაფარვის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და გახდეს ქონების უპირობო მესაკუთრე. აღნიშნული საქმიანობის შესახებ გადამხდელს, საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, გაანგარიშებულ იქნა პირის მიღებული/მისაღები შემოსავალი. შედეგად,პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7).