ბრძანება N 13359

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.06.2023
№ დოკუმენტი 13359
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13359

14.06.2023

ფ/პ ------------- (პ/ნ -------------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 10 აპრილის და 18 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის (ოქმი №55) სხდომაზე განიხილა

ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) №62524/21-11 და №84953/21-11 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი ითხოვს უძრავ ქონებაზე (ს/კ -------------) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 სექტემბრის №002-19085 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მიმდინარე წლის მარტში შპს „----------“-საგან (ს/ნ ----------) შეიძინა მშენებარე ბინა მის: ქ. ---------- , (ს/კ ----------). თანხა გადაიხადა ხელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვისას, 2023 წლის 27 მარტს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ახლად შეძენილ ბინაზე გავრცელებული იყო შემოსავლების სამსახურის სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. აღნიშნული იძულებითი ღონისძიება 2022 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) მთელ ქონებაზე და 2023 წლის 27 მარტის შემდეგ გავრცელდა მის ქონებაზე. რადგან მას არ აქვს არანაირი შეუსრულებელი ვალდებულება შემოსავლების სამსახურის წინაშე, ითხოვს მის კუთვნილ ბინაზე (ს/კ ------------) სადავო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------------“-ს (ს/ნ ------------) 2022 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „------------“-ს (ს/ნ---------) მთელ ქონებაზე 2022 წლის 17 სექტემბრის №002-19085 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2023 წლის 22 მარტს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ --------------) მესაკუთრეა შპს „------------“ (ს/ნ ----------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის 22 მარტი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შეთანხმება, (დამოწმების თარიღი 2023 წლის 20 მარტი).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2023 წლის 27 მარტს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ -------------) მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ ----------- (პ/ნ -----------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის 27 მარტი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2023 წლის 14 მარტი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 19 მაისის მდგომარეობით შპს „----------“-ს (ს/ნ ---------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შპს „------------“-ის (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 2022 წლის 17 სექტემბრის №002-19085 შეტყობინების საფუძველზე, ხოლო შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე (ს/კ ----------) ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2023 წლის 27 მარტს. ამასთან, 2023 წლის 19 მაისის მდგომარეობით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანების გამო ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ქონებაზე (ს/კ ----------) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, მის კუთვნილ ბინაზე სადავო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს-ს 2022 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.აღნიშნულის გათვალისწინებით მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შპს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მომჩივანის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2023 წლის 27 მარტს. ამასთან, 2023 წლის 19 მაისის მდგომარეობით შპს -ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

238;239(1,5);