გადაწყვეტილება №24836/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24836/2/2025
17 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 27.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24836/2/2025).
დავის საგანი:
1. კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სპეც. ტექნიკით გადაზიდვის მომსახურებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. კომპანიის მიერ სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. ხელფასის სახით საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №021-94 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №2078 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 116 803.11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 415
დღგ - 33 111
საშემოსავლო გადასახადი - 28 304
ჯარიმა - 30 347
საურავი - 25 041.11
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. "-------"-ში , "-------"-ის ქუჩა №19-ში და სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 23.12.2024 წლის №26928 ბრძანება და 24.12.2024 წლის №021-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №2078 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და სპეც. ტექნიკით გადაზიდვის მომსახურებაზე საბაზრო ფასის გავრცელება და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიის ბალანსზე არსებული სპეციალური ტექნიკით და ავტომობილებით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილები (სატვირთოების სახელმწიფო ნომრებით), რის საფუძველზეც გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები, კერძოდ, სატვირთო მანქანა კმ - 10 ლარი (მინიმუმ 120 ლარი), სამარშუტო ტაქსი კმ - 1,5 ლარი (მინიმუმ 50 ლარი), რომელიც შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საბაზრო ფასებთან. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც გამოწერილი იყო შპს „N1-ზე“, გათვალისწინებულ იქნა გადაზიდვის მომსახურებაზე გაანგარიშებაში. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ ამასთან, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით:
- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზე არსებული სპეც. ტექნიკით და ავტომობილებით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. შემოწმებით გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები და გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები.
- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე (90% - ქ. "-------"-ში, "-------" -ის №3, ხანდაზმულ პერიოდში დასრულებული პროექტის მისამართი). შემოწმებით, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. გადასახადის გადამხდელი სადავო საკითხებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
1) გაურკვეველია, როგორ მოხდა ტრანსპორტირების ფასის განსაზღვრა შემოწმების მიერ. ამასთან, ერთი ტრანსპორტირებით გადაზიდული ტვირთი შეძენილია ორი სასაქონლო ზედნადებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს ორივე ზედნადებზე ცალ-ცალკე აქვს გაანგარიშებული ტრანსპორტირების ღირებულება. მიუთითებს, რომ კომპანიას შპს „N1-თან“ დადებული ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თვის ბოლოს ხდებოდა გაანგარიშება განხორციელებული გადაზიდვების შესახებ და ამის შემდეგ იწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის ნამდვილობასაც ადასტურებს ორივე მხარე. გაურკვეველია, რატომ მოხდა გაწერილი და დოკუმენტურად დადასტურებული ფასების ცვლილება.
2) ყველა მიღებული საქონელი აღრიცხვის პროგრამაში საბუღალტრო ჩანაწერებით ასახულია კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ანგარიშებზე და შესაბამისი გახარჯვის დოკუმენტებით (ფორმა 2-ები) ჩამოწერილია კუთვნილი მიმართულებების შესაბამისად. ამასთან, ზედნადებებში შეცდომით არის ჩარჩენილი ძველი მისამართი, რაც გამოწვეულია პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს ტექნიკური პრობლემებით. ასევე, მიწოდებად ჩათვლილია ისეთი ზედნადებები განსხვავებული მისამართის გამო, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო ტექნიკის რემონტთან.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 თებერვლის №2078 ბრძანებაში მითითებულ ჩანაწერი - „შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი“, განმარტავს, რომ დოკუმენტები სრულყოფილად აქვს მიწოდებული შემოწმების პროცესში, რასაც დანართის სახით კიდევ ერთხელ წარმოადგენს.
არ ეთანხმება ტრანსპორტირების ფასის განსაზღვრას, კერძოდ მინიმალური ფასის განსაზღვრა როგორ მოახდინა აუდიტორმა გაურკვეველია, ანუ როგორ იქნა გამოთვლილი გასავლელი კმ-ების რაოდენობა და მინიმალური 120 ლარი. თუ კომპანია მოემსახურებოდა დამკვეთს და ტვირთს გადაიტანდა 4 კმ-ის მანძილზე აქაც 120 ლარს შეადგენს ტრანსპორტირების ღირებულება და თუ გადაიტანდა 12 კმ-ის მანძილზე აქაც მინიმალური თანა 120 ლარს შეადგენს? აგრეთვე სამარშრუტო ტაქსის გადაზიდვის ღირებულება კმ-ზე 4 ლარი როგორ არის მიღებული და აქაც მინიმალური 50 ლარის რას ეფუძნება. გაანგარიშებაში მოცემულია ასეთი შემთხვევა: ერთ დღეს (01.02.2021 წელი) შპს „-------“-ს მიწოდებული აქვს შპს „N1-სთვის“ სასაქონლო ზედნადებებით N "-------"და N "-------"საქონელი - ტრანსპორტირების დაწყება თბილისი ერისთავის #1 და ტრანსპორტირების დასრულება "-------", "-------"-ის 19, ზედნადებებში მითითებულია მანქანის ნომერი "-------". ანუ ერთი ტრანსპორტირებით გადმოზიდული ტვირთი შეძენილია ორი სასაქონლო ზედნადებით და შემმოწმებელს გარდა იმისა, რომ ტრანსპორტირების ღირებულებად მიჩნეული აქვს 888 ლარი??? რომელიც მართლაც რომ აბსურდულია და არანაირად არ შეესაბამება რეალურ ფასს, დაშვებული აქვს აგრეთვე მეორე შეცდომაც და მეორე ზედნადებში მითითებული ტვირთის ტრანსპორტირებაც ცალკე გადაზიდვის მომსახურებად აქვს მიჩნეული და ჯამში "-------"-დან "-------"-ში ტრანსპორტირების ღირებულებად მითითებული აქვს 1776 ლარი??? ასეთივე შემთხვევას აქვს ადგილი 24.04.2021 წელს გაანგარიშებულ მონაცემებშიდაც.
როგორც აუდიტორი განმარტავს მოახდინა სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემების ანალიზი, რის საფუძველზეც გამოავლინა კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირის სასარგებლოდ გამოყენების ფაქტები. აუდიტორის მიერ აუდიტის პროცესში მოწოდებულ ცხრილებიდან, სადაც მის მიერ ტრანსპორტირებისას გამოყენებულია საბაზრო ფასი, ირკვევა, რომ ამ ფაქტების 90%-ზე მეტი, მოდის შპს „N1-ის“ გადაზიდვებზე. კომპანიას შპს N1-თან დადებული ქონდა სიტყვიერი შეთანხმება (ზეპირი ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც საანგარიშო თვის ბოლოს ხდებოდა გაანგარიშება განხორციელებული გადაზიდვების შესახებ და ამის შემდეგ ყოველი საანგარიშგებო პერიოდის მიხედვით იწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის ნამდვილობას ადასტურებს ორივე მხარე და თანხის გადახდა-ჩარიცხვაც გაწერილი დოკუმენტების შესაბამისად ხდებოდა. ამის შესახებ აუდიტის პროცესშივე განმარტება მივაწოდეთ აუდიტორს. გაურკვეველია რატომ მოხდა გაწერილი და დოკუმენტურად დადასტურებული ოპერაციებზე აუდიტორის მხრიდან ფასების ცვლილება და ნაცვლად ამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხისა, ახალი თანხა რის საფუძველზე გაანგარიშდა? თუმცა დასაშვებადაც, რომ ჩავთვალოთ აუდიტორის მიერ ზემოდ აღწერილი საბაზრო ფასის გამოყენების პრინციპი, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის (ესტონური მოდელი) მიხედვით დაბეგვრას დაქვემდებარებული ორ საწარმოს შორის გარიგებისას საბაზრო ფასის გამოყენება აზრს კარგავს. ამასვე გვეუბნება საგადასახადო კოდექსის მუხლი 983 მუხლი. ანალოგიური მიდგომაა დღგ-ის ნაწილშიც. აღნიშნულ შემთხვევაშიც კი, განსახილველი ოპერაცია უსასყიდლოც რომ ყოფილიყო, როგორც მოგების ასევე დამატებული ღირებულების ნაწილში ბიუჯეტი არაფერს არ კარგავდა - შესაბამისად არ არსებობს საფუძველი ოპერაციის დაბეგვრისათვის საბაზრო ფასის პრინციპის გამოყენების.
ამ ნაწილში მთლიანად უნდა შემცირდეს შპს N1-თან და შპს "------"-თან გამოყენებული დასაბეგრი ოპერაციის ფასი უნდა დარჩეს დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები. რაც შეეხება სხვა პირებისათვის ტრანსპორტირების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ეს უნდა გაანგარიშდეს რეალური ღირებულებით მის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
აღნიშნული გამოიწვევს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვის შემცირებას.
2. კომპანიის მიერ სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და დღგით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია სამშენებლო მომსახურებას უწევს შპს „--------“ "-------"-ის მუნიციპალიტეტ სოფელ "-------"-ში და შპს „------ -ს“ "-------"-ს მუნიციპალიტეტ სოფელ "-------"-ში . შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე (90% - ქ. "-------"-ში, "-------"-ის№3, ხანდაზმულ პერიოდში დასრულებული პროექტის მისამართი). შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ამასთან, აღნიშნული დამატებით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ყველა ეს მიღებული საქონელი აღრიცხვის პროგრამაში საბუღალტრო ჩანაწერებით ასახულია კომპანიის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ანგარიშებზე და შესაბამისი გახარჯვის დოკუმენტებით (ფორმა 2) ჩამოწერილია კუთვნილი მიმართულებების შესაბამისად (ქალაქ "-------"-"-------"-ის ქუჩა 19-ში მიმდინარე მშენებლობა). რაც შეეხება ზედნადებებში შეცდომით მითითებულ მისამართებს (90% ქ. "-------", "-------"-ის ქ. 3, დასრულებული პროექტის მისამართი ხანდაზმულ პერიოდში) "-------"-ის ქ. 3-ში კომპანია ადრე ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც სრულად დასრულდა 2019-2020 წლებში და შესაბამისად მომწოდებლებთან (ძირითადად შპს „---------“) სისტემაში ჩარჩენილია ძველი მისამართი. კომპანიები საიდანაც საწარმო ხშირად ღებულობს სამშენებლო საქონელს პროგრამულად ისევ ძველ მისამართზე ჰქონდათ ტრანსპორტირების დასრულება დამახსოვრებული. ეს პერიოდი იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც ხშირად სატრანსპორტო მიზნებისათვის დაიშვებოდა მხოლოდ მძღოლი, ხოლო შეკვეთის განთავსება-მონაცემების მიწოდება ხდებოდა ტელეფონით კომუნიკაციის საშუალებით და არც ზედნადებს ატანდნენ ტრანსპორტირებისას მყიდველს წარმომადგენელს. ამავე პერიოდში (გარკვეული პერიოდის მანძილზე) დაშვებული იყო მხოლოდ გამყიდველის მიერ დისტრიბუციის წესით შეკვეთილი საქონლის მიტანა მყიდველისათვის, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი თავის სისტემაში დაფიქსირებულ მისამართს ავტომატურად უთითებდა ზედნადებში. ყველა ეს საქონელი რომელზედაც დასრულების მისამართი არასწორად იყო მითითებული საბუღალტრო ჩანაწერებში სწორად არის მიკუთვნებული მიმდინარე მშენებლობისათვის.
ასევე, მიწოდებად ჩათვლილია ისეთი ზედნადებები განსხვავებული მისამართის გამო, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო ტექნიკის რემონტთან. (ასეთ შემთხვევაში მომწოდებლის ტერიტორიაზე ხდება სარემონტო მასალებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შერემონტება და ხშირ შემთხვევაში ასეთ ზედნადებთან ერთად საწარმო იხდის მომსახურების ღირებულებასაც!) ასევე შემმოწმებელს რეალიზაციად მიჩნეული აქვს მანქანის სათადარიგო ნაწილების ტრანსპორტირების დასრულების მისამართებიდან გამომდინარე, რომლის რეალური მდგომარეობაც შემდეგია: კომპანია ყიდულობდა სათადარიგო ნაწილებს და მათ გადაადგილებას ახდენდა შესაბამისი სახელოსნოს მიმართულებით: მაგ: შეძენილი საბურავების მიტანა ხდებოდა „ვულკანიზაციის“ მისამართზე და იქ ძველი საბურავების ჩანაცვლება ხდებოდა ახლით, ასევეა სხვა ნაწილებზედაც.
ამის შესახებ რამოდენიმეჯერ განუმარტა აუდიტორსაც, როგორც საკომუნიკაციო მეილით, ასევე სატელეფონო კომუნიკაციისას. ამ ნაწილში რეალიზაციად მიჩნეული ყველა შეძენილი საქონელი მის მიერ საბუღალტრო ჩანაწერებში სწორად არის მიკუთვნებული შესაბამისი მიმართულებების მიხედვით და აქტის გაანგარიშებაში ამ ნაწილით განხორციელებული დარიცხვა უნდა შემცირდეს, ეს გამოიწვევს შემცირებას დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
3. ხელფასის სახით საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი "-------"-ზე (დირექტორი) და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი ფ/პ "--------"-ზე (დირექტორი) და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გადარიცხვის დანიშნულებაში ხელფასი მითითებულია არასწორად, სინამდვილეში თანხა გაცემულია სალაროში შესატანად, მონაწილეობას იღებს სალაროს თანხის მოძრაობაში და გახარჯულია სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეს თანხა რომლის გადარიცხვის დანიშნულებაშიც შეცდომით არის მითითებული ხელფასი, სინამდვილეში გაცემულია სალაროში შესატანად და სალაროში თანხის მოძრაობაში ღებულობს მონაწილეობას, კერძოდ ეს თანხა (1000 ლარი) შეტანილია სალაროში შემოსავლის სახით და შემდეგ ის გახარჯულია სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის.
ამ ნაწილში ხელფასად მიჩნეული 1000 ლარი, ბუღალტრის მიერ საბუღალტრო ჩანაწერებში სწორად არის მიკუთვნებული შესაბამისი მიმართულებების მიხედვით და აქტის გაანგარიშებაში ამ ნაწილით განხორციელებული დარიცხვა უნდა შემცირდეს, ეს გამოიწვევს შემცირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, შემოწმების შედეგებს და მოითხოვს გაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.02.2025 წლის №2078 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება ტრანსპორტირების ფასის განსაზღვრას.
2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ დარიცხვა უნდა შემცირდეს.
3.შეცდომით არის მითითებული ხელფასი, სინამდვილეში გაცემულია სალაროში შესატანად და სალაროში თანხის მოძრაობაში ღებულობს მონაწილეობას, კერძოდ ეს თანხა შეტანილია სალაროში შემოსავლის სახით და შემდეგ ის გახარჯულია სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის. ამ ნაწილში ხელფასად მიჩნეული 1000 ლარი, ბუღალტრის მიერ საბუღალტრო ჩანაწერებში სწორად არის მიკუთვნებული შესაბამისი მიმართულებების მიხედვით და აქტის გაანგარიშებაში ამ ნაწილით განხორციელებული დარიცხვა უნდა შემცირდეს, ეს გამოიწვევს შემცირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიის ბალანსზე არსებული სპეციალური ტექნიკით და ავტომობილებით გაწეულია მომსახურება და არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტები. შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ, ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილები,რის საფუძველზეც გაანგარიშდა გადაზიდვის მასშტაბები. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მანძილზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ღირებულებები.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც გამოწერილი იყო შპს-ზე გათვალისწინებულ იქნა გადაზიდვის მომსახურებაზე გაანგარიშებაში. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ ამასთან, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს და ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
2.შესამოწმებელ პერიოდში კომპანია სამშენებლო მომსახურებას უწევს ორ შპს-ს.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო-სარემონტო მასალები მიტანილი აქვს სხვადასხვა მისამართებზე.შემოწმებით, სსკ-ის 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ამასთან, აღნიშნული დამატებით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო გადარიცხვის გზით გაცემული აქვს ხელფასი და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ასევე, ჯარიმა .
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275,302(6).