ბრძანება N 28001

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 28001
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28001

22 დეკემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.:„-------“)

2025 წლის 21 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 დეკემბრისა და 11 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №101 და №103) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 21 ნოემბრის №98974/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის №070-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით საწარმოს უფიქსირდება მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ კომპანიას, ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, შესასრულებელი ჰქონდა ტენდერი, შესაბამისად, 2024 წლის 2 მარტიდან 2024 წლის 8 აპრილამდე განხორციელდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის გადახდა ფიზიკურ პირებზე და მათგან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა. განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა ფიზიკური პირებისგან შეძენის აქტები, თუმცა, არც ერთი დოკუმენტი არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, არ შემცირდა დარიცხული თანხები.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ საწარმოს მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმეები, რომლებიც ასრულებენ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარადგინა მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, არ შემცირდა დარიცხული თანხები.

4. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას, კერძოდ, დირექტორის მიერ პირადი საჭიროებისთვის სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტებზე გახარჯული თანხების და საწარმოს მიერ 5 ფიზიკური პირისათვის, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად გადარიცხული მომსახურების თანხების დაბეგვრის ნაწილში. მომჩივანი აღნიშნულ ნაწილში ითხოვს სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3870 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი.

აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ბუღალტერია ინვენტარიზაციის პერიოდამდე ფულის მოძრაობის ანალიზის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მარტის №3870 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 23 ოქტომბრის №070-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელმა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა შესყიდვის აქტები შემოწმების მიერ სალაროს ნაშთზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით. წარმოდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლით, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული გადასახადი არ დაკორექტირდა (არ შემცირდა).

 გადასახადის გადამხდელმა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები შემოწმების მიერ დამატებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით. წარმოდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლით, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული გადასახადი არ დაკორექტირდა (არ შემცირდა).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე (მათ შორის, დავის განხილვის ეტაპზე) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ, რადგან შემოწმებით ვერ დადგინდა შესყიდვის აქტებში ასახული საქონლის/ძირითადი საშუალების გადამხდელის ობიექტზე რეალურად არსებობის ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქონელზე/ძირითად საშუალებაზე არ ყოფილა გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული ჰყავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ასრულებენ სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს. განმარტავს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან ფორმდება მომსახურების ხელშეკრულებები, სადაც ასახულია შესასრულებელი სამუშაო და ანაზღაურების წესი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს შესრულებულ სამუშაოზე დგება მიღება-ჩაბარების აქტი. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა დამატებით წარადგინა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურების თანხები, ხოლო დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურება არ იქნა გათვალისწინებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, თავდაპირველად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების ნაწილი წარმოადგენდნენ დაქირავებულ პირებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

4.მომჩივანი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ითხოვს სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში გადამხდელი არასწორად განსაზღვრავს დღგ-ით დასაბეგრ პერიოდს, ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიერ არ არის მიბმული დაბეგრილი და განაშთული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

კომპანიას არ გააჩნია ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი. საწარმოს მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით კი სალაროს ნაშთს წარმოადგენს 180 108 ლარი. გადამხდელი ვერ ადასტურებს აღნიშნულ სალაროს ნაშთს.შემოწმებით, აღნიშნული თანხები, სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

საწარმოს სამ პირზე საბანკო ამონაწერში მითითებულია სახელფასო განაცემები, ერთი პირი წარმოადგენს თანამშრომელს, ამასთან, ფიქსირდება, რომ აღნიშნული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისთვის რეგისტრირდებიან გადასახადის გადამხდელებად. კომპანიას არ უფიქსირდება დაქირავებული თანამშრომლები ან გადახდის წყაროსთან დაკავებული შემოსავლები. შესაბამისად, აღნიშნული პირები შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად და სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

საწარმოს შეძენილი მომსახურების ფარგლებში ხუთ ფიზიკურ პირზე ჯამურად გადარიცხული აქვს 10 270 ლარი მომსახურების სანაცვლოდ. წარმოდგენილი დოკუმენტებით აღნიშნული ფიზიკური პირები არ არიან გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულები. შესაბამისად,აღნიშნულ პირებზე გადარიცხული თანხები ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ განაცემად. შედეგად, გადამხდელს, სკკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში განხორციელებულია შესყიდვები, რომლებიც საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვიდან დაკვალიფიცირდა დივიდენდად განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.