ბრძანება N 5353
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5353
11 მარტი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 17 იანვრისა და 11 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2026 წლის 17 იანვრის №100057/1/2026 და 11 თებერვლის №100700/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №083-51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.მომჩივანი ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს, თუმცა არ ეთანხმება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემებიდან გამომდინარე შემოსავლის დადგენას, შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ შემოსავლის გაანგარიშების მეთოდსა და აღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას. კომპანია ადასტურებს, რომ საწარმოს მიერ დაფიქსირებული რეალიზაციიდან შემოსავლები სამშენებლო ბლოკის რეალიზაციის ნაწილში შეესაბამება წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივ-თანხობრივ მონაცემებს, ხოლო რაც შეეხება ინერტული მასალებისა და ცემენტის ნაშთებს, ნაწილი ფაქტობრივად გახარჯულია საკუთარ მშენებლობაზე დანახარჯების სახით, ნაწილი რეალიზებულია, ხოლო ნაწილი არ არის მოწოდებული მომწოდებლების მიერ (სატრანსპორტო საშუალებების არასრული დატვირთვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაანგარიშებული ნედლეულისა და მასალების სხვაობა განხილულ იქნას როგორც დანაკლისი და შესაბამისად დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი თანხის მოცულობა.
2.სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი ითხოვს ისეთი ხარჯების გათვალისწინებას, რომლებიც არ იკვეთება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და საბანკო ამონაწერებში, კერძოდ, გულისხმობს ადრე შეძენილი აქტივებიდან ანაზღაურებულ დავალიანებებს და სარევიზიო პერიოდში შეძენილ ქონებას. მომჩივანმა დაზუსტებულ საჩივარს თან დაურთო წარმოების აქტები, 2022-2024 წლების წარმოებული ბლოკების ნაერთი ცხრილი (ექსელის ფაილი) და 2019 წლის პირველი ნოემბრით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1640 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 დეკემბრის №27794 ბრძანება და ამავე თარიღის №083–51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 449 049 ლარი, მათ შორის გადასახადი 260 119 ლარი, ჯარიმა 127 294 ლარი და საურავი 61 636 ლარი,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------“ საქმიანობაა ბლოკის წარმოება/რეალიზაცია და სასტუმროს ტიპის მომოსახურება. შემოწმების პროცესში, გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლებით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პროცესში შემოსავლის დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემები. შედეგად, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში უნდა ჰქონოდა 588 537 ლარი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით, ზემოხსენებული თანხა (588 537 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმება შემოსავლის დადგენის მიზნით დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემებს და დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებულ შემოსავლებსა და გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია, რომლითაც არ ეთანხმება შემოწმების მიერ ბლოკის წარმოების კალკულაციის მიხედვით დამატებითი შემოსავლის დადგენას და ითხოვს გაანგარიშებული ნედლეულისა და მასალების სხვაობის მიწოდებად განხილვას, დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დოკუმენტურად შეძენილი ჰქონდა 600,45 მ 3 სამშენებლო სილა, საიდანაც რეალიზებული იყო 44მ3. ასევე, გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 1 680 ტონა ცემენტი, თუმცა სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული იყო 10,2 ტონა ცემენტი. ასევე, საქმის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელმა მისივე წარდგენილი ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა ბლოკის წარმოება/რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემების გათვალისწინებით დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1640 ბრძანებას საწარმო გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო ამავე დღეს, თუმცა საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდგომ, მ.შ. არც დავის წარმოების პროცესში გადამხდელს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემებიდან გამომდინარე შემოსავლის დადგენას, შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ შემოსავლის გაანგარიშების მეთოდსა და აღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას.
2.გადამხდელი ითხოვს ისეთი ხარჯების გათვალისწინებას, რომლებიც არ იკვეთება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და საბანკო ამონაწერებში.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს ბლოკის წარმოება/რეალიზაცია და სასტუმროს ტიპის მომოსახურება. შემოწმების პროცესში, გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.შემოწმების პროცესში შემოსავლის დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბლოკის წარმოების კალკულაციის მონაცემები. შედეგად, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, სსკ-ის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
2.შემოწმების მიერ დადგენილი რეალიზებული პროდუქციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით,ეს თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,163,164.