გადაწყვეტილება №19780/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19780/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19780/2/2023

04 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (პ/ნ "------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19780/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №EL174634 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 2. საბაჟო დეპარტამენტის 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 3. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის 1)№ELC19829, 2) №ELC19830, 3) №ELC19831, 4) №ELC19832, 5) №ELC19833, 6) №ELC19834, 7) №ELC19835, 8) №ELC19836, 9) №ELC19837, 10) №ELC19838, 11) №ELC19839, 12) №ELC19840, 13) №ELC19841, 14) №ELC19842, 15) №ELC19843, 16) №ELC19844, 17) №ELC19845 18) №ELC19846, 19) №ELC19847, 20) №ELC19848, 21) №ELC19849, 22) №ELC19850, 23) ELC19851, 24) №ELC19852, 25) №ELC19853, 26) №ELC19854, 27) №ELC19855, 28) ELC19856, 29) №ELC19857, 30) №ELC19858, 31) №ELC19859, 32) №ELC19860, 33) №ELC19861, 34) №ELC19862, 35) №ELC19863, 36) №ELC19864, 37) №ELC19865, 38) №ELC19866, 39) №ELC19867, 40) №ELC19868, 41) №ELC19869, 42) №ELC19870, 43) №ELC19871, 44) №ELC19872, 45) №ELC19873, 46) №ELC19874, 47) №ELC19875, 48) №ELC19876, 49) №ELC19877, 50) №ELC19878, 51) №ELC19879, 52) №ELC19880, 53) №ELC19881, 54) №ELC19882, 55) №ELC19883, 56) №ELC19884, 57) №ELC19885, 58) №ELC19886, 59) №ELC19887, 60) №ELC19888, 61) №ELC19889, 62) №ELC19890, 63) №ELC19891, 64) №ELC19892, 65) №ELC19893, 66) №ELC19894, 67) №ELC19895, 68) №ELC19896, 69) №ELC19897, 70) №ELC19898, 71) №ELC19899 და 72) №ELC19900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

4. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა 74 000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს,ზემოთ მითითებული სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 ბრძანებით საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №EL174634 და 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა

ფაქტების აღწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანმა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ("-------" , პასპორტის №"-------" ; "-------" , პასპორტის №"-------" ) წარმომადგენელმა 2019 წლის სხვადასხვა პერიოდში განხორციელა სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება, რომელთაც დეკლარირების ბოლო ვადადა განესაზღვრა 2019-2020 წლის შესაბამისი პერიოდები.

ვინაიდან მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანა ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტიში დეკლარირება, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ დარღვეულია დეკლარირების/გამოცხადების ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით თითოეული ოქმით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების/გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადების დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

11.01.2023 წელს მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული დავალიანება 71 818,29 ლარის ოდენობით, გაეცნო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, რომლებიც შედგენილია 29.11.2022 წელს დაუსწრებლად. სამართალდარღვევის ყველა ოქმი (სულ არის 73 ც). სამართალდარღვევის შინაარსია კონკრეტულ ავტომობილზე დეკლარირების/გამოცხადების ვადის დარღვევა. არცერთ აქტში არ არის გამოკვეთილი კონკრეტული დარღვევა.

სამართალდარღვევის ოქმები უსაფუძვლო და უკანონოა, რადგან ასეთი რაოდენობის ავტომობილი არ შემოუტანია და შეუძლებელი იყო ასეთი სანქციის გამოყენება. 5.02.2023 წელს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 1.01.2017 წლიდან 31.12.2022-ის ჩათვლით განხორციელებული საბაჟო პროცედურების და რეექსპორტის შესახებ. შესრულებული სასაქონლო ოპერაციების მიხედვით, 2018-2022 წლის განმავლობაში მომჩივნის სახელზე დაფიქსირებულია ავტომობილებთან დაკავშირებული 12 საბაჟო პროცედურა (ექსპორტი, რეექსპორტი, თავისუფალი მიმოქცევა).

73 ავტომობილი მომჩივნის სახელით არ არის შემოტანილი და ვალდებულება დეკლარირება/გამოცხადებასთან დაკავშირებით მასზე ვერ გავრცელდება. ის მხოლოდ 12 ავტომობილს ეხება, რაც განხორციელებულია. აქტებში მოხსენიებულ ავტომობილებთან მიმართებაში ვალდებულება არ არსებობს, შესაძლოა იყო მათი გადამზიდი/გადამყვანი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მისი მოვალეობა მხოლოდ ეს იყო. ასეთ შემთხვევაში სარგებლობს მესაკუთრის ან/და ავტომანქანაზე უფლებამოსილი პირისგან სანოტარო წესით გაცემული მინდობილობით, რა დროსაც ვალდებულება მხოლოდ ავტომობილის გამოყვანა და ტრანსპორტირებაა. ამის გათვალისწინებითაც, ფაქტის არ არსებობის გამო, სანქციები მომჩივნის მიმართ გამოყენებულია უკანონოდ. ამასთან ერთად მიაჩნია, რომ 2018-2019 წლების ოპერაციებთან დაკავშირებით გამოცემული აქტები არის ხანდაზმული.

სრულად არ არის გაცნობილი დოკუმენტებს ან სხვა სახის მასალას, რაც სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემას დაედო საფუძვლად. ელექტრონული სერვისით სარგებლობისას მომხმარებელი ინფორმაციას იღებს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესახებ (გარდა მოსაკრებლისა და აღნიშნული ჯარიმისა). ამის გათვალისწინებით სურვილი ჰქონდა მიეღო აღნიშნული მასალები, რის შემდეგაც შესაძლებელია საჩივრის დაზუსტება იყოს საჭირო. დამატებით დოკუმენტები/მასალები არ გადასცემია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აღიარებული დავალიანება 71 813,39 ლარის ოდენობით ჩამოეწეროს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 18.07.2022 წლის და 6.09.2022 წლის სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი.

გადაწყვეტილება უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო: საჩივარი ემყარებოდა იმას, რომ არ იყო სადავო აქტებით განხორციელებულ ოპერაციებზე ვალდებული პირი და 2018-19 წლების ოპერაციაზე 2022 წელს გამოცემული აქტები არის ხანდაზმული. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პასუხი არ არის გაცემული, ხოლო ვალდებულებასთან დაკავშირებით დასაბუთება ეფუძნება საბაჟო კოდექსის მე-14, ასევე 73-ე მუხლის პირველ ნაწილს.

ამავე კოდექსის „ო“ ქვეპუნქტით ვალდებული პირი - პირი რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება.

მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6, მე-14 და მე-15 მუხლებზე და განმარტავს,რომ განსახილველ შემთხვევაში ყველა საბაჟო პროცედურას ახორციელებდა სხვა პირთა სახელით და მათი დავალებით. ჰქონდა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მისი მარწმუნებლის/მიმნდობის სახელით და დავალებით ახორციელებდა ავტომობილის გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად სამართალდამრღვევად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 გადაწყვტილება უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმი და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული არაღიარებული დავალიანება 71 813,29 ლარის ოდენობით ჩამოეწეროს გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ 2018-2019 წლების ოპერაციებთან დაკავშირებით გამოცემული აქტები არის ხანდაზმული.

მომჩივნის არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საბაჟო საქმის წარმოება რეგულირდება საბაჟო კანონმდებლობით და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად კი, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

მომჩივანი18.07.2022 წლის №EL174634 და 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები ჩაიბარა ხელზე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენის დღეს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 9.02.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წლის 18 ივლისის №EL174634 და 6 სექტემბრის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები "------"-ს (პ/ნ "------" ) ჩაჰბარდა ოქმების შედგენის დღეს, რაც დასტურდება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შესაბამის გრაფებში არსებული ხელმოწერით. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ოქმების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ - 9.02.2023 წელს. სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 გადაწყვეტილება საჩივრის 18.07.2022 და 6.09.2022 წლის აქტების განუხილველად დატოვების ნაწილში, ასევე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული არაღიარებული დავალიანება 71 813,29 ლარის ოდენობით ჩამოეწეროს გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №"-----" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანს მის მიმართ შედგენილი 18.06.2022 წლის №EL174634 და 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები ჩაბარდა ხელზე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენის დღეს, რაც დასტურდება შესაბამის გრაფაში (ჩავიბარე ოქმი) ხელმოწერით. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 9.02.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 ბრძანება საბაჟო დეპარტამენტის 18.06.2022 წლის №EL174634 და 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუქტზე და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 გადაწყვტილება უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმი და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული არაღიარებული დავალიანება ჩამოეწეროს გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის საფუძველზე.

2.მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 გადაწყვეტილება საჩივრის 18.07.2022 და 6.09.2022 წლის აქტების განუხილველად დატოვების ნაწილში, ასევე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული არაღიარებული დავალიანება ჩამოეწეროს გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

2.მომჩივანმა 18.07.2022 წლის №EL174634 და 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები ჩაიბარა ხელზე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენის დღეს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 9.02.2023 წელს.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5048 ბრძანება საბაჟო დეპარტამენტის 18.06.2022 წლის №EL174634 და 6.09.2022 წლის №EL182460 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

14,71,163,165

საგ.კოდექსი 299(4,10),301